ENG GEO

Search form

Would You Take The Red Pill?

ფილოსოფოსები უძველესი დროიდან ცდილობენ ახსნან თუ რა არის ჩვენი ცხოვრების მიზანი. ამ საკითხზე უამრავი განსხვავებული მოსაზრება არსებობს, შესაძლოა იმდენიც კი, რამდენი ადამიანიცაა სამყაროში. ერთ-ერთი მათგანია ჰედონიზმი, რომლის მიხედვითაც ცხოვრების მიზანს უდიდესი სიამოვნების და სიტკბოების მოპოვება წარმოადგენს. ჰედონისტური ეთიკის სულისჩამდგმელი არისტიპუსი თვლიდა, რომ ბედნიერებისკენ გზა სიამოვნების გაზრდასა და ტკივილისგან თავის არიდებაში მდგომარეობს. ჰედონიზმს მრავალი ფილოსოფოსი და მოაზროვნე ეწინააღმდეგება, ვინაიდან, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს სიამოვნების მიღებისთვის ამორალური საქციელის ჩადენა უწევს, ამისთვის კი ყველა მზად არ არის, მით უმეტეს ის პიროვნებები, რომელთათვისაც მორალი სიამოვნებაზე მაღლა დგას.

ჰედონიზმის ვალიდურობის პრობლემას ვაწყდებით რობერტ ნოზიკის აზრით ექსპერიმენტშიც, რომელსაც გამოცდილების მანქანა (Experience Machine) ეწოდება. აზრითი ექსპერიმენტი გვთავაზობს წარმოვიდგინოთ ისეთი დანადგარი, რომლის საშუალებითაც შეგვეძლება გადავინაცვლოთ სიმულაციურ რეალობაში, სადაც უარყოფით ემოციებს არ განვიცდით და მხოლოდ პოზიტიურ გამოცდილებებს ვიღებთ. ამ სიმულაციურ რეალობაში დადებით ემოციებს ვაგროვებთ და მაქსიმალურ სიამოვნებას განვიცდით. რაკი ჰედონიზმის მიხედვით ცხოვრების მიზანი უდიდესი სიამოვნების მიღებაა, მსგავსი სიმულაციური რეალობა ყველასთვის სასურველი უნდა იყოს, თუმცა ნოზიკის აზრით, არსებობს მიზეზები იმისა, თუ რატომ არ აირჩევს ყველა ადამიანი ამ სიმულაციურ რეალობას. ამით, ის ცდილობს დაამტკიცოს, თუ რატომ ცდებიან ჰედონისტები, როცა ცხოვრების მიზნად მხოლოდ მაქსიმალური სიამოვნების მიღებას განიხილავენ.

ნოზიკი ასახელებს რამდენიმე მიზეზს იმისა, თუ რატომ შეიძლება ადამიანმა უარი თქვას სიმულაციურ რეალობაში გადასვლაზე.

პირველ რიგში, ის ამბობს, რომ ადამიანებს სურთ რომ რეალურად იმოქმედონ და არა მხოლოდ კონკრეტული ქმედების გამოცდილება მიიღონ. ასევე, აღნიშნავს, რომ გამოცდილების მანქანაზე შეერთებისას ჩვენი შესაძლებლობები იზღუდება, რადგან უბრალო ადამიანის მიერ შექმნილ სამყაროში გადავინაცვლებთ, რომელსაც არ აქვს უფრო ღრმა აზრი. ბევრ ადამიანს კი სურს, რომ სამყაროში ნამდვილად არსებობდეს რაღაც ფარული მნიშვნელობა და აზრი, ისეთი რამ, რაც თავად ადამიანზე მეტია, ხოლო ეს ყველაფერი ჩვენს მიერ შექმნილ სიმულაციურ გარემოში არ იარსებებს. ცნობილი ფილმი „მატრიცის“ პერსონაჟი ნეოც მსგავსი მიზეზის გამო ამბობს უარს მატრიცაში დარჩენაზე და მოჩვენებით სამყაროში ცხოვრებას სიმართლის გაგებას არჩევს. თუმცა, ნეო გამონაკლისია იმ მრავალ ადამიანს შორის, რომელიც მის ადგილას წითელი აბის ნაცვლად ლურჯ აბს აირჩევდა.

