ENG GEO

Search form

"გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად"

კარგად დაფიქრდით და გადაწყვიტეთ, რას მიიჩნევთ უფრო ღირებულად, ცოდნას თუ გამოცდილებას? თუ სამსახურის შოვნა გიცდიათ, ალბათ ხშირად მოგისმენიათ ფრაზები: „გამოცდილება გააქვთ?“; „გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად“, „მინიმუმ 2 წელი გამოცდილება აუცილებელია“ და ა.შ. მაგრამ, რას ნიშნავს რეალურად „გამოცდილება“ და რამხელა მნიშვნელობა შეიძლება მივანიჭოთ მას?

პირველ რიგში, ცოტა ხანს თავი დავანებოთ სამუშაო გამოცდილებას და დავფიქრდეთ, რა არის „გამოცდილება“ თავისთავად და რა სარგებელი შეუძლია მოგვიტანოს? ჯერ კიდევ დაახლოებით სამი საუკუნის წინ, იმანუელ კანტმა დაწერა, რომ ყველაზე დიდი, რაც გამოცდილებას შეუძლია მოგვცეს, ესაა სუბიექტური და არა ობიექტური აუცილებლობა. მან გააკრიტიკა უტილიტარიზმი, რომელსაც სურდა დაეფუძნებინა ზნეობა ცდისეული გზით და თქვა, რომ გამოცდილებით შეიძლება დაადგინოთ ადამიანთა მოქმედების მაიძულებელი ფაქტორები, მაგრამ ვერ დავადგენთ, თუ როგორ უნდა ემოქმედათ მათ. შესაბამისად, ვერც ერთი ისეთი დებულება, რომელსაც საყოველთაო და აუცილებელი მნიშვნელობა გააჩნია, ვერ დაეფუძნება გამოცდილებას, რომელიც  მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობაა.

ჩემი აზრით, კანტის ეს მოსაზრება სავსებით ლოგიკურია. მეტიც, გამოცდილებები, რაღაც თვალსაზრისით, დამაზიანებელიც კი არის იმიტომ, რომ ისინი გვზღუდავენ და მოქმედებისგან თავის შეკავებას გვაიძულებენ. წარსულში მიღებული რაიმე ტრამვა ან ნეგატიური შედეგი, რომელიც ჩვენს რაღაც გადაწყვეტილებას ან ქმედებას მოჰყვა, შიშს გვინერგავს და ხელს გვიშლის ისევ ცდაში. ბავშვობაში გითხრეს, რომ საშინელი მხატვარი ხარ და ამის შემდეგ აღარასდროს აგიღია ხელში ფანქარი? ცუდი გამოცდილება გქონდა ურთიერთობაში და შესაძლო ტკივილის შიშით მეორედ აღარ სცადე? თუ ასეა, უნდა გითხრა, რომ შეცდი. ძალიანაც რომ გინდოდეთ, ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეცურავთ, რადგან ცხოვრება მიდის, იცვლება და ის, რომ ერთხელ არ გაგიმართლათ, არ ნიშნავს, რომ მუდამ ასე იქნება. ვგულისხმობ, რომ წარსულ გამოცდილებებს არ უნდა მივცეთ უფლება ჩვენი მომავალი განსაზღვროს და გვაიძულოს რაღაც არ ვცადოთ ან არ გავაკეთოთ იმიტომ, რომ ერთხელ ამან ცუდი შედეგი მოგვიტანა. ჟან პოლ სარტრიმ თქვა, რომ წარსულის მუდმივი გახსენება და მისი განდიდება, არსებობიდან შვებულების აღებაა (vacation from existence). ჩემი აზრით, ეს მხოლოდ წარსულის იმ მოგონებებზე არ შეიძლება ითქვას, რომლებიც კარგად გვახსოვს და რომლებითაც ვამაყოფთ. არამედ იმათზეც, რომლებმაც დაგვაფრთხეს და შეგვზღუდეს მოქმედებისგან. რა არის არსებობა, ცხოვრება, თუ არა მუდმივი მოძრაობა და განხორციელება? ე.ი. ჩვენს არსებობას საფრთხეს უქმნის გამოცდილებები, რომლებიც გვაიძულებენ საკუთარი თავი ერთ ადგილას გავყინოთ და მცდელობა შევწყვიტოთ.

