ალბათ, ყველა ჩვენგანს გაგვჩენია კითხვა: თავისფულება თუ კანონი? მინდა გითხრათ, ეს კითხვა საკმაოდ რელევანტურია - ადამიანი, რომელიც არ ერკვევა იურისპუდენციაში და არც ევალება, შეიძლება მარტივად დაიბნეს. თავისუფლება ხომ ნიშნავს გააკეთო ის, რაც გსურს, კანონი ხომ გვეუბნება, რომ ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ?! კი! ამას კანონი გვეუბნება.
მაშინ რატომ არსებობს კანონი ან რატომ მოდიან ისინი წინააღმდეგობაში თავისუფლებასთან?! პასუხი მარტივია: კანონი არ ეწინააღმდეგება თავისუფლებას, თავისუფლებით არასწორი სარგებლობა მოდის წინააღმდეგობაში კანონთან.
კანონთა სისტემა შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანთა ქმედებები მოწესრიგებულიყო და დარეგულირებულიყო. სამართლის გარეშე დიდი შანსია საზოგადოება ჰობსის,,ბუნებით მდგომარეობაში" აღმოჩნდეს. ამ უკანასკნელში არ არსებობს სახელმწიფო, არ არსებობს კანონი, ერთიანი წესრიგი; არსებობს მხოლოდ ქაოსი, ამ დროს ადამიანი არ არის არაფერზე დამოკიდებული და ის ცხოვრობს, როგორც მისი არსი, ,,ადამიანობა" და თავისუფლების გააზრების ხარისხი კარნახობს.
ესე იგი მივდივართ იქამდე, რომ კანონი შეიქმნა პირთა ქმედებების სტაბილიზაციისთვის.
რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია თავისუფლება, თავისუფალნი ვართ ავირჩიოთ რწმენა, სექსუალური ორიენტაცია, გამოვხატოთ ჩვენი აზრი თამამად და ა.შ. თუმცა არსებითად აუცილებელია, რომ ჩვენი თავისუფლება არ შეიჭრას სამართლის სისტემაში, როგორც დარღვევა.
დარწმუნებული ვარ ყველას გსმენიათ, ,,შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი." ამ გამონათქვამის დიდი მოყვარული არასდროს ვყოფილვარ, თუმცა კანონისა და თავისუფლების ასპარეზზე მსჯელობისას ფრიად გამოსადეგი ფრაზაა - რეალურად, იდეურად, არანაირი ასპარეზი კანონსა და თავისუფლებას შორის არ უნდა არსებობდეს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოკვდავნი გამოვირჩევით ჩვენი არაორდინალური ბუნებით, თითქოს დაბადებიდან თანგვდევს მეამბოხე სული, რომელიც ზოგჯერ ისეთ მომენტებში გვაიძულებს არაგონივრულად და ჯიუტად მოქმედებას, სადაც თავადაც ვიცით, რომ ვცდებით.
სწორედ იმის გამო, რომ ადამიანი მეამბოხე და თავისუფლების მოყვარული არსებაა და თანაც საკმაოდ ხშირად ამ თავისუფლებით გამყარებულ არამართებულ აზრს დაჟინებით არ ღალატობს, არსებობს კანონები - ზუსტად, ადამიანთა უმრავლესობა, თავის თვალში ყოველთვის მართალია. დეილ კარნეგი, ადამიანთა ბუნებისა და ურთიერთობების ძალიან კარგი მკვლევარი, თავის, ალბათ, ყველაზე ცნობილ ნამუშევარში: ,,როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე" ამბობს, თუნდაც ცხვირწინ ააფაროთ ადამიანს მისი გამამტყუნებელი მტკიცებულება, ის მაინც საკუთარ სიმართლეს დაიცავს და თავის ბრალეულობას უარყოფს. სწორედ ამიტომ, რადგან ყველა თავისი სიმართლის თავისუფლებას ესწრაფვის, არსებობს სამართალი.
კანონი ამ შემთხვევაში არ უნდა გავიგოთ, როგორც სადამსჯელო აპარატი, არამედ პირიქით, წარმოსახვით, კანონი აბრუნებს ადამიანს იმ დროში, სადაც მას ჯერ არ ჩაუდენია დანაშაული; როგორ?- გეუბნება არ ჩაიდინო! ეს დანაშაულია.
ხშირად ხალხს ავიწყდება, რომ, ,,თავისუფლება მოითხოვს თავშეკავებას და ზნეობრივი კომპასის გამოყენებას." სწორედ აქ ჩნდება მთავარი პრობლემა, საიდანაც კანონისა და თავისუფლების დაპირისპირება მეტად მწვავდება. ჩვენ თავისუფლები ვართ, მაგრამ აუცილებელია ჩვენი თავისუფლება თავშეკავების ჩარჩოშიც არსებობდეს, აუცილებელია გონივრული განსჯა და ზნეობრივი მახასიათებლების გათვალისწინება.
რა შედეგები მოჰყვება ამის უგულებელყოფას?! მიმოიხედეთ, ყოველდღიურად უამრავ თვალსაჩინო მაგალითს ვხედავთ. როგორც წესი, ყველაზე ხშირად, როდესაც ადამიანი თავშეკავებას არ იყენებს, მას მეორე ადამიანი თავისუფალი ინტერესით პასუხობს, ეს თავისუფალი ინტერესი კი ძირითადად სხვისი თავისუფლების შეჩერებაა, რაც უმეტესწილად აჩენს ძალადობის ნიშნებს, ფეხქვეშ თელავს კანონს და მძიმე კვალს ტოვებს ინდივიდის ცხოვრებაში. ორივე ადამიანი სარგებლობს თავისუფლებით, არც ერთი იქცევა თავშეკავებულად, რა ხდება?! კანონის დარღვევა.
რეალურად, სამართლიანობას თავისუფლება სჭირდება საარსებოდ, მაგრამ თავისუფლებასაც, როგორც ყველაფერს ამ სამყაროში, გააჩნია კანონზომიერება. მედისონმა თქვა, ,,კონსტიტუციები იწერება ზნეობრივი ხალხისთვის და არა სხვისთვის; თუ ჩვენ არ შევიკავებთ თავს, სახელმწიფო გააკეთებს ამას ჩვენს მაგივრად."
სწორედ სახელმწიფო აღიქმება კანონის მთავარ გამტარებლებად, რაც იმას მოყვება, რომ ადამიანები საკუთარი თავისუფლებით არასწორად სარგებლობენ, სახელმწიფოს კი პოზიტიური ვალდებულება გააჩნია, დაიცვას კანონის უზენაესობა.
კონსტიტუცია ყველა ქვეყნის უმაღლესი კანონია, შედგება სამართლებრივ ნორმებად ქცეული ზნეობრივი ნორმებისგან. თუ კონსტიტუცია იცავს ზნეობრივად აღიარებულ უფლებებს, რატომ არ უნდა მოქმედებდეს ამ უფლებით მოსარგებლე ადამიანი ზნეობრივად?!
თუ ყველა ადამიანი თავშეკავებულად ისარგებლებს თავისუფლებით და იხელმძღვანელებს ზნეობრივი კომპასით, შემხვედრი თავისუფალი აზრის შემთხვევაში კონფლიქტების რისკი შემცირდება. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ უფლების ბოროტად გამოყენება არ შეიძება, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონისა და თავისუფლების საზღვრების პატივისცემა მნიშვნელოვნად სასარგებლოა ჯანსაღი საზოგადოებისთვის.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.