"წუთიწუთ მიჰყევით, ასე მიუდექით და აღმოაჩენთ, რომ ჩვენ ყველანი ქარვაში გამომწყვდეული მწერები ვართ. „თავისუფალი ნება“ - ცოცხალი არსებებით დასახლებულ ოცდაცამეტ პლანეტაზე ვარ ნამყოფი ამ სამყაროში, ასზე მეტი პლანეტიდან მიმიღია ანგარიში და მარტო დედამიწელებს უყვართ თვისუფალ ნებაზე თავისი წმინდა გაგებით საუბარი." (კურტ ვონეგუტი სასაკლაო 5). თავისუფალი ნება თითქმის არ არსებობს იგი განპირობებულია არა მარტო სოციალური გარემო ფაქტორებით (მორალით, წეს–ჩვეულებებით, ტრადიციებითა თუ კანონებით) არამედ, ეგზისტენციალური ფაქტორებითაც. ჯაინიზმი, aინდუიზმი და ბუდიზმიც გეტყვით, რომ თავისუფალი ნების მოსაპოვებლად ჯერ საჭიროა თავისუფლება წარსული შთაბეჭდილებებისგან, წარსული ცხოვრებებისგან და გამოცდილებებისგან, ეს თავისუფლება კი სრული გაწმენდაა, მათ შორის, გენეტიკურ და უჯრედულ დონეზე , დეიდენტიფიკაციაა ყველაფერი ფიზიკურისგან რასაც კი უარსებია და გავლენა მოუხდენია ოდესმე შენზე. როცა წარსულის ამ ბარგს, მისგან გამომდინარე მომავლის პროექციას და ტვირთს ჩამოიხსნი, მაშინ გახდები სრულიად თავისუფალი და შენი ნებაც ნაკარნახევი იქნება ჭეშმარიტების წერტილიდან, თავად შენი ცენტრიდან. მაგრამ თუ საკითხს მეტაეთიკურად, კანონზომიერად და მატერიალური ყოფიერების ჩარჩოში მოვაქცევთ უდავო იქნება სოციალური ელემენტის ფაქტორი ადამიანის თავისუფალი ნების ფორმირების, გამოხატვისა და განხორციელების პროცესში. რამეთუ მსოფლიოში ვერ შეხვდებით სრულიად, სოციუმისგან დამისი გავლენებისგან მოწყვეტილ ინდივიდს. ამგვარი გამოყოფა ფაქტობრივად შეუძლებელია, შესაბამისად, გარდაუვალია გავლენებიც, ზემოქმედებები იმ არეალიდან, რომელშიც დაიბადა იქნება ეს მშობელი, მასწავლებელი, ნათესავი თუ ამავე სოციუმისთვის დამახასიათებელი სოციო–კულტურული, რელიგიური ჩვეულებები და თავისებურებები. შესაბამისად, ურთიერთქმედების ამ პროცესში, როცა სამყაროს მოვლენილი ადამიანი, გაჩენის დღიდანვე არათუ კრისტალიზაციის, არამედ, სოციუმის და გარემო განპირობებულობების, სიმბიოზის აქტორია, რთულია შემდეგ გამიჯნო, რა არის ინდივიდის წმინდა ცნობიერება და ამ ცნობიერებიდან გამომართული თავისუფალი ნების აქტი და რა დიფუზურად უკვე გარემო პირობების ანაბეჭდებით, წნეხითა თუ აღმზრდელობითი სამუშაოებით გამოვსებული გონება, რომელიც შემდეგ არაცნობიერში გადაისტყორცნება და ფაქტობრივად შეუძლებელია მომავალში ამ მახსოვრობის გაწმენდა. განპირობებულობების, ანუ მოცემულობების როლი, რომელშიც დავიბადეთ და თავად არ აგვირჩევია, პიროვნებაზე უდიდესია. იგი განსაზღვრავს უმეტეს შემთხვევაში ჩვენს თვისებებს, სურვილებს, მისწრაფებებსა და ტენდეციებს. შესაბამისად გარემო და ამ გარემოში თანამცხოვრები ადამიანები, წინარე ფაქტორს, ერთგვარ საფუძველსაც კი წარმოადგენენ ჩვენი არჩევანის გაკეთებისას. ამგვარ გადაჯაჭვულობასა და აღრევაზე წერდა შოპენჰაუერი თავის ესეში – „ ადამიანს შეუძლია გააკეთოს რაც ნებავს, მაგრამ როდი შეუძლია განაგოს საკუთარი ნება.“
შესაბამისად, სოციალური სინთეზის პროცესში, უფრო ზუსტად კი ჰაქსლის „საოცარი ახალი სამყაროს“ ჟამს, მაშინ როცა ნება და თავისუფლება გარკვეულწილად გადალოცვილი და მინდობილია სოციუმს, ასევე გაზიარებული უნდა იყოს პასუხისმგებლობა და შედეგი. თუმცა პასუხისმგებლობის პირდაპირი თუ ირიბი თანაზიარობის მიუხედავად, ნიშანდობლივია, დანაშაულებრივი ნების ფენომენი. რა შეფასებას და პასუხისმგებლობის წონას დავაკისრებთ კერძოდ ინდივიდსა და შემდეგ გარე საზოგადოებასა და მის კონსტრუქციას მაშინ როცა თავისუფალი ნება სულაც არ აღმოჩნდება ხოლმე „კეთილი ნება“. რა როლი აქვს გარემო ფაქტორებს და რამხელაა წვლილი თავად სუბიექტის?! პასუხები მრავალგვარია, და ხშირად ინდივიდუალურიც. დანაშაულის სოციოლოგია, რომელიც დევიანტურ ქმედებებს და მის გამომწვევ მიზეზებს შეისწავლის, თავისსავე სფეროს არეალში გამოყოფს სხვადასხვა მაპროვოცირებელ მიზეზებს. სოციოლოგიის ამ განშტოებიდან შემდეგ დახვეწა და დაბადება ჰპოვა სხვადასხვა თეორიებმა და მიმდინარეობებმა, რომლებიც ეძიებდნენ დანაშაულებრივი ქმედებების საწყისებს სოციალურ და თავად ადამიანის ბუნებით ფაქტორებში. დევიაციის სხვადასხვა ფორმების განხილვის მეშვეობით, იქნება ეს რობერტ მერტონის რეტრიტიზმის, თუ „დაძაბულობის თეორია“, ბიჰევიორული მიზეზების კვლევა, თუ საკითხზე სხვაგვარი მიახლებების ძიება, ფაქტია, რომ ურთიერთქმედება სამყაროში გარდაუვალი პროცესიაა. არავინაა ხელშეუხებელი, თუმცა საბოლოოდ მეტწილი პასუხისმგებლობა იმ ინდივიდს ეკისრება, რომელიც გარკვეულ ნებას ახორციელებს. როგორც, ჰაიდეგერი ამბობდა – „ ყველა ადამიანი იბადება, როგორც ბევრი, მაგრამ კვდება, როგორც ერთი.“
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.