ENG GEO

Search form

კანონი, როგორც თავისუფლების შეზღუდვის საუკეთესო ბერკეტი

თავდაპირველად დავიწყებ საუბარს იმით, თუ რას ნიშნავს კანონი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანონპროქეტი რომ შემდგომში კანონად იქცეს და ასევე რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ვისაუბრებ, თუ რამდენად ეფექტური ბერკეტია კანონი ადამიანთა თავისუფლების შესაზღუდად.

კანონი, ეს არის სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული აქტი, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ცხოვრების ცალკეულ სფეროებს. თანამედროვეობაში არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომლებსაც კანონი უნდა აკმაყოფილებდეს, ესენია : განჭვრეტადობა, საჯაროობა, თანასწორობა და რაციონალურობა, იმ შემთხვევაში თუ კანონი აკმაყოფილებს ზემოთხსენებულ კრიტერიუმებს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მართლაც მიმართულია ადამიანთა უფლებების და თავისულების დასაცავად, მაგრამ დღევანდელობაში ვფიქრობ, ძალიან საკამათოა იმის თქმა, რომ კანონები, რომლებიც ბოლო დროს იქნა მიღებული აკმაყოფილებს ზემოხსენებულ სტანდარტებს. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ინგლისელი ფილოსოფოსი ჯონ სტუარტ მილი ამბობდა: ,, ადამიანები მიხვდნენ, რომ მტაცებელთა მეფეს ფარაზე ნადირობის არანაკლები მიდრეკილება ექნებოდა, ვიდრე სხვა წვრილფეხა მტაცებლებს, ამიტომაც საჭირო იყო მისი ნისკარტისა და ბრჭყალებისაგან თავის დასაცავად მუდმივი სიფხიზლე“. როგორ შეგვიძლია გავიგოთ მილის ეს სიტყვები და რა კავშირი აქვს მას დღევანდელ რეალობასთან ? ფაქტია, რომ ძალაუფლება, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, ხალხისგან არის ბოძებული, იმ მიზნით, რომ დაცული იყოს საზოგადოების თითოეული წევრის უფლებები და ინტერესები, მაგრამ თუკი სახელმწიფო თავადვე იძულების მექანიზმით ჩაგრავს და თავისუფლებას უზღუდავს ხალხს, რისთვისაც იყენებს კანონს, რომელიც საზოგადოების უმეტესობის აზრით, არც რაციონალურია, არც თანასწორი და არც საჯარო განხილვის შედეგად მიღებული, რა ბერკეტი გააჩნია საზოგადოებას, რომ აღკვეთოს ასეთი შემთხვევები და მაქსიმალურად გამოიყენოს ის თავისუფლებები, რაც მათ მინიჭებული აქვთ დაბადებიდან ?!  ცნობილმა გერმანელმა ფილოსოფოსმა კარლ იასპერსმა თქვა: ,, ჩემი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები“, მაგრამ რა უნდა ვქნათ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი უფლებები იზღუდება იქ, სადაც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ინტერესებთან ?! ვფიქრობ, აღნიშნული პრობლემა ძალიან აქტუალურია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადამიანს, გარდა გარკვეული ნიშნით პრივილეგირებული ადამიანებისა, ეკრძალება გადაადგილება 9 საათის შემდეგ ე.წ ,,კომენდანტის საათის“ გამო, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ კანონი ყოველთვის არ არის საზოგადოების ინტერესებთან თანხვედრაში და შესაძლოა ის გარკვეული პირების მხრიდან გამოყენებული იყოს მხოლოდ პირადი ინტერესებისთვის, რაც ჩემი აზრით, არასამართლიანია და საჭიროებს რეგულირებას.

შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ კანონები აუცილებელია ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად, თუმცა მიმაჩნია, რომ გარკვეული პირების მხრიდან კანონები არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც ერთგვარი ბერკეტი ადამიანების უფლებების შეზღუდვისა ლეგიტიმუტი მიზნის გარეშე, ცხადია, რომ ყველა კანონი ვერ იქნება ისეთი, რომელსაც ყველა ადამიანი დაიცავს, რადგან ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანების სურვილები და მიზნები წინააღმდეგობაში მოდის კანონთან, ასეთ დროს მიმაჩნია, რომ აუცილებელია სხვათა უფლებათა დასაცავად მოხდეს კონკრეტული ადამიანების თავისუფლებაში ჩარევა და დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა, მაგრამ ცალსახაა, რომ არსებობს ისეთი კანონები, რომლებიც თავადვე არაკანონიერია და მიზანმიმართულია არა საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად, არამედ კონკრეტული ადამიანთა ჯგუფის კეთილდღეობისთვის.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.