აჯანყების უფლება გულისხმობს ადამიანთა უფლებას, რომ შეეწინააღმდეგონ და დაამხონ ტირანია. კერძოდ, თვითნებობასა და ძალადობაზე დაფუძნებული ერთპიროვნული, აბსოლუტური და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი მმართველობა. აქ კი ჩნდება გარკვეული კითხვები: რამდენად არის გამართლებული ასეთი უფლების არსებობა? კერძოდ, რამდენად უნდა ჰქონდეთ ადამიანებს უფლება, რომ წავიდნენ კანონის წინააღმდეგ? როგორ შეიძლება არსებობდეს სამართლებრივ სივრცეში უფლება, რომლის გამოყენებითაც ადამიანი სცდება და ეწინააღმდეგება სამართლებრივ წესრიგს? ვინ არის ის, ვინც რეალურად უჯანყდება სამართლებრივ წესრიგს - ხალხი თუ მმართველი? ვხვდებით თუ არა საფრთხეს არა მხოლოდ ტირანიულ რეჟიმში, არამედ უშუალოდ აჯანყებულთა დაჯგუფებებშიც? განვიხილოთ თითოეული საკითხი.
პირველ რიგში, ვიმსჯელოთ საფრთხეებზე, რომელთაც შეიძლება ვხვდებოდეთ უშუალოდ აჯანყების ფარგლებში. დავიწყოთ ხალხის ნებისა და თანხმობის განხილვით - ვის აქვს ხალხის სახელით აჯანყების წამოწყების უფლებამოსილება? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთ ადამიანს უნდა ჰქონდეს გარკვეული ურთერთობა ხალხთან, რომელთა სახელითაც ცდილობს წამოიწყოს აჯანყება. კერძოდ, უნდა ჰქონდეს მათგან თანხმობა, უნდა წარმოადგენდეს მათ და უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მათი საზოგადო კეთილდღეობის მიღწევაზე. მაგრამ აქ ვაწყდებით პრობლემას: შეუძლებელია (ან ნაკლებად სავარაუდოა), რომ მოხდეს ერთიანი შეთანხება - სახელმწიფოში მთელმა მოსახლეობამ დაუჭიროს მხარი აჯანყების იდეას ანუ არსებობდეს სრულიად მოსახლეობის თანხმობა. ხოლო თუ თანხმობა არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ კონკეტულ ადამიანს თუ ადამიანთა ჯგუფს ჰქონდეთ ხალხის სახელით აჯანყების წამოწყების უფლებამოსილება, როგორ ექნებათ მათ ეს უფლებამოსილება იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც თანხმობა არ გაუციათ?
უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახელმწიფო შეიძლება მოქმედებდეს არა მთელი მოსახლეობის, არამედ მოსახლეობის კონკრეტული ჯგუფის, მაგალითად, კონკრეტული ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის ინტერესების წინააღმდეგ. გამართლებული არის თუ არა, არა მთელი მოსახლეობის, არამედ მოსახლეობის კონკრეტული ჯგუფის აჯანყება? იმიტომ, რომ ისეთ მოცემულობაში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებს უპირისპირდება კონკრეტული ჯგუფი, რჩება მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი (რომელთაც არ გაუციათ თანხომა), რომელიც მოქცეულია ერთის მხრივ, ტირანსა და მეორეს მხრივ, აჯანყებულ მოსახლეობას შორის. რა მექანიზმებით მოხდება ამ ადამიანების დაცვა? და თუ არსებობს შესაბამისი მექანიზმები, ვინ მოახდენს მათ უზრუნველყოფას?
იმისათვის, რომ აჯანყებულებმა შეძლონ ტირანთან დაპირისპირება და აჯანყება იყოს წარმატებული, აჯანყებაში მონაწილე ადამიანთა რაოდენობა უნდა იყოს საკმარისი, ეს კი შესაძლებელია პრობლემური საკითხი გახდეს. ტირანიული რეჟიმები უზრუნველყოფენ ხალხის მორჩილებას მუდმივი ტერორით, დაშინებით და პროპაგანდით, რომელსაც ნერგავენ მაგალითად, განათლების სისტემაში, მასობრივი ინფორმაციის საშულებებში. ამიტომაც, შესაძლებელია რთული იყოს საკმარისი რაოდენობის ადამიანების მობილიზება აჯანყებისათვის, რადგან მოსახლეობის ნაწილს შეიძლება ეშინოდეს, არ უღირდეს ცდად აჯანყება, რომელიც შეიძლება წარმატებული საერთოდ არ იყოს, ხოლო მოსახლეობის ნაწილი შეიძლება ვერც კი აცნობიერებდეს, თუ რამდენად დესტრუქციულია მათი მორჩილება და უშუალოდ მმართველობა, რომელსაც ემორჩილებიან.
