მას შემდეგ, რაც დედამიწას პირველი ადამიანები მოევლინენ, ისინი დადგნენ დილემის წინაშე. მათ უნდა ეფიქრათ თვითგადარჩენაზე თანაც ისე, რომ სხვებს ზიანი არ მიდგომოდათ. ინსტინქტმა თვითგადარჩენისა კი ისინი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ დაეთმოთ გარკვეული თავისუფლებები, რათა სხვათა ძალადობისგან დაეცვათ თავი. მათ ეს თავისუფლება ერთიან წარმონაქმნს დაუთმეს, რომელსაც ჩვენ დღეს სახელმწიფოს ვუწოდებთ.
ამის ფონზე, მნიშვნელოვანი იქნება განვიხილოთ თუ რამდენად მორალური იქნება, რომ გარკვეულ შემთხვევებში სახელმწიფომ ჩვენი წილი დათმობილი თავისუფლებებისა ისევ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენოს. მარტივად რომ ვთქვათ, გასარკვევია თუ რამ შეიძლება მიანიჭოს სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ლეგიტიმაცია, რათა ისინი ყველასთვის სავალდებულოდ შესასრულებლად ჩავთვალოთ.
იმის გასარკვევად, თუ რამ შეიძლება კანონები მორალური ღირებულების აქტებად აქციოს, უნდა ვნახოთ, თუ როგორ მიიღება ის. ქვეყნების უმრავლესობაში საკანონმდებლო ფუნქციების შემსრულებლად პარლამენტი გვევლინება, რომელიც იღებს კანონებს და ჩვენ მის შესრულებას გვავალდებულებს. ახლა კი ჩნდება კითხვა თუ როგორ შეიძლება ამ ორგანოს მივაღებინოთ ისეთი კანონები, რომლებსაც თუნდაც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედების შემთხვევაშიც კი დავემორჩილებით და მორალურად მივიჩნევთ.
უპირველესად, იმისათვის რომ კანონებმა ჩვენში ნდობა გამოიწვიოს, უნდა ვენდობოდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ იღებენ. ამისათვის კი საჭიროა საკანონმდებლო ორგანოს სახალხო ლეგიტიმაცია ჰქონდეს. კერძოდ, ის არჩეული უნდა იყოს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობისა და მათი ინტერესების პროპორციულად ასახვის შედეგად. რაც მეტი ადამიანის ხმა განაწილდება პარლამენტში სამართლიანად, მით მეტი ადამიანის ინტერესი იქნება დაცული და კანონის მიღების პროცესშიც არაპირდაპირ მეტი ინდივიდი ჩაერთვება. მაგალითად, განვხილოთ შემთხვევა, ქვეყანაში ცხოვრობს მილიონი ადამიანი, ამდენივე მივიდა არჩევნებზე და საპარლამენტო ორგანოში მოხვდა ორი პარტია, რომლებმაც ჯამში 600.000 ხმა მიიღეს. გამოდის, რომ ოთხასი ათასი ადამიანის ხმა უგულებელყოფილია, მათი ინტერესები ნაკლებად არის დაცული საკანონმდებლო ორგანოში, შესაბამისად, არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ამ ორგანოს მიერ მიღებული კანონმდებლობა მიუღებელი შეიძლება აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ ამომრჩევლის ნების პარლამენტში პროპორციულად ასახვა განაპირობებს იმას, რომ მისი მიღებული კანონი მეტი ადამიანის კონსესუსის შედეგი იყოს. გამომდინარე აქედან, ამ გზით მიღებულ კანონს მეტი ლეგიტიმაცია აქვს და ადამიანებზე მისი მოქმედების შესაძლებლობაც მეტად მორალურია.
თუმცა, აქ ჩნდება მეორე პრობლემა, როდესაც შეიძლება კანონის შინაარსი არ იყოს მორალური, თუმცა ის მაინც სახალხო ლეგიტიმაციის შედეგად იყოს მიღებული. ასეთ შემთხვევაში კანონის მოქმედების შესაძლებლობა ალბათ მაინც მორალურად უნდა ჩაითვალოს, რადგან ადამიანებმა, როდესაც დავთმეთ ჩვენი წილი თავისუფლება, ერთგვარი რისკიც გავწიეთ, რომ გარკვეულ შემთხვევებში ის ჩვენს წინააღმდეგაც შეიძლება გამოყენებულიყო. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ მცირე, ფორმალური ლეგიტიმაციის მქონე საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონით ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა, ზოგადი მორალურობის სტანდარტის შესაბამისია. აქვე, მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს, რომ როდესაც კანონის მოქმედების მორალურ ასპექტზე ვსაუბრობ, ვაკეთებ დაშვებას, რომ ის საზოგადოების უმრავლესობის ნებას ასახავს და ადამიანების კონსოლიდირებული პოზიციის შედეგია.
ამის ფონზე, ადამიანებს გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისგებლობა, რომ არ დავუშვათ სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი თავისუფლების უსაფუძვლოდ შეზღუდვა. ამისთვის კი კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ არჩევნებზე ჩვენს ნებას დავაფიქსირებთ. თუ შევთანხმდებით, რომ ადამიანის თავისუფლების შესაზღუდად კანონი ყველაზე მორალური გზაა, რაც კი აქამდე გამოუგონებიათ, დაგვეკისრება განსაკუთრებული პასუხისგებლობა, რათა არ დავუშვათ ჩვენს წინააღმდეგ მისი გაუმართლებელი გამოყენება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ განვსაზღვროთ ის რისკები, რასაც პოტენციური კანონმდებლებისადმი ნდობა უკავშირდება და განვუსაზღვროთ მათ მკაცრი სამოქმედო ჩარჩო, რათა ჯეროვნად გამოიყენონ თავიანთი უფლებამოსილება და ზედმეტად არ შეგვიზღუდონ ის, რაც ჩვენ უკვე გარკვეული დოზით სახელმწიფოს დავუთმეთ. ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ მათ არათუ ფორმალურად მორალური, შინაარსობრივადაც ჩვენი ინდივიდუალური თავისუფლებების ნაკლებადმზღუდავი კანონების მიღება მოვსთხოვოთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.