ცნობილია, რომ კანონი და თავისუფლება ერთმანეთთან ასოცირდება. სიტყვა თავისუფლების ხსენებისას ყველა ადამიანს შეიძლება მოუვიდეს თავში სიტყვა კანონი, რომელიც ამ თავისუფლებას შეგიზღუდავს ან პირიქით. რადგან კანონი არამხოლოდ გზღუდავს, არამედ გაძლევს თავისუფლებასაც და უზრუნველყოფს მას. მაგრამ არსებობს დებატები ამ თემაზე, რადგან უმრავლესობის აზრით კანონის თანდაყოლილი თვისება თავისუფლების შეზღუდვაა. მეორე მოსაზრებით კი თავისუფლება არ იზღუდება კანონით არამედ თავისუფლება დაცულია სწორედ კანონის მეშვეობით. შესაბამისად კანონის დამახასიათებელი თვისებაა, რომ ის იცავს, ან თუნდაც შეუძლია დაიცვას თავისუფლება.
ზოგიერთ ადამიანს აქვს აზრი, რომ თავისუფლება არის შესაძლებლობა გააკეთოს ის, რაც მას სურს. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ კანონი არის ის, რაც ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას. ეს ორი არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. უფრო მეტიც, ისინი ერთმანეთს ავსებენ. ჭეშმარიტი თავისუფლება მხოლოდ დადგენილი კანონის შედეგად მოდის. სინამდვილეში სწორედ კანონია ის, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდების თავისუფლებას. იქ, სადაც არ არსებობს თავისუფლების დაცვისა და უზრუნველყოფის კანონები, ადგილი აქვს მათ დარღვევას. სადაც კანონი და კანონის შემქმნელები არ უჭერენ მხარს თავისუფლებას, მის არსებობასაც საფრთხე ემუქრება.
მინდა კანონსა და თავისუფლების მიმართებას შორის არსებულ დავაზე მაგალითის საფუძველზე ვისაუბრო.
თავისუფლების კანონის მიერ შეზღუდვა არ შეზღუდვის საკითხთან მიმართებით მინდა განვიხილო პორნოგრაფიაზე ცენზურის დადებასთან დაკავშირებული საკითხი. ხომ არ გვიზღუდავს ჩვენ კანონი ამ შემთხვევაში თავისუფლებას? იქნება კი სწორი ხელისუფლების მიერ მოქალაქეებისთვის პორნოგრაფიის გამოქვეყნება, ნახვის ლეგიტიმური აკრძალვა თუ იქნება ეს თავისუფლების გაუმართლებელი დარღვევა და შეზღუდვა.
თავდაპირველად განვმარტოთ რა შეიძლება ჩაითვალოს პორნოგრაფიად. მარტივი განმარტება პორნოგრაფიის, იქნება ნებისმიერი მასალა ( სურათი, სიტყვა, ხმის ჩანაწერი ), რომელიც გამოხატულია სექსუალურად. ,,სექსუალური თვალსაზრისი’’ ფუნქციონირებს, როგორც ერთგვარი ინდექსური ტერმინი, რომელიც გამოარჩევს სხვადასხვა მახასიათებლებს იმის მიხედვით, თუ რა ეფექტი აქვს მას საზოგადოებაზე ან არღვევს თუ არა გარკვეულ ტაბუებს სხვადასხვა კონტექსტსა თუ კულტურაში. ზოგიერთ კულტურაში შეიძლება სექსუალურად გამოიხატოს ქალის ტერფის ჩვენებაც. ზოგიერთ დასავლურ კულტურაში შეიძლება შიშველი მკერდის ჩვენება ჩაითვალოს სექსუალურ გამოხატულებად. მაგრამ შეიძლება რომ ამ შემთხვევაში სექსუალური შინაარსის მასალად ჩაითვალოს ანატომიის სახელმძღვანელოები? მათზე გამოსახულია სასქესო ორგანოები, მაგრამ იშვიათად განიხილება, როგორც პორნოგრაფია. შესაბამისად მასალის პორნოგრაფიად ჩასათვლელად ხსენებული განმარტება საკმარისი არ არის. მაშინ შეიძლება პორნოგრაფიის განმარტება ასე ჩამოვაყალიბოთ, პორნოგრაფია არის სექსუალური შინაარსის მასალა, რომელიც ძირითადად შექმნილია მაყურებელში სექსუალური აღგზნების გამოსაწვევად.
რა არგუმენტები შეიძლება დავასახელოთ იმისთვის, რომ შევძლოთ ლეგიტიმურად შეზღუდული გავხადოთ პორნოგრაფიის გავრცელება, ნახვა, ასევე რა არგუმენტებით შეგვიძლია დავიცვათ პორნოგრაფია ცენზურის ზომების გატარებისაგან.