ასეთ დროს, აჯანყებულთა ჯგუფი მიმართული იქნება იმისაკენ, რომ დაარწმუნოს მოსახლეობა აჯანყებაში მონაწილეობაში, თავის მხრივ, ხელისუფლება მიმართული იქნება იმისაკენ, რომ დაარწმუნოს მოსახლეობა აჯანყებაში მონაწილეობისაგან თავის შეკავებაში. წარუმატებლობის შემთხვევაში ორივე მხარემ შეიძლება გამოიყენოს იძულება და დაშინება მოსახლეობის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, კი ვიღებთ მოცემულობას, რომ ორივე მხარე იყენებს ძალადობრივ მექანიზმებს დარჩენილი მოსახლეობის წინააღმდეგ და ხშირად რთულიც კი ხდება, გავავლოთ მიჯნა მათ შორის - რა განსხვავებაა უკვე ამ ორ ძალადობრივ მხარეს შორის, გარდა იმისა, რომ ერთი მმართველობით სისტემაშია, ხოლო მეორე არა?
დამატებით, აჯანყების უფლების გამოყენებით ხალხი უპირისპირდება კანონებს ანუ უპირისპირდება სამართლებრივ წესრიგს და როგორ შეიძლება არსებობდეს უფლება სამართლებრივ სივრცეში, რომლის გამოყენებითაც ადამიანი სცდება და ეწინააღმდეგება იმავე სამართლებრივ სივრცეს?
ფილოსოფოსებს შორის ვხვდებით განსხვავებულ მოსაზრებებს აჯანყების უფლებასთან დაკავშირებით. არიან ფილოსოფოსები, რომლებიც აღიარებენ აჯანყების უფლებას და არიან ფილოსოფები, რომლებიც - არა. მაგალითად, კანტს მიაჩნდა, რომ თუ მმართველი მოქმედებს კანონების წინააღმდეგ, ხალხს აქვს უფლება, რომ ჩივილით მიმართოს მას, უკმაყოფილება გამოხატოს, მაგრამ ხალხს არ აქვს უფლება, რომ აჯანყდეს. როდესაც განვიხილეთ ხალხის ნება და თანხმობა და ვიმსჯელეთ იმაზე, თუ ვის შეიძლება ჰქონდეს უფლებამოსილება, რომ ხალხის სახელით წამოიწყოს აჯანყება, ამ საკითხზე კანტის პოზიცია შემდეგია: აჯანყება რომ გამართლებული იყოს, ის უნდა ეფუძნებოდეს საერთო ნებას. თუ აჯანყება საერთო ნებას არ ეფუძნება, ეს არის პირადი ინტერესების იძულებით გავრცელების მცდელობა საზოგადოებაზე, რაც მიუღებელია. მხოლოდ ხელისუფლების ნება არის საერთო ნება. შესაბამისად, აჯანყება ვერასდროს იქნება გამართლებული. ამდენად, კანტის თანახმად, სახელმწიფოს ნება ეს არის ცალსახად ხალხის ნება, შესაბამისად კი ხალხს არ აქვს აჯანყების უფლება. მაგალითად, ჰობსი უარყოფდა აჯანყების უფლებას, მაგრამ მიიჩნევდა, რომ ხალხს აქვს უფლება, რომ შეეწინააღმდეგოს და დაიცვას თავი სახელმწიფოსგან მომდინარე ძალადობისაგან, რომელიც გარდაუვალია და მათ სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.
ფილოსოფოსთა ნაწილი, რომელიც უარყოფს აჯანყების უფლებას განამტკიცებს უმეტესწილად იმ პოზიციებს, რომელიც ზევით განვიხილეთ აჯანყების საფრთხეების ფარგლებში.
