დეონტოლოგიური ეთიკის თანახმად, ქმედების სისწორე განისაზღვრება იმით, თუ რამდენად შეესაბამება იგი იმ მორალური ნორმების ერთობლიობას, რომლებსაც იმპერატიული ხასიათი აქვს. დეონტოლოგიის მთავარი ორიენტირი მიზეზები და მოვალეობებია და მიზნებს, შედეგებსა და სურვილებს არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება. დეონტოლოგიური ეთიკის ცენტრალურ კონცეპტს კანტის კატეგორიული იმპერატივი წარმოადგენს. კანტმა შექმნა კანონები, ერთგვარი ფორმულები, რომლებიც ქმედების მორალურობის განსაზღვრის გზას გვთავაზობენ. კატეგორიული იმპერატივი ადამიანებს მოუწოდებს, იმოქმედონ იმ წესის შესაბამისად, რომელსაც, რომ შეეძლოთ, საყოველთაო წესად აქცევდნენ და თითოეული პიროვნება, საკუთარი თავის ჩათვლით, აღიქვან მიზნად და არა მხოლოდ საშუალებად.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, დეონტოლოგიური ეთიკისთვის მთავარი მოვალეობებია. წესი, „ყველამ უნდა შეასრულოს საკუთარი მოვალეობა“, კატეგორიული იმპერატივის პრინციპს საყოველთაო წესად ქცევის შესახებ თავისუფლად აკმაყოფილებს. შესაბამისად, ორი აზრი არ არსებობს იმაში, რომ საკუთარი მოვალეობის შესრულება მორალურად სწორი ქმედებაა.
თუმცა არის კი ეს ყველაფერი ყოველთვის ასეთი მარტივი და ცალსახა? რა ხდება მაშინ, როცა მოვალეობა ოჯახისა და სამსახურის მიმართ ერთმანეთს უპირისპირდება? ან რა შედეგით სრულდება პიროვნული და პროფესიული მორალის კოლიზია? როგორ განვსაზღვროთ, ჩამოთვლილთაგან რომელი მოვალეობის შესრულება ჩაითვლება მორალურად სწორად?
ვფიქრობ, დასახული დილემების გადასაწყვეტად საჭიროა განვსაზღვროთ მოტივი. ჩემი აზრით, ამ კითხვებზე პასუხი იმალება იმ მოტივში, რა მოტივითაც ადამიანი განსაზღვრულ გადაწყვეტილებამდე მიდის და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე კონკრეტულ ქმედებას ახორციელებს. არ არსებობს საყოველთაო კანონი იმის შესახებ, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულება მორალურად ყოველთვის უფრო სწორია, ვიდრე ოჯახის მიმართ მოვალეობის ან, პირიქით. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში „საზომად“ სწორედ მოტივი უნდა ავიღოთ, რათა განვსაზღვროთ ის, თუ რამდენად გულწრფელია ადამიანი ამა თუ იმ მოვალეობის შესრულებისას და რამდენადაა მისი ქმედება მოვალეობით ნაკარნახევი. იმ პიროვნების გადაწყვეტილება, რომლის გულწრფელ მოტივს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულება წარმოადგენს, აუცილებლად იქნება მორალურად სწორი, მიუხედავად იმისა, თუ რა არჩევანს გააკეთებს ის. აქ მთავარი მისი მოტივია. მოტივი, რომ ამოიცნოს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობა და სწორედ ამ მოვალეობის კარნახით იმოქმედოს.
ერთმანეთთან დაპირისპირებული მოვალეობებისა და მორალის ერთ-ერთ საუკეთესო ილუსტრაციას ფილმი „ეშმაკის ადვოკატი“ წარმოადგენს. ადვოკატის პიროვნული და პროფესიული მორალი ფილმის დასაწყისშივე უპირისპირდება ერთმანეთს. კევინმა იცის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სკოლის მასწავლებელი, რომელსაც არასრულწლოვანი გოგონას სექსუალურ შევიწროვებაში ედება ბრალი, დამნაშავეა და სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მის მიმართ აშკარა ზიზღს გრძნობს. საბოლოოდ, დაპირისპირებაში პროფესიული მორალი იმარჯვებს, რაც კევინის მიერ საქმის მოგებით სრულდება. ცხადია, რთულია იმის თქმა, რომელი უნდა ყოფილიყო კევინისთვის უპირატესი - პიროვნული თუ პროფესიული მორალი. ამიტომ, ალბათ, უმჯობესია, ისევ მოტივს დავაკვირდეთ. ლომაქსის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია არა პროფესიული მოვალეობის გულწრფელმა შეგრძნებამ, არამედ მეგობრის დამცინავმა რეპლიკამ. კევინმა გადაწყვეტილება - დაეცვა მოძალადე, მიიღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანეს. გამომდინარე აქედან, მისი მოტივატორი იყო არა კეთილი ნება, ემოქმედა მორალურად სწორად, არამედ პირადი ინტერესი და საკუთარი ეგოს დაკმაყოფილების სურვილი. ის ქმედება კი, რომელსაც ეს უკანასკნელი ეფუძნება, ვერანაირად ვერ ჩაითვლება მორალურად სწორად.
საინტერესოა ლომაქსისა და მისი ცოლის, მერიენის, დამოკიდებულება, რაც ოჯახისა და სამსახურის მიმართ მოვალეობების დაპირისპირების ნათელი მაგალითია. გახმაურებული საქმის მოგების შემდეგ კევინი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ იურიდიულ ფირმაში იწყებს მუშაობას. სწორედ ამ დროიდან ჩნდება ბზარი კევინისა და მეირენის ურთიერთობაში. მერიენი უცხოდ გრძნობს თავს ახალ გარემოში, მარტო ყოფნა მასზე ცუდ გავლენას ახდენს, რის გამოც მასში თავს იჩენს ფსიქიკური პრობლემები. კევინი ამას ხედავს, თუმცა იმდენად არის გადართული საქმეზე, რომ ცოლის დასახმარებლად არაფერს აკეთებს. აქაც რთულია განსაზღვრა, რა შემთხვევაში ჩაითვლება კევინი მორალურად კარგ ადამიანად - მაშინ, როცა მოვალეობას შეასრულებს სამსახურის მიმართ თუ ოჯახის მიმართ? საყურადღებოა ის, რომ კევინს ამ შემთხვევაში აქვს შანსი, თავისი უფროსის, ჯონ მილტონის, შეთავაზება გამოიყენოს, საქმეზე მუშაობა შეეწყვიტოს და დრო ცოლს დაუთმოს. თუმცა კევინი ამ რჩევას მაშინვე უარყოფს მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, ერთი მოვალეობის შესრულება მეორისთვის ზიანის მიყენების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ იგი სამსახურებრივი მოვალეობისგან დროებით გაათავისუფლეს, გამარჯვების სურვილით დაბრმავებულს მაინც არ სურს, საკუთარი უახლოესი ადამიანის გადასარჩენად რაიმე იღონოს. ამ შემთხვევაში კი იგი მოქმედებს არა მოვალეობის, არამედ საკუთარი უზარმაზარი ეგოს, პირადი ინტერესების კარნახით.
და მაინც სად გადის ზღვარი ოჯახისა და სამსახურის მიმართ მოვალეობებს, პიროვნულ და პროფესიულ მორალს შორის? ვფიქრობ, ამ არც თუ ისე მკაფიო ზღვარს მოტივი წარმოადგენს. მოტივი, რომელიც დაგვანახებს, რას და რატომ აკეთებს ადამიანი და განსაზღვრავს, მართლაც არის თუ არა მისი მამოძრავებელი მოვალეობა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.