ENG GEO

Search form

უტილიტარიზმი და სასჯელი

უტილიტარიზმი ესაა ეთიკური თეორია, რომელიც გვეუბნება, რომ ზნეობრივად გამართლებულია ,,ჯამური ბედნიერების“ მომტანი ქმედება. ამ უკანასკნელის მორალური ღირებულება განისაზღვრება შედეგით, ამიტომ ეს ეთიკური თეორია წარმოადგენს კონსეკვენციალიზმის ნაწილს. ისე უნდა მოვიქცეთ, რომ მივიღოთ ბედნიერება. სიკეთის საზომი კი არის ის, მოაქვს თუ არა გარკვეულ მოვლენას/მოქმედებას მაქსიმალური ბედნიერება მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის. უტილიტარისტული თეორია დამნაშავეობასა და სასჯელს თავისებურად უყურებს, თუმცა იმისათვის, რომ სწორად გავაანალიზოთ უტილიტარისტთა ხედვები ამ საკითხებთან დაკავშირებით, საჭიროა ვიცოდეთ ის ,,კომპონენტები“, რომლისგანაც შედგება უტილიტარიზმი. პირველი, ესაა ჰედონიზმი, მეორე - აგრეგაცია. სასჯელზე საუბრისას ყველაზე საინტერესო აგრეგაციაა, ვინაიდან, ის გვეხმარება უკეთ გავაანალიზოთ უტილიტარისტთა ნაკლოვანებები სასჯელზე მსჯელობისას. თუ ჰედონიზმი გვეუბნება, რა არის კარგი ინდივიდუალურად ერთი ადამიანისთვის, აგრეგაცია გვიჩვენებს, როგორ ვაქციოთ ეს ,,კარგი“ საერთო შედეგად მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის. ანუ, აგრეგაცია ერთგვარი ჯამია, საერთო სურათია. სწორედ ეს ჯამი არის ის, რაც უტილიტარისტულ თეორიაში სასჯელის გაგებას ხდის პრობლემურსა და ბუნდოვანს. მარტივ მათემატიკურ ამოხსნაში რომ გადავიყვანოთ აგრეგაციის, როგორც ჯამის ცნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ახლა წარმოვიდგინოთ ორგვარი მოცემულობა. ორივე მათგანში, პირობითად მოქალაქე A არის ბოროტი, ეგოისტი, მატყუარა და გარკვეული თვისებების გამო ჩადის დანაშაულს. ხოლო მოქალაქე B კეთილი, მეგობრული ადამიანი და შესაბამისადვე იქცევა. პირველ მოცემულობაში A მოქალაქე დააკავეს, ვინაიდან ის თვისებებიდან გამომდინარე დანაშაულს ჩადის, ხოლო B მოქალაქე იღებს თანხას, ერთგვარ საჩუქარს, ეს მას აბედნიერებს. მეორე მოცემულობაში პირიქით ხდება: A მოქალაქე ღებულობს თანხას, ხოლო B დააპატიმრეს. მას არაფერი დაუშავებია, თუმცა მაინც ის დააკავეს. აგრეგაციის თეორიის თანახმად, ორივე მოცემულობა არის ერთნაირად კარგი, რადგან ჯამი იდენტურია. თუ თანხის მიღება ანიჭებს ბედნიერების გარკვეულ ხარისხს ნებისმიერ ადამიანს (პირობითად, +5) , ხოლო დაპატიმრება უბედურს ხდის (-5), ორივე შემთხვევაში ჯამი იქნება 0. სწორედ ეს იგულისხმება, როცა აგრეგაციას უწოდებენ ჯამს. ალბათ, ბევრი იფიქრებს, რომ ამგვარი მსჯელობა არასწორია. განაწილება, ანდაც შესაკრებები მნიშვნელოვანია. ადვილი შესამჩნევია, რომ ამგვარ მსჯელობაში ადამიანი, როგორც ინდივიდი საკუთარი, პიროვნული მახასიათებლებით, სრულად იგნორირებულია. ყურადღება კი გამახვილებულია მხოლოდ შედეგზე, ის კი ჩემ მიერ მოყვანილ მაგალითში, ორივე მოცემულობაში არის 0.