ახლა კი შევხედოთ საკითხს განსხვავებულად: თუ ვამბობთ, რომ აჯანყების უფლებაზე დაფუძნებით ხდება დაპირისპირება კანონებთან ანუ სამართლებრივ წესრიგთან, მაშინ ამ განსაზღვრების ფარგლებში, ვინ არის ვინც უჯანყდება სამართლებრივ წესრიგსს? რეალურად სამართლებრივ წესრიგს უჯანყდება მმართველობა, რომელიც ამკვიდრებს სახელმწიფოში ტირანიას ისეთი კანონებისა და სამართლებრივი პრაქტიკის შემუშავებით, რომელიც უგულვებელყოფს ადამიანების ძირითადად უფლებებსა და თავისუფლებებს - ტოვებს ადამიანებს უუფლებო მდგომარეობაში და მუდმივ ტერორში. ამდენად, დებულება, რომ არ შეიძლება არსებობდეს უფლება სამართლებრივ სივრცეში, რომლის გამოყენებითაც ადამიანები სცდებიან და ეწინააღმდეგებიან იმავე სამართლებრივ სივრცეს, არ არის სწორი, რადგან ტირანული მმართველობის მიერ მიღებული კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება სამართლებრივ წესრიგსს, საერთოდ არ არის სამართლებრივ სივრცეში მოქცეული. შესაბამისად, ხალხი როდესაც იყენებს აჯანყების უფლებას კი არ ეწინააღმდეგება და სცდება სამართლებრივ სივრცეს, არამედ ეწინააღმდეგება სამართლებრივ სივრციდან გასულ თვითნებურ და არალეგიტიმურ კანონებს. ამდენად, აჯანყება საშუალებაა, რომ მოვაქციოთ კანონები სამართლებრივ სივრცეში - გარკვეულწილად, აჯანყების უფლება არის ინსტრუმენტი იმისა, რომ სამართლებრივმა სივრცემ დაიცვას საკუთარი თავი.
მაგალითად, ამავე პოზიციას იზიარებს ჯონ ლოკი, რომელიც ერთ-ერთია იმ ფილოსოფოსებისაგან, ვინც აღიარებს და მხარს უჭერს აჯანყების უფლებას. ლოკის თანახმად, აჯანყებული არის ის, ვინც არღვევს ხალხის კეთილდღეობას არალეგიტიმური კანონების მეშვეობით. ხალხი კი არ არის ვალდებული დაემორჩილოს არალეგიტიმურ კანონებს, არამედ ხალხს აქვს აჯანყების უფლება მათ წინააღმდეგ. ლოკისთვისაც აჯანყება წარმოადგენდა იარაღს ტირანიის წინააღმდეგ.
საბოლოოდ, ჩემი აზრით, აჯანყების უფლებას მართლაც თან სდევს გარკვეული საფრთხეები. თუმცა ამ საფრთხეების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა შესაძლებელია, მაშინ, როდესაც ტირანიას სამართლებრივ ჩარჩოში ვერასდროს მოვაქცევთ. სახელმწიფო ვალდებულია, რომ უზრუნველყოს და დაიცვას ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ხოლო, როდესაც სახელმწიფო არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებას, მეორე მხარეს დგას ხალხის უფლება, რომ აჯანყდეს მის წინააღმდეგ. მათ შორის ეს უფლება არსებობს ტირანიის რეჟიმშიც, რადგან ადამიანის უფლებები არსებობს სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად - სახელმწიფო ადამიანს უფლებებს არ ანიჭებს, არამედ მათ მხოლოდ აღიარებს. ამდენად ტირანიის რეჟიმშიც კი, როდესაც ადამიანი უუფლებო მდგომარეობაშია, მას აქვს აჯანყების უფლება. აჯანყების უფლება გარკვეულწილად არის ინსტრუმენტი იმისა, რომ ადამიანმა დაიცვას სამართლებრივი სივრცე და ამ სამართლებრივ სივრცეში არსებული მისი უფლებები. ამდენად კი, აჯანყების უფლება არის გარანტია ადამიანის ავტონომისაა და თავისუფლების.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.