ENG GEO

Search form

ინდივიდის ტრაგედია “ბედნიერ” საზოგადოებაში

საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც კეთილშობილური მიზნის მისაღწევად მისთვის ჩადენილი ნებისმიერი ქმედება მართებულად და კეთილშობილურადაც კი ჩაითვლება. ამ მოსაზრებას აღწერს და განმარტავს ეთიკური თეორია უტილიტარიანიზმზე. იგი აღწერს ყველა ქმედების გამოყენებად ფასეულობას და არც ერთ მათგანს არ უკარგავს მნიშვნელობას. სახელიც სწორედ აქედან გამომდინარეობს. იგი მოიცავს ქმედების და მიზნის შერწყმასა და შეთავსებას. ამის საპირწონედ არსებობს მრავალი აზრი და მეც ოლდოს ჰაქსლის წიგნის, “Brave new world”, მაგალითზე მინდა განვიხილო უტილიტარიანიზმის მიერ შექმნილი დილემა. ისტორია ვითარდება როგორც მწერლის მიერ, ასევე თვით ამ საზოგადოების წევრების დახმარებით ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებაში. ჰაქსლის წამოყენებული აქვს დიდი ეთიკური დილემა, რომელიც უტილიტარიანული ჭრილიდან დანახვის შემდეგ სახეს იცვლის და საკმაოდ საინტერესო შედეგს გვაძლევს. როგორც უტილიტარიანიზმი, ასევე “Brave new world” არ ცდილობს აღმოაჩინოს ქმედების მიზეზები, არამედ ისწრაფის მისი შედეგების მიხედვით მისსავე გამართლებისკენ. სწორედ ამიტომ, წიგნი იდეოლოგიურად იყოფა ორ ნაწილად: ქმედებად და შედეგად.

