მორალურ წესებს, იმას თუ რა არის სწორი და რა არასწორი კაცობრიობის ისტორიის საკმაოდ ვრცელ პერიოდში განსაზღვრავდა რელიგია, რელიგიური ცნებები თუ კანონები. ფაქტობრივად, ადამიანთათვის შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობიანი თანაცხოვრება, რომ არ არსებულიყო მკაცრად დადგენილი ნორმები, რადგან დავუბრუნდებოდით თავდაპირველ ‘ყველა ყველას წინააღმდეგ’ მდგომარეობას, რომელსაც ჰობსი აღგვიწერს. ჩვენი ცნობიერის განვითარების გარკვეულ ეტაპზე კი აღარ გვაკმაყოფილებს ირაციონალური ახსნა კონკრეტული ქმედებების სისწორისა თუ მიუღებლობის და ვიწყებთ კონკრეტული, მკაფიო შეკითხვების დასმას მათ წინააღმდეგ. რატომ უნდა განისაზღვრებოდეს კონკრეტული ქმედება მიღებულად, ხოლო სხვა მიუღებლად, ვინ ან რა ადგენს ამ კანონებს ან რის საფუძველზე.
რაციონალური მოაზროვნეები არ ეთანხმებიან დებულებას, რომ ადამიანთა მორალური კოდი ეფუძნება რაღაც მეტაფიზიკურს, ზებუნებრივს, ან თუნდაც თომა აქვინელის თეორიას, რომლის მიხედვით მართალია მორალი ადამიანიდან მომდინარეობს, მაგრამ ამას ხსნის იმ გარემოებით, რომ ღმერთმა სამყარო შექმნა გარკვეული მორალური კანონების მიხედვით და ადამიანს მისცა საშუალება გაერჩია კეთილი და ბოროტი, ესეიგი ჰქონოდათ მორალი და შეეცნოთ ბუნებრივი კანონი. აქვინელი ერთგვარ ღმერთის ნებად წარმოგვიჩენს ჩვენში მორალის არსებობას.
მე-18 საუკუნეში უკვე მკაფიოდ ხდება მორალის და რელიგიის გამიჯვნა და რელიგიის როლს რაციონალური განსჯდა ითავსებს. ემანუელ კანტი მორალის ახსნას და განმარტებას იწყებს არა მეტაფიზიკური მიზეზებითა და ახსნებით, რომლებიც სხვა და სხვა მრწამსის ადამიანთათვის განსხვავებულია, არამედ, ფაქტობრივად, მათემატიკური სიზუსტით. კანტი მორალს უნივერსალურად მიიჩნევდა და სწორედ ამიტომაც უწოდა მას კატეგორიული იმპერატივი. მისი აზრით, ჩვენ არ შეგვიძლია უარვყოთ ეს წესები ჩვენი სურვილისამებრ და ვალდებულნი ვართ მუდმივად მივყვეთ და შევასრულოთ. კატეგორიული იმპერატივი გახლავთ, კანტის მიხედვით, ჩვენი მორალური ვალდებულება და მას სჯეროდა, რომ ეს წესები მიღებულია არა შემთხვევით, კონკრეტული ადამიანის ინტერესებიდან, არამედ უნივერსალური კეთილდღეობისთის.
სწორედ მორალი აკავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან და არ არის საჭირო რელიგია იმისთვის, რომ განვსაზღვროთ კონკრეტული წესები, რადან რა არის სწორი და რა არასწორი ისედაც შეგვიძლია საკუთარი ინტელექტითა და განსჯით გამოვიყვანოთ და მივაგნოთ. აქ კი ისმის კითხვა- და მაინც, რას თვლიდა კანტი უნივერსალურად სწორ და არასწორ ქმედებებად და როგორ მივიდა ამ დასკვნებამდე.
კანტი აყალიბებს კატეგორიული იმპერატივის ოთხ ფორმულირებას. მაგალითად, უნივერსალიზაციის პრიციპი, რომელიც გულისხმობს შემდეგს- პიროვნებამ ყოველი ქმედების ჩადენამდე უნდა გაიაზროს, თუ რა პრინციპზე დგას ეს ქმედება და დასვას შეკითხვა - ყველა თუ იდენტურად მოიქცევა, მივიღებთ თუ არა წინააღმდეგობას.
მაგალითად, თუ მე გადავწყვეტ, რომ ვიქურდო უნდა უნივერსალურად ვაქციო ეს ქმედება და ვთქვა, რომ ყველას შეუძლია იქურდოს, რაც საბოლოოდ წინააღმდეგობამდე მიგვიყვანს, რადგან ამ შემთხვევაში არავინ დარჩება მოგებული და მივალთ ქაოსის მდგომარეობამდე. არ გვაქვს უფლება დავუშვათ გამონაკლისი მხოლოდ ჩვენი თავისთვის და უნივერსალიზაციის პრინციპით მარტივად შეგვიძლია განსხვაზღვროთ არის თუ არა კონკრეტული ქმედება სწორი თუ არასწორი.
კანტის მიხედვით, კატეგორიული იმპერატივი მიგვიყვანს მორალურ ჭეშმარიტებასთან, რომელიც უნივერსალური და დასაბუთებული იქნება ყველა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანისთვის და სწორის და არასწორის განსამარტავად აღარ იქნება საჭირო რაიმე მეტაფიზიკური, ღვთაებრივი ახსნის მოძებნა. ვეთანხმებით თუ არა კანტს, გვჯერა თუ არა საერთოდ მორალის არსებობის ან გვსურს თუ არა რელიგიის მორჩილება ეს თითოეული ადამიანის სუბიექტური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ერთი რამ შეიძლება ნამდვილად ჩაითვალოს ცხადად- ადამიანებმა იმისთვის, რომ შევძლოთ თანამშრომლობა, თანაცხოვრება და განვითარება, საჭიროა დავუწესოთ საკუთარ თავს გარკვეული შეზღუდვები, რომლიდანაც, საბოლოოდ, სარებელს ისევ ჩვენ მივიღებთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.