ყველამ ვიცით, რომ სხვადასხვა ქმედება, რომლებსაც ადამიანები ვახორციელებთ ცხოვრების განმავლობაში შეიძლება იყოს განუზრახველი ან წინასწარ განზრახული. რას უკავშირდება წინასწარი განზრახვით მოქმედება? იმისათვის, რომ ინდივიდმა განახორციელოს ქცევა, რომელიც ჩაითვლება წინასწარ განზრახულად, გადამწყვეტი როლი ენიჭება ისეთ ელემენტს, როგორიცაა ადამიანის ნება. როგორ შეგვიძლია გავიგოთ ეს ცნება? ფილოსოფოსები, ადამიანის ნებაზე საუბრისას, ამ ელემენტს სხვადასხვანაირად ხსნიან. ერთი მხრივ, მათთვის ნება გულისხმობს არჩევნის გაკეთების უნარს, მეორე მხრივ, კი ნება წარმოადგენს უფლებრივ ღირებულებას, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს გვაქვს ძალა, გადავწყვიტოთ როგორ მოვიქცეთ.
თუ ნებას შევხვედავთ, როგორც უნარს, ძირითადად მიიჩნევა, რომ მას ვფლობთ მხოლოდ სულიერი არსებები. ამ უნარის ფლობამ შესაძლებელია ნაწილობრივ დანერგოს გარკვეული მორალური ვალდებულებები და სწორედ ამ უნარის ნაკლებობას შეუძლია გარკვეულწილად იმის ახსნა, თუ რატომ არის ზოგიერთი ქმედება მორალურად გაუმართლებელი. მაგალითად, ინდივიდს მორალური ვალდებულება არ გააჩნია იმასთან დაკავშირებით, გადადგამს თუ არა ამ მაგიდას ერთი კუთხიდან მეორეში. ეს გულისხმობს, რომ მაგიდას, როგორც უსულო ქმნილებას, არც იმის უნარი აქვს, რომ აირჩიოს სად დადგება და არც იმის უნარი, რომ თავადვე გადადგას საკუთარი თავი. ამ დროს, ანალოგიური სიტუაცია ადამიანზე რომ მივმართოთ. მორალურად არ იქნება გამართლებული მისი გადაყვანა ერთი ოთახიდან მეორეში, თანხმობის გარეშე. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მსგავსი ქმედება იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანს აღვიქვამთ, როგორც ნივთს და არა, როგორც არსებას, რომელიც ფლობს თავისუფალ ნებას. ამ შემთხვევაში ინდივიდს აქვს უნარი და ძალა თავავდვე გადაწყვიტოს, თუ როგორ გადაადგილდება. შესაბამისად, ტერმინი ნება შეგვიძლია აღვიქვათ როგორც არჩევნის გაკეთების შესაძლებლობაც, უფლებაც და ძალაუფლებაც.
ამის მიუხედავად, ზოგიერთი შემთხვევა ამ საკითხს სადავოს ხდის. მაგალიტად, დავსვათ კითხვა: გააჩნია თუ არა ახალშობილს ან გონებრივად შეზღუდულ პირს ნება? თუ ნებას შევხედავთ, როგორც არჩევნის გაკეთების უფლებას ან უნარს, უნდა მივიჩნიოთ, რომ მათ გააჩნიათ ნება, როგორც ერთგვარი პოტენციალი. ამის მიუხედავად, ამ შემთხვევაში ფიქსირდება ამ უფლებისა და შესაძლებლობის მოქმედებაში განხორციელების ნაკლებობა. ეს კი ზოგიერთ თეორეტიკოსს უბიძგებს იმისკენ, რომ ნება დავაფუძნოთ არა არჩევნის გაკეთების პოტენციალზე, არამედ თავისუფალი ნების განხორციელების რეალურ შესაძლებლობაზე.
ნების, როგორც ძალაუფლების ან შესაძლებლობის გაგებით, განხორციელებად ჩაითვლება სწორედ გარკვეული არჩევანი ან ფსიქიკური მოქმედება, რომელსაც ნებისყოფასაც უწოდებენ. ნებისყოფის თეორიის ხედვით, ნებისმიერი რამ, რასაც ადამიანი აკეთებს, არის ინდივიდუალური გონებრივი ქმედების პროდუქტი. ზოგიერთი ფილოსოფოსი იმ აზრის მხარეს დგება, რომ ნებისყოფის, თვითკონტროლის ელემენტი ყველა კომპლექსური, თავისუფალი მოქმდების მარტივი საფუძველია. ზოგს კი მიაჩნია, რომ ნებისყოფა არის არა უბრალოდ ფსიქიკური ქმედება, არამედ ზოგადი ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც ითავსებს ფუნქციას, უზრუნველყოს ინდივიდის რელევანტურ სიტუაციებში მონაწილეობა.
მათთვის, ვინც ნებისყოფის არსებობაზე თანხმდება, ნება შეიძლება გაგებული იყოს, როგორც ფაქტორი, რომელიც სწორედ ამ ნებისყოფას წარმოშობს, როგორც გონებრივი მოქმედების, ისე ზოგადი ფსიქიკური მდგომარეობის გაგებით. თუ ნებისყოფა გონებრივი ქმედებაა, ნებად, რომელიც მას ქმნის, უნდა ჩაითვალოს, ნებისმიერი რამ, რასაც ამ ქმედებების შესასრულებლად გვანიჭებს ჩვენი უფლებრივი ღირებულებები. ამის მიუხედავად, თუ ნებისყოფას შევხედავთ, როგორც ზოგად ფსიქიკურ მდგომარეობას, იმის თქმა, რომ ნება წარმოშობს ნებისყოფას იქნებოდა იგივე, რაც იმის თქმა, რომ ნება არის ადამიანისთვის მინიჭებული ძალაუფლება და მოტივაციის წყარო. რეალურად, მხოლოდ ასეთი მოტივაციით და შესაძლებლობების პრაქტიკაში განხორციელებით ხდება შესაძლებელი საკუთარ თავზე თვითკონტროლისა, ძლიერი ნებისყოფის ქონა.
ამრიგად, ინდივიდის ნება არის ინდივიდის ძალა, გააკეთოს არჩევანი, ან განახორციელოს ნებისყოფით განპირობებული გონებრივი ქმედებები. შესაძლებელია, რომ იგი გავიგოთ, როგორც უნარი, უფლება ან ძალაუფლება, თუმცა გარკვეულ სიტუაციებში ნათელია, რომ ნება სამივე მნიშვნელობას ითავსენბს. რა შეიძლება მივიჩნიოთ ნება? ამ კითხვაზე პასუხი ერთია და ესაა ადამიანის მამაოძრავებელი ზრახვა, რომელიც მოქმედებას ინდივიდუალურ ხასიათს სძენს და მას რელევანტურ სიტუაციებში ახვედრებს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.