ENG GEO

Search form

იმანუელ კანტი - N1 ადამიანი კაცობრიობის გასანადგურებლად?

2025 წელია. მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაცია კუბის კრიზისის გაზვიადებულ ვერსიას წააგავს, ზესახელმწიფოები ერთმანეთთან ვეღარ ამყარებენ კომუნიკაციას, ერთმანეთის ნდობა დაკარგული აქვთ, იქმნება შეთქმულებები და ისადგურებს მძიმე პოლიტიკური ატმოსფერო. კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის მოლოდინშია, თუმცა ყველამ იცის, რომ ეს ომი წინამორბედებისგან განსხვავებით დაწყებისას დასრულდება, ამ ომში არავინ გაიმარჯვებს, ადამიანთა მოდგმა კი გადაშენდება, დედამიწაზე მორიგი დიდი გამყინვარება დაიწყება ბირთვული ზამთრის სახით. მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოთა ლიდერების აკანკალებული თითები ბირთვული იარაღების გამააქტიურებელ წითელ ღილაკზე დასაჭერად არის მომზადებული. ისინი ელოდებიან ნიშანს, რომელიც აუწყებს მათ, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო, ერთ-ერთმა ქვეყანამ გააქტიურა გამანადგურებელი იარაღი, რომელიც მათკენ მოემართება. მტრის ამოქმედების შემთხვევაში მათ ექნებათ მოქმედების ორი ვარიანტი: ან შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, დააჭერენ ბირთვიული იარაღის გამააქტიურებელ ღილაკს და გამანადგურებელ ძალას მოწინააღმდეგისკენ მიმართავენ, რაც ქვეყნების მოსახლეობას სრულად მოსპობს, ან დადებულ ფიცსა და მოვალეობას დაარღვევენ და შეიწყალებენ მტრის უდანაშაულო მოსახლეობას. ერთი შეხედვით, სამართლიანი და ეთიკური ადამიანი არ დააჭერდა ღილაკს ხელს, თუმცა იმანუელ კანტისთვის ღილაკის გააქტიურება მორალურად და ეთიკურად გამართლებულია და სწორედ ამგვარადაც უნდა მოიქცეს გონიერი ადამიანი - უნდა შეასრულოს დადებული პირობა, დაკისრებული მოვალეობა.. თუმცა ნამდვილად ასე მარტივადაა საქმე? იქნებოდა კანტი ერთადერთი ადამიანი, რომელიც წითელ ღილაკს ყოყმანის გარეშე დააჭერდა?

იმანუელ კანტის მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე ფიქრისთვის ჯერ მოკლედ უნდა ვთქვა ფუნდამენტურად რა არის მისთვის სამართლიანი და ეთიკურად გამართლებული, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი.  კანტის ფილოსოფიის მიხედვით ყველა ადამიანი ვალდებულია მიჰყვეს კატეგორიულ იმპერატივებს და იმოქმედოს მისი გათვალისწინებით. სამართლიანია ისეთი წესი, ქმედება რომელიც შეიძლება იქცეს საყოველთაოდ, უნივერსალურად. სამართლიანი ვერ იქნება ქურდობა ნებისმიერი მიზეზის გამო, თუნდაც ამან უამრავი სიკეთე მოიტანოს, რადგან ამ ქმედების უნივერსალურად გადაქცევით, სადაც ყველა იპარავს, ისადგურებს ქაოსი, საკუთრების იდეა ქრება. ასევე უსამართლობაა ტყუილი, შენ არ შეგიძლია მოიტყუო, მიუხედავად იმისა, რომ ამით შეიძლება ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინო, რადგან თუ ამ შემთხვევაში ტყუილი სამართლიანია, უნივერსალურადაც ყველასთვის მიღებული, დადებითი ქმედება უნდა იყოს მოტყუება. რომ შევამოკლოდ და ნაცნობ სიტყვებად ვაქციოთ კანტი ამბობს, ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა გაგიკეთონ შენ..

დავუბრუნდეთ 2025 წელს. იმანუელ კანტი ჩვენს წარმოსახვით სამყაროში მესამე მსოფლიო ომში ჩართული ზესახელმწიფოს ლიდერია. მას აქვს თავისი მოქალაქეების წინაშე დადებული პირობა, რომ თავის მოვალეობას, როგორც ქვეყნის მთავარსარდალი, პატიოსნად და უპირობოდ შეასრულებდა. განგაშის სიგნალის გაგონებისას კანტი დილემის წინაშე აღმოჩნდება, ის ან აჭერს ღილაკს, რითიც იქცევა სამართლიანად, რადგან დადებულ პირობას არ არღვევს და არ იტყუება, თუმცა უგულებელყოფს კატეგორიულ იმპერატივს იმ ასპექტით, რომ უამრავ სიცოცხლეს ანადგურებს. ალტერნატივაც ანალოგიურად არღვევს კანტისეულ ეთიკას - ღილაკზე არ დაჭერით გადაარჩენს სიცოცხლეს, თუმცა საკუთარ მოსახლეობას ატყუებს, რაც დაუშვებელია. ამ ორი ვარიანტიდან კანტი, ჩემი აზრით, დიდი ალბათობით აირჩევდა პირველ ვარიანტს, რადგან ღილაკზე არდაჭერა სრულიად უგულებელყოფს კანტისეულ იდეებს, წინამორბედი კი ნახევრად მაინც ასრულებს ეთიკურ მოთხოვნილებებს.

და რატომ არის იმანუელ კანტი საუკეთესო არჩევანი კაცობრიობის გასანადგურებლად? მის მაგივრად სხვა ადამიანი მიდრეკილი იქნებოდა წითელ ღილაკზე არ დაჭერისკენ, რადგან ადამიანთა უმეტესობის ეთიკა იზიარებს უტილიტარიზმის ეთიკას, სადაც მიზანი ამართლებს საშუალებას, მათ ურჩევნიათ გადაარჩინონ რაღაც სიცოცხლე მაინც, როდესაც ალტერნატივა კაცობრიობის განადგურებაა, კანტის ეთიკისთვის კი სასწორზე შედეგსა და მიზანზე მეტად საშუალება, შედეგამდე განვლილი გზა, მისი სამართლიანობა უფრო მნიშვნელოვანია. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ადამიანია, რომელიც ბირთვულ იარაღს ააქტიურებს არა შიშით ან შურისძიების სურვილით, არამედ აუღელვებლად, ცივი გონებით.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.