საინტერესოა, როდის არ ვცდებით, როცა ამა თუ იმ გადაწყვეტილებას ჩვენი არჩევანის ნაყოფს ვუწოდებთ, თუმცა ამ საკითხზე ფიქრის დამოუკიდებლად დაწყება მარტივი საქმე არ უნდა იყოს, ამიტომ, შეზღუდული მოტივაციის პირობებში კარგი იქნებოდა ვიღაცას ჩვენთვის არჩევანის ჭეშმარიტი კრიტერიუმების დადგენა მოენდომებინა. მაგალითად არისტოტელეს. რატომაც არა. ნიქომაკეს ეთიკაში ეს საკითხი ხომ დეტალურად არის მოწესრიგებული, თუმცა ეს რა თქმა უნდა For a particular purposes. არავინ გამორიცხავს, რომ ვიღაცამ კი არა რაღაცამ შეიძლება გვიბიძგოს შემეცნებისკენ, მაგალითად, ჩვენ მიერ ,,არჩეულმა’’ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც იმდენად უვარგისი აღმოჩნდა, რომ დანაშაულის შეგრძნება და რაღაც მსგავსი ეჭვი გაგვიჩინა გონებაში - ,,ნუთუ მართლა ვექვემდებარებოდი იმ საბედისწერო დღეს აზროვნებასა და განსჯას?’’.
აზროვნება და განსჯა. ეს უკვე არისტოტელეს გავლენებია, რადგან ორი უმთავრესი კრიტერიუმი, რომლითაც არჩევანის ნამდვილობას ვაფასებთ სწორედ აზროვნება და განსჯა გახლავთ, თუმცა ამაზე მოგვიანებით. მინდა რომ არისტოტელეს მიერ შემოთავაზებული კრიტერიუმები თანმიმდევრულად ჩამოგითვალოთ.
,,არჩევანი უნდა იყოს ნებაყოფლობითი რამ...’’ გვეუბნება არისტოტელე. ,,ნებაყოფლობითს’’ კი უწოდებს ისეთ ქმედებას, რომლის საწყისი მიზეზი თვით მოქმედ სუბიექტშია და რომელმაც იცის მოქმედების ყველა წვრილმანი. თუმცა ეს ცნება და ამ კრიტერიუმის, არსებობა ბევრს არაფერს არ გვეუბნება, რადგან თავად ნებაყოფლობითობაც უნდა იყოს კონკრეტულად რაღაცგვარი რომ მისით არჩევანის დახასიათება შეგვეძლოს.
ნებაყოფლობითობა ორგვარია - წინასწარ განზრახვული და წინასწარ განუზრახველი. ჩვენ კი არჩევანის დასახასიათებლად პირველი სახის ანუ წინასწარ განზრახვული ნებაყოფლობითობა გვჭირდება და თუ რატომ, ამას ადვილად გავიგებთ იმაზე ხაზგასმით თუ რასთან აკავშირებს არისტოტელე წინასწარ განუზრახველ ქმედებას - ,,ჩვენი აზრით წინასწარ განუზრახველი ქმედება გამოწვეულია ან უცოდინარობით, ან იძულებით’’, არჩევანი კი როგორც აზროვნებისა და განსჯის ნაყოფი შეიძლება კი ეფუძნებოდეს რომელიმე მათგანს?
გონიერება და განსჯა ზედმეტია იქ, სადაც იძულებას აქვს ადგილი. მაგალითად, როდესაც ძლიერი ქარი, სივრცეში გადაგვაადგილებს გონიერება და განსჯა სრულიად გამოუსადეგარია, რაც ანალოგიურად ვრცელდება სხვა ნებისმიერი სახის იძულებაზეც.
