ჩემი აზრით, ეთიკური ეგოიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი “მოქმედების გეგმა ” ნებისმიერი ადამიანისთვის. მნიშვნელოვანია, ეთიკური ეგოიზმის ფსიქოლოგიური ეგოიზმისგან განსხვავება. ფსიქოლოგიური ეგოიზმი არის თეორია იმის შესახებ თუ როგორ ვმოქმედებთ, ხოლო ეთიკური ეგოიზმი არის თეორია იმის შესახებ თუ როგორ ვიმოქმედოთ.
ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია წარმატება, წარმატება ბევრი სხვადასხვა კუთხით. შესაძლოა, ვინმეს არ აინტერესებდეს კარიერული ზრდა და სურდეს პიროვნული (ადამიანური) წარმატების მიღწევა. ჩემი აზრით, ნებისმიერი ტიპის წარმატების მისაღწევად, ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ეთიკური ეგოიზმი, ხოლო ალტრუიზმი, პირიქით, უკან გვხევს და უფრო რთულს ხდის წარმატების მიღწევის პროცესს, ხანდახან კი სრულიად შეუძლებელს. ამ შემთხვევაში მინდა ვისაუბრო წარმატებაზე 3 სხვადასხვა ასპექტში, რომელიც უმეტესობისთვის არის მეტად სასურველი XXI საუკუნეში - კარიერული, ფინანსური და პრიროვნული და როგორ მიემართება ამ სამს ეთიკურად ეგოისტური ქმედებები.
კარიერული წარმატების მისაღწევად ადამიანი გადის ბევრ რთულ ეტაპს - იღებს განათლებას, გადის გასაუბრებას, იცვლის სამუშაო ადგილებს, იბრძვის დაწინაურებისთვის, რომ საბოლოოდ კარიერულ კიბეზე მიაღწიოს სასურველ საფეხურს. ამავდროულად, ყველა საფეხურზე ის იღებს გადაწყვეტილებებს და მოქმედებს ამ გადაწყვეტილებების შესაბამისად. იმის მიხედვით თუ როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება, განისაზღვრება გადადგამს თუ არა ადამიანი ნაბიჯს წინ, დარჩება იმავე ადგილზე თუ საერთოდ უკან დაიხევს. ეთიკური ეგოიზმის შემთხვევაში, ადამიანი მოქმედებს 100% საკუთარი, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო სხვების ინტერესებს აყენებს უკანა ფლანგზე. შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილებაც მას წინ წასწევს, ხოლო თუ ის იქცევა ალტრუისტულად, იგი ხარჯავს დროსა და ენერგიას სხვებზე, შესაბამისად, ეს პროცესი ჭიანურდება. ხშირად, ბედის ირონიიდან გამომდინარე, შესაძლოა იმან, ვისზეც პირველმა პიროვნებამ დახარჯა თავისი დრო, მიიღოს ეს ეთიკურ ეგოისტური გადაწყვეტილება და წავიდეს წინ ხოლო ის პიროვნება ჩამოიტოვოს უკან. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეთიკური ეგოიზმი არ ნიშნნავს იყო ცუდი ან ბოროტი ადამიანი, უბრალოდ, გულისხმობს საკუთარი თავის პირველ პრიორიტეტად გამოცხადებას. იმისათვის, რომ უფრო გასაგები იყოს რაზე ვსაუბრობ მარტივი მაგალითია სამუშაო სივრცეში უნიკალური უნარის სხვებისთვის არ გაზიარება იმისათვის, რომ დარჩე შეუცვლელ თანამშრომლად, ან რაიმე ინფორმაციის საკუთარი თავისთვის დატოვება, რაც საბოლოოდ წაგადგება შენ. ამით სხვას არაფერს აკლებ, ხოლო საკუთარ თავს პოზიციონირებ უნიკალურად.
