საზოგადოების შექმნისთანავე მასში იწყება დაუსრულებელი პროცესი წესებისა და კანონების ფორმირებისა. ადამიანებს შორის თანაცხოვრობა გულისხმობს წესრიგსა და ორგანიზებულობას, რომელიც სწორედ წესებისა და სოციალური ნორმების მეშვეობით ხორციელდება. ერთი შეხედვით ობიექტურ ჭეშმარიტებას კონსეკვენციალისტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ამბობს რომ წესების დარღვევა საჭიროა.
კონსეკვენციალიზმი არის თეორია შეფასების შესახებ, რომელიც ორიენტირებულია საბოლოო შედეგზე. ამ თეორიის მიხედვით, გამართლებულია ნებისმიერი საშუალება (ისინიც კი, რომლებიც ერთი შეხედვით საზოგადოებისთვის ამორალურად ითვლება) თუკი საბოლოოდ მიიღწევა ბედნიერება/კეთილდღეობა, რადგან ერთადერთი ღირებულება ბედნიერებაა.
მაგალითების საფუძველზე განვიხილოთ კონსეკვენციალისტური წესების უარყოფის მიზეზები. სტუარტ ჰემპშირი ვიეტნამის ომის შესახებ წერდა, რომ უტილიტარული მორალის ზოგადად მიღებამ ხელი შეუწყო სოციალურ პროგრესს, თუმცა ის გახდა დაბრკოლება. ხალხის ხოცვა-ჟლეტამ და ომებმა დროის დიდ მონაკვეთზე გაამართლა სარგებელი კაცობრიობისთვის, თუმცა დამყარდა თუარა საბოლოო სიკეთე? კონსეკვენციალიზმში 1 ადამიანის სიცოცხლე ისეთივე მნიშვნელოვანია,როგორც 10-ის. უტილიტარიზმისგან განსხვავებით, ის გააკეთებს ყველაფერს, რათა გადაარჩინოს ის 1 და ეს იქნება საბოლოო შედეგი, რომლისკენაც იღწვის. ომის მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, მარტივად გავიაზრებთ თუ რამდენი ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა, თუკი ეს ომი საერთოდ არ მოხდებოდა. საკითხავია, რა იგულისხმება „კაცობრიობის სარგებელში“ და რატომ გადაწონა მან ათასობით ადამიანის სიცოცხლე. ვიეტნამის ომის პერიოდში ადამიანებს, რომ დაეწყოთ ინდივიდუალურად აზროვნება, დაფიქრებულიყვნენ თუ რა შედეგებამდე მიიყვანდა ეს ყველაფერი, ისინი აუცილებლად მივიდოდნენ დასკვნამდე, რომ დაერღვიათ წესები. გენერალი არავინაა, თუკი ომში არ არის ჯარისკაცი, რომელიც იბრძოლებს. ჯარისკაცების მიერ წესების დარღვევა გამოიღებდა სასიკეთო შედეგს და კონსეკვენციალიზმის პრინციპებს დაიცავდა. იმის დასასაბუთებლად, რომ ეს შედეგი მიღწევადია მახსენდება პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ე.წ „Christmas truce”. საპირისპირო ბანაკებმა დაყარეს იარაღი და იგრძნეს ბედნიერება. ამ ყველაფერზე კანტი ალბათ იტყოდა, რომ გონების კერძო გამოყენება ამგვარი საქმეებისთვის მართებული არ იქნებოდა. ყველა ჯარისკაცს რომ ფიქრი დაეწყო ვინღა იომებდა?! სწორედ ესაა აქ მთავარი, რომ თითოეულ ადამიანს უნდა შეეძლოს განსჯა იმისა თუ რა შედეგს მოიტანს მისი გადაწყვეტილება და კანტის საპირისპიროდ ჯარისკაცს მოვალეობის შესრულებისასაც მოეთხოვება ფიქრი.
ისევ იმავე სფეროში რომ გავაგრძელო საუბარი, ომში არსებობს მომენტები, როდესაც არ იქნება ის ვინც გასცემს ბრძანებას. სიტუაციის შუაგულში მოხვედრილს კი უნდა შეგეძლოს როგორც წესების მიყოლა, ისე მისი დარღვევა. ვთქვათ ვარ ისეთი რელიგიის წარმომადგენელი, რომელსაც ეკრძალება კაცის მკვლელობა და მაინც წავედი ომში ჯარისკაცად, იმ მიზნით რომ დავეხმარო რაც შეიძლება მეტ დაჭრილს. ამით მე ვარღვევ ყველა იმ წესს, რომლის დაცვაც მომეთხოვება, თუმცა ჩემმა ქმედებამ შეიძლება გადაარჩინოს მრავალი ადამიანი. მორალური ვალდებულებები ხშირად ეწინააღმდეგება შემუშავებულ წესებს და მათზე მორალი იმარჯვებს.
დავფიქრდეთ, დღეს არ იქნებოდა არაფერი თუკი ვიღაც არ გადაწყვეტდა, რომ წესები დაერღვია. ისინი მუდმივად იცვლება და მოდიფიცირდება დროის მსვლელობასთან ერთად, იმ ადამიანების მიერ ვინც არღვევს წესებს. განვიხილოთ შავკანიანი ხალხის მაგალითი. ისინი იყვნენ ე.წ „დაბალი ფენა“, რომელთაც ტრამვაიში დაჯდომის უფლებაც კი არ ჰქონდათ თეთრკანიანებთან ერთად. წესების არ დამორჩილება იწვევს პროგრესს, რომელსაც მოაქვს საზოგადოებრივი კეთილდღეობა, თანასწორობა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.