მაგრამ მაინც, რას გვაძლევს პირადი გამოცდილება? ნებისმიერი ქმედებიდან ან თავს გადახდენილი ამბიდან, არ შეგვიძლია იმაზე მეტის მიღება, ვიდრე უბრალოდ მოგონებად ქცეული ეს ქმედებაა. მთლად რაციონალური ვერ იქნება შედეგების განზოგადება და აპრიორულ ჭეშმარიტებებად მიღება. ჩემი აზრით, შედეგები, რომლებიც რაიმე ქმედებას ახლავს გარემოებებზეა დამოკიდებული და არა თავად ქმედების ბუნებაზე ან განზრახვაზე. ამიტომ, მაგალითად, თუ მე ჩავიდინე, რაღაც, რამაც სიამოვნება მომანიჭა ან გარკვეული ბენეფიტები მომიტანა, არ ნიშნავს, რომ ეს რაღაც თავისთავად კარგია და მუდამ ასეთი შედეგი ექნება. სხვა სიტყვებით, შეუძლებელია, ცდაზე ზოგადი პრინციპის, წესების ან რაიმე ორიენტირის დამყარება. ის ერთჯერადია, თვითამოწურვადი, რადგან სამყარო ცვალებადია, ისევე, როგორც გარემოებები. ნებისმიერი ქმედების შედეგები კი გარემოებებზეა დამოკიდებული. გარემოებები, თავის მხრივ, ვერ გეტყვიან, რა არის სწორი და რა არა. ვერ გასწავლიან, რომელ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცე. შესაბამისად, მცდელობა მხოლოდ მცდელობაა და შედეგი მხოლოდ შედეგი. მათ არ გააჩნიათ თვითღირებულება. ჩემი აზრით, ნებისმიერი ქმედების რაგვარობას განაპირობებს ის შინაგანი განწყობა, რომელმაც ეს ქმედება გამოიწვია. ხოლო მცდელობა ან მიღებული შედეგი ამ შინაგან განწყობაზე ვერაფერს გვეტყვის. შესაბამისად, გამოცდილებაზე ვერ დავაშენებთ რაიმე ზოგად განსაზღვრებას ამა თუ იმ ქმედებისა. ვერ ვიტყვით, რომ რაღაც თავისთავად ცუდი ან ამორალურია, რადგან ერთხელ, ორჯერ ან ასჯერ ცუდი შედეგი მოიტანა. სხვა სიტყვებით, შედეგები რაიმე X დამოკიდებული ცვლადებია, რომლებიც რაღაც Y დამოუკიდებელ ცვლადებზე - გარემოებებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელსაც რაიმე X შედეგი მოჰყვება აუცილებლად განსაზღვრულია გარემოებებით, ამიტომ X_ის ვერც ერთი მნიშვნელობა ვერ იქნება თავისთავადად ჭეშმარიტი.

თუ გამოცდილებები არა, მაშინ რა არის უფრო მნიშვნელოვანი, რასაც შეგვიძლია დავეყრდნოთ, მორალი, ზნეობა და სხვა ზოგადი პრინციპები დავაშენოთ? ჩემი აზრით, ასეთი არის ცოდნა. თუმცა, არა დიპლომით ან რაიმე სხვა ქაღალდით დადასტურებული აკადემიური განათლება, არამედ „სუბიექტურად ობიექტური“ ცოდნა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ზოგადი კანონი, მორალური, ეთიკური თუ ზნეობრივი, ნებისმიერი რამ რის მიხედვითაც გადაწყვეტილებას მიიღებთ, დაცლილი უნდა იყოს ყოველგვარი ემპირიული შედეგებისგან თუ წარსული გამოცდილებებისგან. შესაბამისად,ის უნდა იყოს ობიექტური. თუმცა, ამავე დროს, არც ერთი ზნეობრივი კანონი არ უნდა ემყარებოდეს სხვისგან ნაკარნახევ, აპრიორულ ჭეშმარიტებებს, არამედ უნდა იყოს თქვენი პირადი განსჯის შედეგი. ერთი სიტყვით, ყველა ადამიანმა უნდა იმოქმედოს საკუთარი სუბიექტური ეთიკის მიხედვით, ოღონდ არა ისეთის, რომელიც მაქსიმალური სიამოვნებების მომტანი იქნება მისთვის ან მისი პირადი გამოცდილებებით იქნება განპირობებული, არამედ მხოლოდ საღი გონებით განსჯის შედეგი. და ამ მხრივ, ჩემი აზრით, კანტი საუკეთესო არჩევანს გვთავაზობს: მოიქეცი ისე, რომ შენი ქმედების წესი იქცეს საყოველთაო კანონად.

ახლა კი, დაპირებულ სამუშაო გამოცდილების მნიშვნელობას დავუბრუნდეთ. აქ საქმე მარტივადაა. რა თქმა უნდა, ამ სახის გამოცდილება მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ის დასწავლის, სპეციალიზების საშუალებაა და მეტი არაფერი. მაგრამ, ასეთი სახის გამოცდილებაც კი შეუძლებელია წინასწარი ცოდნის მიღების გარეშე. მხოლოდ მოქმედებათა დაუსრულებელი გამეორებით „სპეციალისტი“ ხომ ვერ გახდები, თუ წინასწარი ცოდნა არ გაქვს, რომელიც ამ ქმედებას განაპირობებს და გონება, რომელიც მის განხორციელებას უზრუნველყოფს. სხვა სიტყვებით, ისეთ მარტივ რამესაც კი, როგორიცაა „სამუშაო გამოცდილება“ ბაზისად საღი გონება და შესაბამისი ცოდნა სჭირდება. გამოდის საწყისიც ეს არის, ხოლო გამოცდილება სხვა არაფერია თუ პრაქტიკა, რომელსაც არანაირი თვითღირებულება არ აქვს.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.