მეორე ასპექტი არის ფინანსური წარმატება, რომლის მიღწევაც ასევე რთულია და დიდად არის დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ ფინანსურ მდგომარეობაზე, თუმცა ბევრი სხვადასხვა “სწორი” გადაწყვეტილების მიღებით, ზუსტად ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა ბევრად უფრო დიდ წარმატებას მივაღწიოთ ამ კუთხით, ვიდრე ველოდით. ფინანსურ საკითხებში, ჩემი აზრით, ალტრუიზმი ზოგადად თითქმის მიუღებელია. მაგალითად, ვალების გაცემით, სხვების უბრალოდ დახმარებით და საკუთრი ქონების გახარჯვით და არა ინვესტირებით წარმატებას ნამდვილად ვერ მივაღწევთ. გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ კერძო, მატერიალური ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც სასიკეთოა ჩვენთვის. კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ეთიკურად ეგოისტური ქმედებები არ ნიშნავს სხვისთვის საზიანო ქმედებას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მსგავსი ნაბიჯები საუკეთესო ვარიანტია. განვიხილოთ ყველასთვის ნაცნობი და მარტივი მაგალითი: ტაქსები და მიწოდების სერვისი - ის ფაქტი რომ ტაქსის მძღოლები ხშირად არ ისვამენ მგზავრებს მოკლე მარშრუტებზე, ან ცუდ ამინდსა და საცობში მგზავრობის ტარიფები აწეულია, შესაძლოა მომხმარებლისთვის იყოს არაკომფორტული, თუმცა ამ შემთხვევაში, ვინაიდან სერვისზეა საუბარი, მიმწოდებელს აქვს სრული უფლება იყოს ეთიკურად ეგოისტური და მოითხოვოს უფრო მაღლაი ანაზღაურება. ცუდ ამინდში შესაძლოა დაზიანდეს სატრანსპორტო საშუალება, ხოლო მოკლე მანძილზე შეიძლება მეტი ღირებულების საწვავი დაიხარჯოს, ვიდრე მძროლის გასამრჯელოა.
და ბოლოს განვხილოთ პიროვნული წარმატება, წინსვლა და განვითარება, რისთვისაც ეთიკურად ეგოისტური გადაწყვეტილებები, ალბათ, ყველაზე მეტად არის გამოსადეგი. შესაძლოა ეს გასაკვირი იყოს, რადგან როდესაც ვსაუბრობთ ადამიანობაზე, ურთიერთობებზე და პიროვნებაზე, ეგოიზმი გაგვყავს იმ ცუდ თვისებებში, რომლებიც არ უნდა ახასიათებდეს ადამიანს, ხოლო ალტრუიზმი კი პირიქით. მარტივად რომ ვთქვათ: “თუ სხვებზე ფიქრობ, ესეიგი კარგი ადამიანი ხარ”. ჩემი აზრით, ეს არასწორია. როდესაც ადამიანი იღებს ეთიკურად ეგოისტურ გადაწყვეტილებებს და მოქმედებს ის,ე როგორც სასიკეთოა მისთვის, იგი აყალიბებს თავის პიროვნებას. მსგავსი ქმედებები ეხმარება თვითგანვითარებას, თვითკმაყოფილების გრძნობის გაჩენას ადამიანში, თვითშეფასების ამაღლებას და როდესაც ადამიანი მიაღწევს ყოველივე ამას, მაშინ ის იწყებს ურთიერთობებს სურვილიდან გამომდინარე და არა საჭიროებიდან, ამის შემდგომ უკვე იწყებს ალტურისტულ ქმედებებს და სხვაზე ფიქრს. მას მერე რაც პიროვნებამ საკუთარი თავი ჩამოაყალიბა, გადადგა ნაბიჯები საკუთარი თავისთვის და დაიკავა თავისი ადგილი სოციუმში, ის ხდება სოციუმის ბევრად უფრო წარმატებული წევრი, ვიდრე ის ვინც არ იღებდა ეთიკურად ეგოისტურ გადაწყვეტილებებს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ,რომ ეთიკური ეგოიზმი და ალტრუიზმი ერთმანეთის გამომრიცხავი თეორიები არ არის და არ იგულისხმება, რომ თუ ადამიანი მოქმედებს ერთის მიხედვით, ის ვერ იმოქმედებს მეორეს მიხედვითაც. ვფიქრობ, როდესაც საქმე ეხება ადამიანს რომელიც ცხოვრობს თანამედროვე სამყაროში და საზოგადოებაში, ეგოიზმი არის უფრო მნიშვნელოვანი და აუცილებელი იმასთვის, რომ მან მიიღოს ის რაც სურს და მიაღწიოს წარმატებას.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.