ეთიკა, ზნეობა და მორალური ჩარჩოები - ეს ძირითადი ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომლებიც ყოველდღიურ ზეგავლენას ახდენენ ადამიანთა ცხოვრების წესზე და განსაზღვრავენ ჩვენი ქმედებების გეზს, ამიტომ გასაკვირი არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები და ნებისმიერი სხვა, ვინც დაინტერესებულია ინდივიდის ქცევების შესწავლით და განსაკუთრებით იმ მექანიზმებით, რომლებიც მათ მიღმა დგას, ხშირად მსჯელობენ სხვადასხვა მორალურ დილემებზე და განიხილავენ ისეთ კომპლექსურ სიტუაციებს, საიდანაც გამოსავალი არც ისეთი სწორხაზოვანი და ერთგვაროვანია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. დასაკვირვებელი ობიექტები განსხვავებული ღირებულებების მატარებლები არიან, კონფლიქტურ მდგომარეობაში აღმოჩენილთ გადაწყვეტილების მიღებისას ამა თუ იმ მორალით უწევთ ხელმძღვანელობა. ფიქრის ეს პროცესი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვაქვს შანსი, დავაკვირდეთ, თუ როგორ მუშაობს ეთიკა არჩევანის გაკეთებისას, როგორი ხანგრძლივი და რთული პროცესია ეს და რამდენი განსხვავებული ამოხსნის გზა შეიძლება ჰქონდეს ერთსა და იმავე ამოცანას. ერთ-ერთი ასეთი კლასიკური დილემა, რომელიც ლოურენს კოლბერგმა გამოიყენა მორალური განვითარების სტადიების აღსაწერად არის ‘’ჰეინცის დილემა’’. ძირითადი შინაარსი ასეთია: ქალი სიკვდილის სარეცელზე იმყოფება, არსებობს ერთადერთი წამალი, რომელსაც შეუძლია ამ ქალის სიცოცხლის გადარჩენა და ეს წამალი ქალაქის ერთ-ერთი ექიმის კაბინეტში ინახება. ექიმი წამალს საკმაოდ ძვირად აფასებს, ავადმყოფის მეუღლე, ჰეინცი, ყველასგან სესხულობს ფულს, მაგრამ საკმარისს მაინც ვერ აგროვებს. ჰეინცი მიდის ექიმთან, უხსნის სიტუაციას და სთხოვს, მიჰყიდოს მას წამალი ნაკლებ ფასად, თუმცა ექიმი მას უარით ისტუმრებს. სასოწარკვეთილი ჰეინცი გადაწყვეტს, შეიჭრას ექიმის ლაბორატორიაში და მოიპაროს წამალი ცოლისთვის. უნდა შეიჭრას თუ არა ჰეინცი ლაბორატორიაში? და რატომ?
სანამ უშუალოდ ‘’კის’’ ან ‘’არას’’ ვიტყოდეთ, შევაფასოთ ეს დილემა სხვადასხვა ეთიკური მოძღვრების კუთხით. დაპირისპირებულთა ბანაკი რომ მოგვეწყო და ერთ მხარეს უტილირარისტები, მაგალითად, მილი და ბენტამი დაგვეყენებინა, ისინი ცალსახად გვიპასუხებდნენ, რომ მოქმედების ავ-კარგიანობა მისი შედეგით უნდა განვსაზღვროთ, თუ ჰეინცის მიერ ცოლის გადარჩენით მინიჭებული ბედნიერება გადაწონის იმ ზიანსა და უბედურებას, რასაც ექიმს ვაყენებთ მისი სახლის გაძარცვით, მაშ, რაღა უნდა დაუდგეს წინ ჰეინცის მიერ დასახულ მიზანს? მერე, რა მოხდა, თუ მან ერთ-ორი წესი დაარღვია, რა უფლება გვაქვს, მის საქციელს არასწორის იარლიყი მივაკრათ, მაშინ როცა ამას ჰეინცისა და მისი ცოლისთვის სარგებელი მოაქვს? ამ შეხედულებას აუცილებლად გააკრიტიკებდა მეორე მხარეს მდგარი იმანუელ კანტი და მისი დეონტოლოგიური პოზიცია. კანტი მიიჩნევდა, რომ ადამიანებმა, როგორც რაციონალურად მოაზროვნე და გონიერმა არსებებმა, განზე უნდა გადავდოთ პირადი ინტერესები და სწორისა და არასწორის მორალური გამართლება შედეგში კი არა, თვითონ აქტის შინაგან ბუნებაში უნდა ვეძებოთ. კანტიანური ხედვით, სწორია ყველაფერი ის, რაც შესაბამისობაში მოდის კატეგორიულ იმპერატივასთან. ეს ცნება გულისხმობს ვალდებულების, როგორც უზენაესის მორჩილებას, ‘’რომელიც მუდამ პირველობს ჩვენი ქმედობის მთელი ღირებულების შეფასებისას და წარმოადგენს ყოველივე დანარჩენის პრიობას’’. ვალდებულება დაცლილია სუბიექტური მისწრაფვებებისა და სურვილებისგან, ვმოქმედებთ არა საკუთარი გამორჩენისა და სარგებლისთვის, არამედ იმიტომ, რომ თავისთავად კარგი და სწორი განზრახვა გვაქვს. ეს არის უნივერსალური გზამკვლევი მორალის გზაზე ახალფეხადგმულთათვის. ‘’მხოლოდ იმ წესის მიხედვით იმოქმედე, რომელსაც, რომ შეგეძლოს, საყოველთაო წესად აქცევდი’’ - აი, რას იტყოდა კანტი და ვინაიდან არც ერთ ადამიანს არ ენდომებოდა, რომ მოტყუებული, მანიპულირებული ან გაძარცვული ყოფილიყო, გამომდინარეობს დეონტოლოგიის მთავარი პრინციპი, რომ მივყვეთ წინასწარ დადგენილ მორალურ პრინციპებს და არასდროს გადავუხვიოთ ამ ‘’შეთანხმებას’’, მიუხედავად სიტუაციისა, ან ჩვენი ქმედების მიზნისა. ცოლის გადარჩენა, მკვლელის მოტყუება თუ სხვა, არაფერი შეფასდება კეთილად, გარდა თვითონ კეთილი ნებისა. კეთილი ნება - ეს არის გონებისა და თავისუფალი ნების მოვალეობისა და მორალური წესების სამსახურში ჩაყენება, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. კანტის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებაა, რომ ადამიანი არ არის მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი საშუალება, არამედ სწორედ ადამიანია უმთავრესი ღირებულება და ყველა საწინააღმდეგო დებულება მიმართულია რაციონალურობის წინააღმდეგ. ამგვარად, ჰეინცის დილემაზე კანტის პასუხი აშკარა იქნებოდა, ის არ დაუშვებდა, ჰეინცს ექიმი ცოლის გადასარჩენად გამოეყენებინა. ძარცვა, როგორც ვალდებულების ღალატი, მისი უპატივცემულობა, გადაწონიდა ყველანაირ მიზანს.
