ENG GEO

Search form

კანტისეული დეონტოლოგია აბორტის წინააღმდეგ

ღრმადრელიგიურ ოჯახში გაზრდილმა არარელიგიურმა კანტმა საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო მიზანი დაისახა: ადამიანის გონის პრიმატით ჩანაცვლება, რელიგიური ავტორიტეტებისა. ყოველი რელიგია ღირებულებების სისტემას რომ წარმოადგენს, ეს ნათელია, თუმცა გერმანელ ფილოსოფოსს სწამდა, რომ ადამიანის გაკეთილშობილება, სრულყოფილებამდე მიახლოება და მორალურ ღირებულებათა პოვნა არა მარტო რელიგიით, არამედ გონებითაც შეუძლია. დეონტოლოგიური ეთიკა საკუთარ თავში მოიცავს იმ პრინციპებსა და მორალს, რომლისაც კანტს სჯეროდა, სწორედ მის ნააზრევთანაა დაკავშირებული დეონტოლოგია, ეთიკური თეორია, რომელიც რელიგიური ავტორიტეტების გარეშე ადგენს, რა არის მორალური და რა ამორალური, სწორი და არასწორი.


ყველაზე რთული გადასაწყვეტი, ვფიქრობ, მორალური დილემებია. სხვადასხვა ეთიკური თეორიები გვთავაზობენ განსხვავებულ გზებს დილემის გადაწყვეტისას. დეონტოლოგია სულ რამდენიმე ძირითად პრინციპს ეფუძნება ნებისმიერი მორალური პრობლემის გადაწყვეტისას. ვფიქრობ, აბორტის საკითხის განხილვა დაეხმარება ნებისმიერს, უკეთ გაიაზროს კანტისეული ხედვა. ამასთან, აბორტი არ არის თემა, რომელზეც მსჯელობა შეიძლება მხოლოდ მეცნიერებაზე, კანონსა და რელიგიაზე დაყრდნობით, ეს საკითხი მორალურ დილემას წარმოადგენს, რომელიც დღემდე გადაუწყვეტავი რჩება. საინტერესოა ის, რომ აბორტის მოწინააღმდეგეთა არგუმენტებში შეინიშნება დეონტოლოგიური ხედვა. იმისათვის, რომ საკითხი უფრო ნათელი გახდეეს, ვფიქრობ, საჭიროა განვმარტო დეონტოლოგიის ძირითადი პრინციპები.


კანტისეული ნააზრევის ბირთვს წარმოადგენს კატეგორიული იმპერატივი, რომელიც გვეუბნება: მხოლოდ იმ წესის მიხედვით იმოქმედე, რომელსაც, რომ შეგეძლოს, საყოველთაო წესად აქცევდი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, არ მოექცე სხვებს ისე, როგორც თავად არ გინდა რომ მოგექცნენ. მორალურად სწორი ქმედება ისაა, რომელიც ამგვარ ,,უნივერსალურ“ სახეს იღებს. ეს მოსაზრებაა ამოსავალი წერტილი, აქედან გამომდინარეობს კანტის კიდევ ერთი ნააზრევი იმის შესახებ, რომ ადამიანი არასდროს არ უნდა იყოს საშუალება, ის უნდა აქციო მიზნად. სწორედ ამ არგუმენტებს იყენებენ ის ადამიანები თუ ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ მორალური კუთხით დაასაბუთონ აბორტის აკრძალვის საჭიროება. დავსვათ ამგვარი კითხვა: ფიქრობთ თუ არა, რომ ადამიანის გაძარცვა მისაღები მორალური ქმედებაა? დიდი ალბათობით იტყვით, რომ არა. მისაღებია თუ არა თქვენთვის იდეა, რომ დასაშვები იყოს პირადად თქვენი გაძარცვა? ამაზეც ალბათ არაა პასუხი. დეონტოლოგიური ხედვა გვეუბნება, რომ რომ ზემოთხსენებული მოცემულობების შერწყმის შედეგადაა ძარცვა მორალურად გაუმართლებელი ქმედება ნებისმიერ ვითარებაში. მსგავსი ფორმულირება შეგვიძლია აბორტსაც მოვარგოთ და საკითხი ამგვარად დავსვათ. პრობლემა დაახლოებით ამგვარად გაიჟღერებს: დასაშვებია თუ არა აბორტი? მეორე კითხვა: მისაღებია თუ არა ჩემთვის იდეა ახლა, ამ მომენტში, ვიყო მოკლული მაშინ, როცა ჯერ კიდევ არდაბადებულ ნაყოფს წარმოვადგენ? მეორე შეკითხვაზე პასუხი ადამიანთა უმეტესობისთვის არაა. თუ არ გინდა თავად იყო მოკლული, რატომ უშვებ იმგვარი ქმედების შესაძლებლობას, რომლის ,,წყალობითაც“ სხვა იქცევა მსხვერპლად? ეს ის შეკითხვაა, რომელსაც აბორტის მოწინააღმდეგენი სვამენ. საინტერესოა, რომ კონტრარგუმენტის სახით ამ მოსაზრებას შეგვიძია შემდეგი კითხვა დავუპირისპიროთ: ნაყოფად ყოფნის დროს, ჩვენ ვერავითარ ტკივილს ვერ ვგრძნობთ, შესაბამისად, არ აქვს არავითარი მნიშვნელობა მუცლად ყოფნისას მოგვკლავენ თუ არა. დეონტოლოგებს ამ კონტრარგუმენტის გაბაილება ძალუძთ. ისინი გიპასუხებდნენ, რომ ამგვარად ფორმულირებული შეკითხვა : ,,მოკლული რომ ვიყო, მანამ სანამ ნაყოფი ვარ, მისაღები იქნებოდა თუ არა ჩემთვის“, პრინციპულად არასწორია. დეონტოლოგი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ქმედება შევაფასოთ აწმყოს პოზიციიიდან. მაგალთისთვის, კანტისეული თეორიის მომხრე ადამიანი გიპასუხებდათ, რომ აბორტზე ამგვარი კითხვის დამსა იგივეა ,რაც თქვათ: ,,ძილის დროს რომ გაგძარცვონ, თქვენთვის, როგორც ჯერ კიდევ მძინარესთვის, მისაღები იქნებოდა თუ არა ძარცვა?“. საპირისპიროდ, შეკითხვა ამგვარად უნდა იყოს დასმული: ,,ახლა, აწმყოში, მისაღები იქნებოდა თუ არა შენი ძილში გაძარცვის ფაქტი?“. დეონტოლოგები ფიქრობენ, რომ აბორტზე არასწორად დასმული შეკითხვა უბრალოდ ირაციონალურია, მხოლოდ დემაგოგიას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, ქმედებები განვიხილოთ არა მიდგომით ,,რას იფიქრებდი/როგორ მოიქცეოდი“, არამედ აწმყოში სიტუაციის გაანალიზებით და ახლანდელ დროში, მტკიცებით ფორმაში აზროვნებით.