იგივე ითქმის მეორე მახასიათებელზეც. როდესაც ადამიანი რაიმეს უცოდინარობაზე დაყრდნობით აკეთებს მოქმედების პროცესში არ არის უკმაყოფილო აქედან გამომდინარე თითქოს იქ, სადაც საკუთარ ქმედებაში ეჭვის შეტანის საჭიროება არ ჩნება , არ ჩნდება არც გონიერებისა და განსჯის უნარის მოხმობის საჭიროება. ეს არისტოტელეს აზრია, რაც ჩემთვის მეტ ნაკლებად არის გასაგები. კერძოდ, არ მესმის რატომ არის გამორიცხული, რომ უცოდინარობაზე დაყრდნობით მოქმედებისას ადამიანი იქნებ უკმაყოფილო იყოს?! მე შესაძლოა ვიაზრებდე იმას, რომ გარკვეულ საკითხში ცოდნა არ გამაჩნია და გადაწყვეტილების მიღებისას ეს დიდ დისკომფორტს მიქმნიდეს. მაგალითად, ის ფაქტი, რომ პროფესიის არჩევისას არ ვიცით თუ რომელი ფაკულტეტია ჩვენთვის ყველაზე შესაფერისი ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ მე გადაწყვეტილების მიღებისას უკმაყოფილო არ ვარ.
დავუჯეროთ არისტოტელეს და დავუშვათ, რომ არჩევანის ნამდვილობისთვის უმთავრესია ნებაყოფლობითობის, ოღონდ წინასწარ განზრახვული ნებაყოფლობითობის არსებობა. ახლა შეგვიძლია სხვა პრობლემურ საკითხებიც გადავჭრათ, რომლებიც არჩევანის ჩვენებური განმარტებისგან კიდევ ბევრ ელემენტს ამოაკლებს. ამისთვის დავსვათ შეკითხვა, რამდენად შეიძლება უცაბედი მოქმედება იყოს ჩვენი არჩევანის ნაყოფი? სხვაგვარად რომ ვთქვათ რამდენად შეიძლება უცაბედი მოქმედება იყოს როგორც ნებაყოფლობითი ასევე წინასწარ განზრახვულიც?!
არისტოტელეს პასუხი ამაზე ცალსახაა. იგი უცაბედ მოქმედებას უწოდებს ნებაყოფლობითს მაგრამ არა წინასწარ განზრახვულს. იგივეს ამბობს თავშეუკავებლობასა და ძლიერ ვნებაზეც. ამიტომ, თუ კი რომელიმე მათგანი გვიბიძგებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაკენ ვერ ვიტყვით რომ ეს ნაბიჯები ჩვენი არჩევანის ანუ ჩვენი გონივრული განსჯისა და შეფასების საგანს წარმოადგენდა.
იგივე ითქმის ჩვენს სურვილებზეც. შესაძლოა, გვსურდეს წარმატებული კარიერა, საზოგადოების სრულფასოვანი წევრობა, მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო ან სულაც ცხელი შოკოლადი ზამთრის ცივ დილას თუმცა, არასწორი იქნება თუ კი ვიტყვით, რომ ეს ჩვენი არჩევანია რამე თუ ისინი ,,ეხება უშუალოდ მიზანს არა თუ მიზნის განხორციელებას.’’
საბოლოო ჯამში არისტოტელეს ფორმულა არჩევანის დადგენისთვის შემდეგ სახელმძღვანელო წესებს გვთავაზობს: 1. ქმედება უნდა იყოს ნებაყოფლობითი, 2. ნებაყოფლობითობა უნდა იყოს წინასწარ განზრახვული. რაც შეეხება ელემენტებს, რომელიც აშკარად არ ესადაგება არჩევანის არსს, მრავალია. მაგალითად, ვნება და ძლიერი სურვილი, რომელთაგან თოთოეული მაინც დასახელებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მივიღეთ, რაც იმას ნიშნავს რომ დამოუკიდებლადაც შეგვიძლია ზოგიერთი ჩვევა ან ზოგიერთი ქმედება არჩევანის არსს ჩამოვაშოროთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.