კანტიანური ეთიკა, ვფიქრობ, მრავალმხრივ არაპრაქტიკული და მოუქნელია იმ თვალსაზრისით, რომ სრულად უგულვებელყოფილია სპეციფიური გარემოებები და ინდივიდუალური გამოცდილებები, რომელთა გარეშე მშრალი დასკვნის დადებაც მხოლოდ დამახინჯებულად და არასრულად ასახავს მთლიან სურათს და ვერც ობიექტური განსაზღვრებისთვის გამოდგება. მართალია, ადამიანებმა ერთმანეთთან კონტრაქტი დავდეთ, რომ ისევ ჩვენსავე სასიკეთოდ ერთმანეთს ზიანს არ მივაყენებთ, არ მოვკლავთ, არ მოვატყუებთ, თუმცა თითოეული შემთხვევა იმსახურებს ცალკე განხილვას, ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ ‘’დიდი’’ და ‘’მცირე’’ ბოროტება, რა შემთხვევაში ექნება ჩვენს არჩევანს უფრო მეტი ზიანი, რომელ მხარეს დააწვება ამ ზიანის ტვირთი უფრო მეტად და რა დევს სასწორის მეორე მხარეს? გარდა ამისა, მთელი კანტის მსჯელობა, რომელიც უნივერსალურ მორალურ კანონებს ეხება, თავიდანვე არასწორია, ვინაიდან არ არსებობს არავითარი საერთო ადამიანური ბუნება, ადამიანი არაა ზოგადი ცნების კერძო გამოვლინება, როგორც ჟან-პოლ სარტრი იტყოდა, ‘’არსება არ უსწრებს წინ არსებობას’’, შესაბამისად, ვერ იარსებებს ვერანაირი მორალური ფორმულა, რომელიც ყველა არსებისთვის წინასწარ იქნება მოცემული. თითოეული ჩვენგანი დაბადებიდან თავად ქმნის თავის არსებას, ირჩევს მორალს, რომელიც ყველაზე ახლოსაა მის პირად შეხედულებებთან. ვის აქვს კომპეტენცია ამტკიცოს, რომ ის, რაც მართებული და სასიკეთოა ჩემთვის, იგივენაირად იქნება სხვისთვისაც? როგორ შეიძლება, თვალი დავხუჭოთ მოსალოდნელ შედეგებზე და მხოლოდ იმაზე დაყრდნობით ვიხელმძღვანელოთ, რა მოდის უნივერსალურ ბუნებასთან შესაბამისობაში, როდესაც საერთოდ ეს ცნებაა ყალბი? გავიხსენებ სარტრისეულ მაგალითს მის მოსწავლეზე, რომელიც ომში წასვლასა და დედასთან შინ დარჩენას შორის მერყეობდა. შეგვეძლო კი, წინასწარ გვეთქვა, რომ ამ ბიჭს დედა უფრო უყვარდა, თუ ჯერ არ აირჩევდა ომზე უარის თქმას და დედასთან დარჩენას? ზუსტად იგივე პრინციპია სწორისა და არასწორის განსჯისასაც. ვერ ვიმსჯელებთ მანამ, სანამ უშუალო აქტი არ განხორციელდება და ამ კონკრეტული აქტის კონკრეტულ შედეგს არ გამოვიკვლევთ, რადგან წინასწარი პასუხი სამყაროში არ არსებობს. სწორედ ასეთი ხარვეზები და მისი მკაცრი ბუნების გამოა, რომ ხშირად დეონტოლოგიური ფილოსოფია ჩვენთვის შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს და კრიტიკაც დაიმსახუროს.
ამრიგად, განვიხილეთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ‘’ჰეინცის დილემა’’ დეონტოლოგიის, როგორც ნორმატიული ეთიკური თეორიის გადმოსახედიდან, ვიმსჯელეთ ამ დილემის კანტისეული პასუხის შესახებ და მოვიყვანეთ კონტრარგუმენტი საერთო მორალური კანონების წინააღმდეგ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.