ვფიქრობ, ნოზიკის მიერ დასახელებულ მიზეზებს მეტი სიზუსტე და მტკიცება სჭირდებათ და ისინი არც ისე ძლიერი არგუმენტებია. მაგალითისთვის, სიმულაციურ რეალობაში გადასული ადამიანი ერთმანეთისგან ვერ გაარჩევს რეალურ ქმედებას და ქმედების გამოცდილებას. მას მართალია არ ეცოდინება მის სამყაროში არსებობს თუ არა რაღაც მალული აზრი, მაგრამ, ეს ხომ არც ჩვენ ვიცით დანამდვილებით და არც იმის გარანტია გვაქვს, რომ ახლაც მსგავსი ექსპერიმენტის ნაწილი არ ვართ და რომ ჩვენი სხეულები სადღაც, სხვა სამყაროში, გამოცდილების მანქანასთან არ არიან დაკავშირებულნი.

ვფიქრობ, ნოზიკი აპელირებს აზრითი ექსპერიმენტის მიერ დასმული პირობებით, რომლის მიხედვითაც ადამიანს თავად უწევს მკაცრი გადაწყვეტილების მიღება - აირჩიოს რეალური სამყარო, თუ მიატოვოს ყველაფერი, რაც მისთვის ნაცნობი და საყვარელია და სამუდამოდ უარი თქვას თავის ძველ ცხოვრებაზე. რა თქმა უნდა, ამ არჩევანის გაკეთება რთულია, თუმცა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს რეალური ქმედება ურჩევნიათ მხოლოდ გამოცდილების მიღებას, არამედ, იმიტომ, რომ ჰედონისტური სამყაროს ასარჩევად მათ თავიანთი ცხოვრების უცაბედად, მტკივნეულად დატოვება უწევთ, შესაბამისად აქ უბრალო ადამიანური სენტიმენტები დიდ როლს თამაშობს.

ნოზიკის აზრითი ექსპერიმენტის გამოცდილების მანქანა რომ სხვა რამით, თუნდაც, აბებით ჩავანაცვლოთ, რომელიც ჩვენივე სამყაროში უარყოფით გამოცდილებებს თავიდან აგვარიდებს და მხოლოდ მაქსიმალურ სიამოვნებას მოგვანიჭებს, ვფიქრობ, ამას ადამიანების უმეტესობა დაუფიქრებლად დათანხმდებოდა.

„მატრიციდან“ ჩემთვის ჰედონიზმთან ასოცირდება პერსონაჟი, რომელიც ერთი შეხედვით ფილმის ანტაგონისტია, თუმცა ვფიქრობ, რომ ის სწორედ ისეთი ადამიანის მაგალითია, რომელიც ნოზიკის ექსპერიმენტშიც კი გამოცდილების მანქანაში შეერთებას აირჩევდა. საიფერმა, რომელმაც თავის დროზე მატრიცას თავი დააღწია და წლების განმავლობაში მკაცრი რეალობა აღიქვა, გადაწყვიტა, რომ ასეთ ტანჯვით სავსე ცხოვრებას მატრიცაში დაბრუნება და „ყალბი“ ბედნიერებით ცხოვრება ერჩია - “I know this steak doesn't exist. I know that when I put it in my mouth, the Matrix is telling my brain that it is juicy and delicious. After nine years, you know what I realize? Ignorance is bliss.”

იმის მიუხედავად, რომ ნოზიკის ეს ექსპერიმენტი ჩემს თვალში ჰედონიზმს ვერ ამარცხებს, ის მაინც გვაფიქრებს იმაზე თუ რა შინაგანი ღირებულება აქვს რეალურ ცხოვრებას თითოეული ჩვენგანისთვის, თუკი მას სიამოვნებისგან დავცლით და ღირს თუ არა ტანჯვის ატანა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს მიერ მიღებული გამოცდილებები “რეალური” იყოს. 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.