ამასთან, არ შეიძლება უგულებელყოფა იმ ფაქტისა, რომ უტილიტარისტულ თეორიაში აბსოლუტური თეორიებისგან განსხვავებით, სასჯელს არ აქვს შურისმაძიებლური სახე. ანუ დამნაშავე არ ისჯება იმის გამო, რომ წარსულში ჩადენილ დანაშაულზე აწმყოში უნდა აგოს პასუხი. უტილიტარისტები ფიქრობენ, რომ სასჯელი ყოველთვის არის ,,ცუდი“ და არასდროსაა ბედნიერების მომტანი. ერთადერთი მდგომარეობა, რომელშიც შეიძლება მისი გამართლება, ესაა მომავალში ,,ჯამური ბედნიერება“ ბევრი ადამიანისთვის. სასჯელი იმაზე მეტად უნდა იყოს ბედნიერების მომტანი, ვიდრე ტკივილისა. ანუ, პირობითად, 1 ადამიანის მკვლელობა მისაღებია, თუ ეს გადაარჩენს 50 ადამიანს. ასევე, უტილიტარისტები მიიჩნევენ, რომ სასჯელს უნდა ჰქონდეს ერთგვარი მაგალითის ფორმაც. სხვები თუ დაინახავენ როგორ ისჯება კონკრეტული ადამიანი, ეს გარკვეულწილად შეიძლება იყოს გარანტი იმისა, რომ მომავალში რაც შეიძლება ცოტა ადამიანი ჩაიდენს მსგავს დანაშაულს. უტილიტარისტულ თეორიაში მრავალი საინტერესო დეტალია სასჯელთან დაკავშირებით. ის, რომ სასჯელი უნდა იყოს დანაშაულის პროპორციული ან ბავშვები და მენტალური დაავადებების მქონე პირები არ უნდა ექვემდებარებოდნენ სასჯელს, ძალიან ჰუმანური მოსაზრებებია. ყურადღებას გავამახვილებდი იმაზეც, რომ უტილიტარისტების შეხედულება, რომ არ უნდა დასჯილიყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ არატრადიციული სექსუალური ურთიერთობები, იმ ეპოქისთვის ძალიან პროგრესულია, ვინაიდან, რიგი სახელმწიფოები სჯიდნენ ადამიანებს ამ მიზეზით. ასევე, უტილიტარიზმის თეორია ამბობს, რომ ადამიანი არ უნდა დაისაჯოს იმ დანაშაულისთვის, რომლის ჩადენის მომენტშიც ეს ქმედება არ მიიჩნეოდა უკანონოდ, დანაშაულად. ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი მოსაზრებები მართლაც ჰუმანურია, თუმცა მინდა გავამახვილებ ყურადღება იმაზე, რომ უტილიტარისტთა არც ერთი შეხედულება არ არის ნაკარნახევი ,,სამართლიანობის აღდგენით“, არ განიხილავს თითოეულ ადამიანს, როგორც ცალკეულ ინდივიდს და არც მის ბედნიერებას აფასებს. ის, რომ უტილიტარისტულ თეორიაში ჰომოსექსუალი არ უნდა დაისაჯოს იდენტური სქესის მქონე ადამიანთან ურთიერთობის გამო, ახსნილია არა იმით, რომ ყოველ ინდივიდს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც სურს და რომ ვერც ერთი კანონი ვერ ჩაერევა ადამიანის პირად ცხოვრებაში, თუ ის, რა თქმა უნდა, სხვებს არ აყენებს ზიანს, არამედ იმით, რომ ჰომოსექსუალთა არსებობა და მათი ურთიერთობები არ უქმნის საფრთხეს ,,ჯამურ ბედნიერებას“. საზოგადოება არ ზარალდება, არც ბედნიერების დამატებით ხარისხს იღებს და არც აკლდება ის. იგივეს თქმა შეიძლება იმ შეხედულებაზე, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია ბავშვებისა და მენტალური დაავადებების მქონე ადამიანების დასჯა. ეს მოსაზრება ეფუძნება არა იმას, რომ მოცემული ჯგუფები, განსაკუთრებით მენტალური პრობლემების მქონე, წარმოადგენს უმცირესობას და რომ შეუძლებელია მათ მოვთხოვოთ საღად მოქმედების უნარი, იმის გამო, რომ საკუთარ თავზე ვერ არიან პასუხისმგებელნი, არამედ იმიტომ, რომ სწორედ ამ შეზღუდულობის გამო, ამ ჯგუფების დასჯას აზრი არ აქვს. სხვა ბავშვები და მენტალური დაავადებების მქონე პირები ვერ გამოიტანენ დასკვნებს, მაშინ როცა ნახავენ დასასჯელის პოზიციაზე მათ მსგავს პირებს. ისინი ვერ აკონტროლებენ სრულად ქმედებებს. სხვავარად რომ ვთქვათ, 5 წლის ბავშვმა თუ ნახა, როგორ ისჯება 11 წლის ბიჭი ქურდობის გამო, ეს მისთვის არაფერს ნიშნავს, ვინაიდან 5 წლის ბავშვი ვერ არის პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე. შესაბამისად, 5 წლის ბავშვის დასჯა ,,ჯამურ ბედნიერებას“ სამომავლოდ ვერც ვერაფერს შემატებს ან მოაკლებს.უტილიტარიზმი აგრეგაციის ,,წყალობით“ ივიწყებს შესაკრებებს. ის, რაც კონკრეტულ სიტუაციაში ჰუმანურად გვეჩვენება, სხვა მოცემულობაში შესაძლოა არალოგიკური ან არაჰუმანურიც კი იყოს. არაა გამორიცხული, შესაკრებები იმგვარად შეიცვალოს, როგორც ჩემ მიერ ზემოთ მოყვანილ მაგალითში.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.