ერთი მხრივ, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პორნოგრაფია ეწინააღმდეგება მორალურ და რელიგიურ ფასეულობებს და უნდა აიკრძალოს, რადგან მისი სექსუალური შინაარსი არის მორალურად დამანგრეველი. რომ პორნოგრაფიის სექსუალური შინაარსი შეურაცხყოფს იმ მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილს, რომლებიც იცავენ რელიგიურ ფასეულობებს. რომ პორნოგრაფია ძირს უთხრის და დესტაბილიზაციას იწვევს საზოგადოების ზნეობრივი სტრუქტურისა, ამით კი საფრთხეს უქმნის ტრადიციული ოჯახისა და რელიგიურ ინსტიტუტებს, რაც მორალურად არასწორია. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას დაეკისრება პასუხისმგებლობა, ხელი შეუშალოს მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენებას. ამიტომ სახელმწიფო უფლებამოსილია ხელი შეუშალოს გონებრივად კომპეტენტური ადამიანების თავისუფლებას, მათი ნების საწინააღმდეგოდ, საკუთარი სიკეთისათვის. ამრიგად ასეთი მოსაზრებით სახელმწიფოსთვის სრულიად ლეგიტიმური იქნებოდა მოზრდილთათვის აეკრძალა პორნოგრაფიის გამოქვეყნება ნახვა, რათა დაეცვა მთლიანად საზოგადოების მორალური ჯანმრთელობა.
განსხვავებული მოსაზრებით ნაწილი საზოგადოებისა უარყოფს ზემოთ ხსენებულს. ამასთან ბევრი აღიარებს, რომ პორნოგრაფია, რომლის ძირითადი ფუნქცია სექსუალური აღშფოთების გამოწვევაა მაყურებელში არის ,,დაბალი ღირებულების’’ მატარებელი. ამასთანავე საზოგადოების ამ ნაწილის აზრით მნიშვნელოვანია მოზრდილებს არ აეკრძალოთ საკუთარი ნების გამოხატვა. მორალურ უმრავლესობას არ უნდა ჰქონდეს უფლება გამოიყენონ კანონი უმცირესობათა განსხვავებული მოსაზრებების ჩასახშობად. შესაბამისად ერთადერთი საფუძველი, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ ლეგიტიმურად სახელმწიფოს მიერ ინდივიდუალური თავისუფლების შეზღუდვისათვის, არის სხვებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილება. ამრიგად, ცენზურისა და სახელმწიფო რეგულირების სხვა ფორმებზე დებატის დროს, უდა იყოს ნაჩვენები, რომ პრობლემატური საკითხი პირდაპირ იწვევს სხვაზე ძალადობას. ასე, რომ შესაძლებელია პორნოგრაფიის უფლების (ზრდასრული ადამიანებს არ აეკრძალოთ პორნოგრაფიის გადაღება, გამოქვეყნება, მოხმარება) დაცვაც.
პირველ რიგში, ეს უფლება შეგვიძლია დავიცვათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საფუძველზე. რომელიც იცავს ინდივიდების თავისუფლებას გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები. ამგვარი გადმოსახედიდან პორნოგრაფიის ცენზურის გამართლება მოითხოვს, რომ არსებობდეს განსაკუთრებით დიდი ზიანი, რომელსაც ის აყენებს საზოგადოებას. ,,პორნოგრაფიის უფლება’’ შეიძლება დავიცვათ პირადი ცხოვრების უფლების საფუძველზეც, რომლის ფარგლებშიც ინდივიდები ფლობენ საკუთარ შეხედულებებს, თავისუფალნი არიან სახელმწიფოს და სხვა პირების მიერ იძულებითი ზეწოლისა ან ჩარევის საფრთხისგან. სიტყვის თავისუფლების უფლების მსგავსად, პირადი ცხოვრების დაცვა არ არის აბსოლუტური. მისი უგულებელყოფა შეიძლება, თუ კერძო პირების საქმიანობა ისეთია, რომ სხვებს მნიშვნელოვანი ზიანს აყენებს. ამრიგად, თუ არსებობს მტკიცებულებები, რომ პორნოგრაფიის ნებაყოფლობითი პირადი მოხმარება დიდ ზიანს აყენებს სხვებს და სახელმწიფო აკრძალვები მისი თავიდან აცილების ერთადერთი ეფექტური გზაა - სახელმწიფოს აკრძალვის კანონიერი ინტერესი ექნება. მაგრამ არც პორნოგრაფიული მოსაზრებების გამოხატვა და არც პორნოგრაფიის პირადი მოხმარება მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს სხვებს, ამრიგად, პორნოგრაფიის გამოქვეყნება და ნებაყოფლობითი პირადი მოხმარება სახელმწიფოს საქმე არ არის.
ჩვენ განვიხილეთ როდისაა საზოგადოების ნაწილის აზრით დასაშვები კანონმა შეზღუდოს თავისუფლება. ასევე მეორე გადმოსახედიდან, გამოხატვისა და პირადი ცხოვრების შესახებ უფლებებმა, რომლის დარღვევაც კანონშივეა გაწერილი დაუშვებლად, დაიცვა თავისუფალი ნება. შესაბამისად ვთვლი, რომ მოსაზრება რომლის თანახმადაც კანონი მუდმივად ზღუდავს თავისუფლებას არასწორია და როგორც ბლოგის დასაწყისში აღვნიშნე თავისუფლება დაცულია სწორედ კანონის მეშვეობით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.