ბუნებითი სამართლის იდეა და კონცეფცია დამყარებულია იმაზე, რომ მსოფლიო იმართება ბუნებითი კანონების საშუალებით, რომლებიც აღმოჩენადია ადამიანის გონის მიერ. სწორედ აქ იღებს სათავეს ბუნებითი უფლებებიც, რომლებიც წარმოადგენს ადამიანის განუყოფელ, თანდაყოლილ უფლებებს. ბუნებითი სამართლისა და ბუნებითი უფლებების შესახებ მრავალ ცნობილ ფილოსოფოსს აქვს ნამსჯელი, მაგალითად, თომას აკვინელს, თომას ჰობსს, ჯონ ლოკსა და მათ შორის ისეთ ანტიკურ ფილოსოფოსსაც კი, როგორიცაა არისტოტელე. ბუნებითი სამართლის ფუნდამენტსა და წყაროს ზოგი ღმერთს, ნაწილი - ბუნებას (მორალს) ან ადამიანსვე აწერს, თუმცა მთავარი, რაც საჭიროა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ ბუნებითი უფლებების უნიკალურობას წარმოადგენს მათი უნივერსალურობა, დამოუკიდებელი არსებობა ნებისმიერი კულტურისა თუ სახელმწიფოს ჩვეულებებისა და კანონებისგან. ეს გულისხმობს იმას, რომ ბუნებითი უფლებები აერთიანებს ყოველ ადამიანს განურჩევლად წარმოშობისა, რაზეც მისი დასახელებაც მიუთითებს, ვინაიდან ის მოიცავს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორებიცაა, მაგალითად, სიცოცხლისა და საკუთრების უფლებები, ასევე ისეთი უფლებებს, რომლებსაც აბსულუტურს ვუწოდებთ (მონობის, წამების აკრძალვა და სხვა). შესაბამისად, შეუძლებელია ადამიანების მიერ შექმნილი კანონმდებლობით (positive law) მოცემული უფლებების წართმევა მათი განუყოფლობისა და თანდოყოლილობის გამო, თუმცა შესაძლებელია ხელყოფა და დარღვევა.
როგორც უკვე ვახსენე, ბუნებითი უფლებები დამოუკიდებელია ქვეყნის კანონმდებლობისგან, რომელიც იქმნება ადამიანების მიერ (positive law), მეტიც, სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოები, მაგალითად, დასავლურ საზოგადოებებში და მათ შორის საქართველოშიც, აქეთ ცდილობენ სწორედ აღნიშნული უფლებები ასახონ საკუთარ კანონმდებლობაში და ასევე უზრუნველყონ ისინი. აქ იკვეთება ბუნებითი სამართლის მოძღვრება, კერძოდ, ადამიანის გონის მიერ მისი აღმოჩენადობა. ზოგი უფრო სიღრმისეულად წვდება მის არსს, ზოგი კი ნაკლებად. ფაქტი ერთია, რომ კანონმდებლობის ფუძეს წარმოადგენს ბუნებითი უფლებები, რომელთა კანონში აღბეჭვდასაც საზოგადოება მაქსიმალურად ცდილობს. შედეგად, აღნიშნულზეა აგებული შესაბამისი მომწესრიგებელი ნორმებიც.
კანონმდებლობაში გვხვდება ნორმები და უფლებები, რომლებიც ატარებს ნეგატიურ ანდა პოზიტიურ ხასიათს. კანონის ხსენებისას თითქოს პირველად თავში მოგვდის მისი შემზღუდველი ხასიათი, თუმცა სწორედ მასშია ჩაბეჭდილი ნეგატიური ასპექტი, ანუ ადამიანის უფლება, რომ დაცული იყოს სხვისი ზემოქმედების შედეგად უფლების დარღვევისგან, რასაც გააჩნია დაცვის ფუნქცია. ამ შემთხვევაში მოიაზრება უფლების დაცვა არა მხოლოდ სხვა პირებისგან, არამედ თვით სახელმწიფოსგანაც, რაც ამ უკანასკნელისთვის შემბოჭველ ხასიათს ატარებს. გარდა ნეგატიური უფლებებისა, არსებობს პოზიტიური უფლებებიც, კერძოდ, რომლებიც სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ ყველანაირად ხელი შეუწყოს ინდივიდს, მაქსიმალურად განახორციელოს საკუთარი უფლებები, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ თავისუფლების ფარგლები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლების სფერო. მაგალითისთვის, ინდივიდის სიცოცხლის უფლება, ერთი მხრივ, კანონმდებლობის მეშვეობით ეს სიკეთე დაცულია სახელმწიფოსა თუ სხვა პირის მიერ ხელყოფისგან (ნეგატიური უფლება), ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია საჭირო ღონისძიებები თუ ზომები მიიღოს ამ უფლების უზრუნველსაყოფად (პოზიტიური უფლება), რაც მოიცავს სისხლისსამართლებრივი ნორმებისა და შესაბამისი საგამოძიებო პროცედურების (სისხლისსამართლებრივი დევნის) ინსტიტუტის არსებობას, ასევე ჯანდაცვას, სოციალურ დახმარებას, რათა შესაძლებელი იყოს ჯანმრთელობისა და, შესაბამისად, სიცოცხლისთვის საჭირო რესურსებით მომარაგება (საკვები, წყალი, თავშესაფარი, სამოსი და სხვა).
აქედან გამომდინარე, სწორედ პოზიტიური და ნეგატიური უფლებების ერთობლიობა და თავისუფლების საზღვრები, რომლებიც გამოიხატება კანონმდებლობის მიერ დაწესებული შეზღუდვებით, იძლევა საშუალებას (გარანტიას) ყოველი ინდივიდისთვის, რომ მაქსიმალურად, ინტერესთა თანაბარი გათვალისწინების საფუძველზე, განახორციელოს საკუთარი ბუნებითი უფლებები. ჩემი აზრით, ყოველგვარი შეზღუდვის არსებობის გარეშე თავისუფლება თანაბრად არ გადანაწილდებოდა თითოეულ ინდივიდზე და, შესაბამისად, დაისადგურებდა ბუნებითი მდგომარეობა, ქაოტური შეუზღუდავი თავისუფლება, რომელიც არასტაბილური იქნებოდა და თავისუფლების კუმულაციას მოახდენდა გარდამავალ ერთეულ ინდივიდებზე. შესაბამისად, საჭიროა კანონმდებლობა გარკვეულწილად ბოჭავდეს თითოეულ ადამიანს ისევ თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, რათა ყველამ ინდივიდუალურად ისარგებლოს მაქსიმალური თავისუფლებით და სწორედ ამიტომ გვევლინება იგი ამის გარანტად.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.