ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ სხვადასხვა სისტემასთან გვაქვს შეხება, რომლებიც თავის მხრივ მოწესრიგებულნი არიან სხვადასხვა კანონით, ე.ი. აუცილებლად დასაცავი თუ შესასრულებელი წესებით. იქნება ეს შრომითი ურთიერთობები, საგანმანათლებლო დაწესებულებები თუ სხვადასხვა კომერციული სახის ურთიერთობა, ეს ყოველივე სპეციალური კანონების "დაქვემდებარებაშია", რომლისგან გადახვევაც დაუშვებელია და საკუთარი თავისუფლების განხორციელების ფარგლებს სწორედ ამგვარი კანონები უდგენენ მათ. კანონი, რომელიც ამგვარ ურთიერთობებს აწესრიგებს, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც საშუალება, რათა დასახული მიზანი, რომლებიც ამოძრავებთ ადამიანებს, ეფექტურად შესრულდეს და მაქსიმალური სარგებელი მიიღონ თავიანთი აქტივობიდან. ამასთან, სამართლიანობის პრინციპების დაცვით მოხდეს ეს ყველაფერი და არ დაირღვეს ის, რასაც დემოკრატიულ საზოგადოებაში ამხელა მნიშვნელობა აკისრია. ეს სახე აქვს კანონს, მაგრამ რამდენადაა ის სწორედ ასეთი სახის, იქნებ მიზანი, რომელიც კანონს აქვს, იმ საშუალებით მიიღწევა, რომელიც თავისუფლებას უქმნის საფრთხეს?
ნებისმიერი სახის ურთიერთობაში მონაწილეობა გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა თავისი თავისუფლებით ისარგებლოს, გამოიყენოს ის და საკუთარი მიზნები სწორედ თავისუფლად განხორციელებული ქმედებით დაიკმაყოფილოს. რამდენადაც სისტემურობა, რომელსაც კანონები ქმნიან, გარკვეულ სიტუაციაში შეიძლება წარმოჩინდეს, როგორც ერთგვარი "ციხესიმაგრე", რომლის შიგნითაც ოპერირების საშუალება ყველას აქვს, მაგრამ იგივეს გაკეთება მის გარეთ დაუშვებელია. ცხადია, ეს აჩენს განცდას, რომ თავისი არსით კანონი ადამიანის თავისუფლების დაცვას ვეღარ უზრუნველყოფს, პირიქით, მის თავისუფლებას გარკვეულწილად ზღუდავს და ამ შეზღუდვით თავის უმთავრეს მიზანს - საკუთარი მიზნები ეფექტურად განახორციელოს ადამიანმა ან ადამიანის ჯგუფმა, ეწინააღმდეგება. ეს ხომ ცნობილია, კანონის ბუნება შემზღუდავ ხასიათს ატარებს.
არის თუ არა ეს სამართლიანი? თავისუფლების შეზღუდვა ამ შემთხვევაში პირდაპირ უსამართლობად რომ არ ჩავთვალოთ, საჭიროა განვრცობა: თუ მოვითხოვოთ იმას, რომ კანონები არ ჩაერიონ ზედმეტად მსგავს ურთიერთობებში, ხოლო ადამიანები თავიანთი თავისუფლებიდან გამომდინარე თავად მოახერხებენ ყოველივეს, რისთვისაც კანონები იქმნებოდა, მაშინ აქ თავს იჩენს საკითხი, რომელიც ამგვარ ურთიერთობებს ფართოდ ეხება, მაგალითად, შრომითი ურთიერთობა და მისი მოწესრიგება თავად წარმოადგენს გარკვეულ სისტემას, აქვს მრავალწახნაგოვანი გარემოებები და თავისი არსით მუშაობისათვის მრავალ კომპონენტს საჭიროებს. ეს შეგვიძლია გადავიტანოთ სხვა ნებისმიერი დარგზეც. შესაბამისად, რასაც აქვს სისტემური სახე, სჭირდება თავად სისტემური მოწესრიგება, რომლის ყველაზე ეფექტურ საშუალებს სწორედ კანონები წარმოადგენენ, რაც თავის თავში მოიცავს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც თავისუფლებებს ზღუდავს, რათა არსებულ ურთიერთობა ისე მოწესრიგდეს, რომ არ იყოს ქაოსი და მიზანიც ეფექტურად იქნეს მიღწეული. ზედაპირულ მსჯელობაზე დაყრდნობით კანონი ზღუდავს თავისუფლებას ამგვარი გაგებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ "შეზღუდვით" კანონები თავად გვაძლევენ საშუალებას ჩვენივე მიზნები ისე იქნეს მიღწეული, რომ ისეთი პრინციპი, როგორიც არის სამართლიანობა, არ იქნეს დარღვეული.
საჭიროა თუ არა კონტროლი? რა თქმა უნდა. დემოკრატიულ საზოგადოებაში კონტროლის მექანიზმების არსებობა სწორედ ის მთავარი მიღწევაა, რომელიც განასხვავებს მას ავტორიტარული სპექტრისგან და ნებისმიერ კანონის ფართო კუთხით განხილვის საშუალებას გვაძლევს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ექსცესები (აქ, რასაკვირველია უმთავრესად იგულისხმება მთავრობის მიერ თავისი ძალაუფლების მეტად განვრცობის სურვილი), რომლებიც თავად ამ საზოგადეობას აზარალებს. კონტროლი საჭირო და აუცილებელია, თუმცა საჭიროა თავად ამ სისტემის, ამ კანონების კონტროლი და მისი შეფასებითი განხილვა. როცა ვამბობთ, რომ საჭიროა კონტროლი, ეს სწორედ კანონების კონტროლზე მიუთითებს, თუ არ არსებობს კანონები, არც მისი კონტროლია საჭირო. მთავარი გამოწვევა ამ კუთხით დგას იმაზე, თუ რამდენად რაციონალური და გამართლებული შეიძლება იყოს კანონის მიერ გარკვეული თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა, აქვს თუ არა მიზანს ლეგიტიმური ხასიათი და რა მოაქვს ამას სამართლიანობისათვის. ჩვენ ვცხოვრობთ და ვოპერირებთ სისტემაში, რომელსაც სჭირდება სისტემური მოწესრიგება. შესაბამისად, თუ პრობლემურია კანონები, უნდა დავსვათ კითხვები მის ხარისხზე და არა თავად კანონის, როგორც ასეთის, საჭიროების შესახებ, რადგან სწორედ ის არის ყველაზე ეფექტური საშუალება, სამართლიანობის პრინციპის დაცვით ჩვენი მიზნები ადეკვატურად იქნეს მიღწეული.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.