ENG GEO

Search form

დეონტოლოგია vs ინდივიდუალიზმი

 

 

დეონტოლოგიის ფილოსოფია ქადაგებს, რომ ადამიანის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა განისაზღვროს არა ამ ქმედების თანხმლები მოვლენებისა თუ შედეგის მიხედვით, არამედ იმისა, თუ რამდენად ემორჩილება და ეთანხმება ქმედება წინასწარგანსაზღვრულ მორალურ კოდექსს. ფილოსოფიისთვის არ აქვს მნიშვნელობას არც განზრახვას და არც შედეგად მიღებულ ვითარებას, ქმედების მორალურობა ფასდება მკაცრად იმის მიხედვით, თუ რამდენად ემორჩილება ის საზოგადად დაწესებულ წესებსა და კანონებს. ერთი შეხედვით, დეონტოლოგია საკმაოდ ინტუიციურ იდეას გვთავაზობს: სავარაუდოდ, როდესაც ფილოსოფიის „მორალური წესდება“ იქმნება ფართო სურათისა და მასების ინტერესების გათვალისწინებით, ის უნდა ქადაგებდეს იმდენად მარტივ და ყველაზე მორგებულ იდეებს, რომ მათი აღსრულებისას მე ზიანი არ მომადგება. თუმცა, ჩემი აზრით, დეონტოლოგიის უდიდესი ნაკლი მდგომარეობს მის ფიქსირებულობასა და სტატიკურობაში, მკაცრსა და უმოძრაო ჩარჩოებში ჩაკეტილ წესთა ჩამონათვალში, რის გამოც ის სამარეს უთხრის ინდივიდუალიზმს, არჩევნის გაკეთებისა და შეცდომის დაშვების უფლებას. 

დეონტოლოგია ფილოსოფიურ სისტემას წარმოადგენს, რომელიც ამ დროისთვის უბრალოდ ქმედების მორალურობის განმსაზღვრელ იდეებს გვთავაზობს, მაგრამ თუ წარმოვიდგენთ სამყაროს, რომელშიც ეს მკაცრ, მიზეზ-შედეგობრივ სისტემას წარმოადგენს, რომლის პირობებშიც გათვალისწინებულ მორალურ კოდექსს დაუმორჩილებლობას მოჰყვება შესაბამისი შედეგი და დასჯა - ამგვარ რეალობაში არსებობა გაუსაძლისი იქნებოდა. ასეთ სამყაროში ადამიანი კიდევ უფრო განსაზღვრულია არა მხოლოდ კონტქსტუალური ფაქტორებით, როგორებიც სქესი, რასა, კულტურაა, არამედ მკაცრად განსაზღვრულია მისი ქმედება და ვიღებთ ერთგვაროვან, იდენტურ საზოგადოებას, რომელშიც არ არსებობს არჩევანი. სწორედ არჩევნის გაკეთებისას ნათელი ხდება ის, რომ თითეული ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება, ამორჩევისას ვფიქრობთ იმაზე, თუ რომელია ჩვენთვის უკეთესი, რომელი მოგვანიჭებს უფრო გრძელვადიან სიხარულსა თუ სარგებელს. თუმცა დეონტოლოგიისთვის არ არსებობს მოვლენების სუბიექტური აღქმა, ინდივიდუალური ბედნიერებისთვის სწრაფვა ან ინდივიდების განმასხვავებელი არჩევანი, რადგანაც ის ადამიანს განიხილავს როგორც ფიქსირებულ, დროსა და სივრცეში უცვლელ ობიექტს. უნივერსალური და მარადიული მორალური წესდების შემუშავებისას შეუძლებელია თითოეული ინდივიდის განმასხვავებელი ნიშან-თვისების გათვალისწინება და მასზე მორგება, შედეგად კი ამგვარი განზოგადებისას იკარგება ადამიანის კონტექსტი და ის წარმოგვიდგება როგორც ერთგვაროვანი და ციკლური არსება, რომელიც დროის ცვლილების მიუხედავად რჩება ზუსტად ისეთი, როგორც რამდენიმე ათასწლეულის წინ იყო. რეალობა კი ასეთი არ არის: ადამიანი არ წარმოადგენს დროსა და სივრცეში გაყინულ ობიექტს, არამედ მისი მორალური და ეთიკური ღირებულებები იცვლება დროისა და ადგილმდებარეობის ცვალებადობასთან ერთად. შესაძლოა, იმიტომ არ ითვალისწინებს დეონტოლოგია სუბიექტურობასა და ინდვიდუალიზმს, რომ სწორედ ერთგვაროვან, იდენტურ საზოგადოებაში ბევრად უფრო ეფექტური და უპრობლემო იქნება უნივერსალური მორალური კოდექსის აღსრულება, რადგან ასეთ სამყაროში არ იქნება დაუმორჩილებლობისა და თითოეული პიროვნების ინტერესების გათვალისწინების პრობლემა. 

საინტერესოა ის, თუ ვინ უნდა შეიმუშავოს დეონტოლოგიისთვის დასაყრდენი მორალური კოდექსი, წესდება, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოს თითოეულმა ჩვენგანმა? აღსანიშნავია, რომ არა რაიმე ღვთაებრივმა ან ზებუნებრივმა არსებამ, არამედ - ადამიანმა. მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ადამიანის უმთავრესი განმსაზღვრელი თვისება უნდა იყოს მორალურობა, რომლის საფუძველი უმთავრესად რაციონალურობაა. სწორედ ამ რაციონალიზმზე დაყრდნობით, ერთმა ადამიანმა უნდა შეხედოს მთელ არსებულ სურათს და მაქსიმალური ინფორმირებულობით უნდა შეიმუშავოს მასებზე მორგებული სახელმძღვანელო წესთა კრებული, რომელიც ქმედების მორალურობის შემფასებელი იქნება. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ ადამიანი არ არის სრულად რაციონალური და ლოგიკური არსება, ძალიან რთულია სუბიექტურობა სრულად გამორიცხო ამ შეუძლებელი პროცესიდან მაშინ, როდესაც თითოეული ადამიანი დაბადებიდანვე მნიშვნელოვნად განსაზღვრულ არსებას წარმოადგენს, თუნდაც მხოლოდ კულტურული, სქესობრივი, ეთნიკური ან რასობრივი ფაქტორების გამო. ადამიანი არ არის სტატიკური არსება, მაგრამ მასში დასაწყისიდანვე არსებობს რაღაც ფიქსირებული, რისი შეცვლაც შეუძლებელია. მაშინ, როგორ უნდა გაითვალისწინოს ერთმა ადამიანმა სხვა ყველა პიროვნების ისეთი განმასხვავებელი ფაქტორები, რომლის შესახებ მას არასდროს ექნება სრული ინფორმაცია, რადგანაც თუ ამგვარი კონკრეტული ნიშნით არ დაიბადე, მისი გამოცდა შეუძლებელი იქნება. 

დეონტოლოგიისთვის უმნიშვნელოა ინდივიდუალურობა და განმასხვავებელი ნიშან-თვისებები, რადგან ადამიანს არ შეუძლია შეუმუშავოს იმგვარი კანონები, რომლებიც თითოეულ რადიკალურად განსხვავებულ ადამიანს დააყენებს თანაბარი შესაძლებლობების წინაშე და თავიდან აარიდებს უთანასწორობას, როდესაც ფილოსოფიის საძირკველშია უნივერსალურობისა და განზოგადების წესები.  



 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.