აბორტის მოწინააღმდეგეებს არგუმენტად ასევე მოჰყავთ კანტის შეხედულებები ვალდებულებებზე. ალბათ, ხშირად გსმენიათ მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნაყოფი ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი, რაციონალური, თავისუფალი ადამიანი. კანტის მოსაზრებების მომხრენი პასუხობენ, რომ კანტისათვის ნაყოფსაც კი ექნებოდა ერთგვარი მორალური დატვირთვა, ვინაიდან ფილოსოფოსს სჯეროდა, რომ ადამიანს, როგორც ცხოველს, აქვს ვალდებულება ,,გაავრცელოს“ სიყვარული და დაცულობის გრძნობა, იზრუნოს სხვებზე, განსაკუთრებით კი ბავშვზე. ქალის, როგორც ცხოველის ვალდებულებაა ერთგვარად უერთგულოს საკუთარ ბუნებას, რომელიც მოიცავს შემდეგი თაობის დატოვებას. თუ ამგვარად ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, ნაყოფი თავისთავად წარმოადგენს მორალურ ღირებულებას და ,ამასთან, ჩნდება ვალდებულება, ის დაიცვა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კანტისეულ ნააზრევში ადამიანი არა საშუალებას, არამედ მიზანს უნდა წარმოადგენდეს, შესაბამისად, ნაყოფიც მიზანი უნდა იყოს. ქალი ვალდებულია, უერთგულოს საკუთარ ბუნებას. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, ძალიან იშვიათ შემთხვევაში, აბორტი მისაღები იქნებოდა კანტისეული თეორიისთვის, ვინაიდან, ფილოსოფოსი ფიქრობდა, რომ მიუხედევად ჩვენი ვალდებულებებისა, როგორც ცხოველების, სხვა ადამიანების მიმართ, ყოველი ქმედება არ უნდა იყოს ნაკარნახევი მხოლოდ ჩვენი ,,ცხოველური ბუნებით“. მგონია, რომ აბორტი, რომელიც იცავს ქალის სიცოცხლეს, გამართლებული იქნებოდა. მაგალითისთვის, როცა ქალს ფიზიკურად არ შეუძლია შვილის გაჩენა და ეს მის სიცოცხლეს საფრთხეში ჩააგდებს.


აბორტის მოწინააღმდეგეთა მოსაზრებები გაჯერებულია რელიგიური არგუმენტებით. დასაწყისში ვთქვი, რომ კანტი შეეცადა რელიგიური ავტორიტეტების ჩანაცვლებას ადამიანის გონის პრიმატით. კონკრეტულად აბორტზე საუბრისას, თეოლოგიური არგუმენტები მიუღებელია მრავალი ადამიანისთვის. ის, რომ აბორტზე მსჯელობისას ადამიანები ცდილობენ რაციონალურად გადაწყვიტონ საკითხი, არა ღვთიურ მორალზე დაყრდნობით, არამედ გონებასა და წესრიგზე დაფუძნებული მორალური სისტემით, ვფიქრობ, არის კანტის მიზნის აღსრულების ერთ-ერთი ნიშანი. დეონტოლოგიური ხედვები სერიოზულ არგუმენტს წარმოადგენს არა მარტო აბორტზე მსჯელობისას, არამედ ზოგადად, ნებისმიერი მორალური დილემის გადაწყვეტისას.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.