წიგნში აღწერილი საზოგადოების მთავარი ქმედება არის ბუნებრივ პროცესებში ხელოვნური ჩარევა. ეს ქმედება საკმაოდ ბევრის მომცველია, ამიტომ იგი იყოფა რამდენიმე საფეხურად, რომელიც საბოლოოდ ემსახურება იდილური საზოგადოების შექმნას. პირველი საფეხური არის ადამიანის ჩანასახების ინკუბატორში გაზრდა სხვადასხვა არაბუნებრივი მეთოდების გამოყენებით. თითოეული ჩანასახი მიეკუთვნება გარკვეულ ჯგუფს, რომელიც დროის განმავლობაში მათ კლასს განსაზღვრავს. ყოველ ჯგუფს განსხვავებული ქიმიკატებით ამუშავებენ, რათა მათში გარკვეული თვისებები დათრგუნონ ან პირიქით, განავითარონ. ეს არის ერთ-ერთი ქმედება, რომელიც ადამიანის ბუნებრივი განვითარების პირველ საფეხურზევე მის ბუნებით მინიჭებულ თავისუფელბას არღვევს. თუმცა, ჰაქსლი აგრძელებს ამ “ნატიფი” საზოგადოების აღწერას და მიზნისკენ სვლას, რისი შემდეგი ნაწილიც “გამოჩეკილი” ბავშვების აღზრდას ეხება.
უკვე კასტებში განაწილებული ახალგაზრდობა რადიკალურად განსხვავებულ პირობებში აღიზრდება კვლავ ხელოვნური მეთოდების გამოყენებით. მომავალი დაბალი ფენის წარმომადგენლებს ნაკლებს და უარეს საჭმელს აჭმევენ ვიდრე მდიდარი ფენისთვის გამიზნულ ახალშობილებს. მათი მორაული დათრგუნვის მიზნით, საზოგადოების ბალანსის შესანარჩუნებლად დაბალი ფენისთვის განკუთვნილი ბავშვები ძილის განმავლობაში გამუდმებით ისმენენ ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც ისინი ვერაფერს მიაღწევენ მათთვის განკუთვნილი ცხოვრების მიღმა და ა.შ. მომწიფებისთანავე ისინი საბოლოოდ უერთდებიან თავიანთი კლასის წარმომადგენლებს და ხელოვნურად ინარჩუნებენ საზოგადოებრივ “ბედნიერ” ბალანსს.
ბუნებრივია, თქვენც და მეც დაგვაინტერესებს ასეთი სისტემის ლეგიტიმურობა და პოლიტიკური გადატრიალების საშიშროების რეალური საფრთხის არსებობის ალბათობა. ოლდოს ჰაქსლიმ ამ შესაძლებლობაზეც იფიქრა და სწორედ ამიტომ, აქამდე ჩადენილი ქმედებებით ამ საზოგადოების მშენებლობა არ დაამთავრა. იმ საფუძველს, რომელიც ასეთმა კლასობრივმა დაყოფამ ჩაუყარა ამ ასზოგადოებას, ჰაქსლიმ ზედ დაამატა კვლავ ხელოვნურად გამოწვეული ეიფორიული მდგომარეობა, რომელიც ხელს უშლიდა ხალხს რეალობის გააზრებაში. ეს ეიფორია წიგნში ნარკოტიკი “სომას” სახით არის წარმოჩენილი, რომელის მიღების შემდეგ ინდივიდს ეთრგუნება კრიტიკული აზროვნების უნარი და უმწეოს ხდის საზოგადოებრივი სტატუს კვოს შენარჩუნების მიზნით. ასეთ საზოგადოებას, ოლდოს ჰაქსლი “ბედნიერად” წარმოაჩენს. ეს პირდაპირ უკავშირდება უტილიტარიანულ ეთიკურ დილემას, რადგან ნათლად ჩანს ასეთი იდილიური სიტუაციის მისაღებად რამდენი ამორალური ქმედების ჩადენა არის საჭირო. თუმცა ამორალურობა სუბიექტურია, ამიტომ ოდნავ ღრმად უნდა შევტოპოთ ამ მოთხრობის მაგალითში, რათა დავინახოთ ქმედებების არაკეთილშობილური სახე.
ისმის კითხვა, რომლის საპასუხოდაც ჰაქსლი მშვენიერ საშუალებას წარმოგვიჩენს მოთხრობაშივე: “აქვს თუ არა საზოგადოების ხელოვნურად შექმნილ ბედნიერებას გამართლება მისი ინდივიდუალური წევრის ტრაგედიის ფონზე?” პასუხისთვის საჭირო ელემენტი კი არის ბერნარდი, კლასობრივად აღრეული პერსონაჟი, რომელსაც არც საკუთარი და არც სხვა კლასი არ იღებს სრულად. უკან რომ დავუბრუნდეთ ბავშვებიშ შექმნის პროცესს, ბერნარდის შემთხვევაში დავინახავთ, რომ მისი ზრდისას ვიღაცამ შემთხვევით ზედმეტი ქიმიკატი შეუყვანა ორგანიზმში, რამაც დათრგუნა მისი კლასის მიერ განსაზღვრული სტანდარტული ზრდის ნორმატიული შესაძლებლობა. ამიტომ იგი მეტ-ნაკლებად დაგვაჯული, მაგრამ ბევრად უფრო ჭკვიანი დაიბადა ვიდრე უნდა ყოფილიყო. კასტული დილემის წინაშე აღმოჩენილმა ბერნარდმა გადაწყვიტა ეიფორიული სომას არ მიღება. მწერალი გვაჩვენებს მის ტანჯვას მთელი წიგნის განმავლობაში. მას საკუთარი ფენა არაფრად აგდებს გარეგნული ნიშან-თვისებების გამო, ხოლო მას არავინ იღებს ქვედა კლასებიდან კარგი სამსახურის და ჭკუის გამო. ბერნარდის საზოგადოებრივი ტანჯვის მაგალითზე ჩანს, თუ რამდენად ნეგატიური გავლენა შიეძლება იქონიოს იმ არაბუნებრივმა ქმედებებმა, რომლის საუძველზეცაა ეს საზოგადოება აშენებული. იმის გამო რომ სომას გარეშე ბერნარდი ვერ ეზიარება იმ კეთილშობილურ შედეგს, რომელიც ჩაფიქრებულია ამ საზოგადოებისთვის, მისი გადმოსახედიდან ეს ხელოვნური ქმედებები მის მიმართ პიროვნულ დანაშაულებად შეიძლება ჩაითვალოს. თუ საზოგადოებაზე გადმოვიტანთ ამ ცნებას, მაშინ დეკლარირებული მიზნის გარეშე ეს ქმედებები არის დანაშაულებივი. ხოლო, ამ დანაშაულებრივი ქმედებებით მიღწეული მიზანი დროებით მიიღწევა. ესეც აღწერილია მოთხრობაში, როდესაც, ბერნარდის სახით, ამ იდილიურ სახლმწიფოს საფრთხე ექმნება ერთი დაზიანებული დეტალის გამო და როგორ ცდილობს ის ბერნარდის მოშორებას. თუ არსებობს ისეთი საზოგადოება სადაც ყველა ბედნიერია, მაშინ ლოგიკურად მასში არ უნდა არსებობდეს არანაირი დეტალი რომელსაც აქვს გაფუჭების შესაძლებლობა. საწინააღმდეგო შემთხვევაში ეს საზოგადოება არი არის ბედნიერი და მიზნის მისაღწევად გაღებული ყველა ქმედებაც ვერ მართლდება, რადგან მისი შენარჩუნება შეუძლებელი ხდება დროის განმავლობაში.
აქედან გამომდინარე, კეთილშობილური მიზნის მისაღწევად, მისკენ მიმავალი ქმედებებიც კეთილშობილური უნდა იყოს. უტილიტარიანიზმის მიხედვით კი ეს ასე არ არის. მაშასადამე უტილიტარიანიზმი შეიძლება არ იყოს ისეთი დოქტრინა, რომელიც ნებისმიერ ქმედებას მოუძებნის გამართლებას, რადგან მცირეოდენი შეცდომის დაშვებითაც კი, შედეგი კარგავს თავის კეთილშობილობას. მართალია, ისეთი სიტუაციის შექმნამ, სადაც უმეტესობა ბედნიერია, შეიძლება გაამართლოს შედეგისთვის გაღებული ნებისმიერი საქციელი, მაგრამ, ჩემი აზრით, უტილიტარიანისტული გამართლება ვერ შეძლებს ასეთი ფინალური ნაყოფის საბოლოო აყვავებას, რადგან კეთილშობილური მიზნის შესანარჩუნებლად აუცილებელია ამავე მიზნისგან დამოუკიდებლად გაწეული ყველა ქმედებაც კეთილშობილური იყოს.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.