კონსეკვენციალიზმი არის მორალის თეორია, რომლის მთავარი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერი პირობისას პირმა უნდა აირჩიოს ის ვითარება, რომელიც საზოგადოებისთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნება. ასეთი ფილოსოფია გულისხმობს, რომ ადამიანების მიზანია საყოველთაო კეთილდღეობა და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მათ ამ იდეით უნდა იხელმძღვანელოს. კონსეკვენციალიზმს რამდენიმე განხრა გააჩნია, რომელიც სხვადასხვანაირად განსაზღვრავს, როგორც კეთილდღეობის მნიშვნელობას, აგრეთვე მათ, ვისი კეთილდღეობაც არის გასათვალისწინებელი ყველაზე მეტად. მაგალითად, არსებობს ე.წ „ეგოისტური“ მორალური თეორია, რომლის მიხედვითაც, პირი საკუთარ კეთილდღეობაზე უნდა ამახვილებდეს ყურადღებას, თუმცა ამის თაობაზე აზრები იყოფა, ეკუთვნის თუ არა იგი კონსეკვენციალიზმს.
კონსეკვენციალიზმი გულისხმობს, რომ არსებობს ფიქრის კონკრეტული ლოგიკა, რომლის მიხედვითაც ადამიანებმა უნდა იმოქმედონ, რათა ბედნიერებას მიაღწიონ. ბედნიერების საზომი ადამიანების კეთილდღეობაა. მაგალითად, თუ ადამიანმა უნდა აირჩიოს ხალხის ორ ჯგუფს შორის, რომელს მისცემდა ფულის დიდ თანხას, კონსეკვენციალიზმის მიხედვით, ის აირჩევს ჯგუფს, რომელშიც მეტი ხალხია. ამ შემთხვევაში უფრო მეტი ხალხი იხეირებს.
მიუხედავად იმისა, რომ კონსეკვენციალიზმი აღიარებს, რომ ხალხის კეთილდღეობა უპირატესია, მის წესს რომ მივყვეთ, ადამიანებისთვის სანდო გარემო ვერ შეიქმნება. მხოლოდ ამ წესის დაშვებით საზოგადოებას ვერ ექნება იმის გარანტია, რომ ადამიანი მისი ინტერესებისთვის ყველაზე ხელსაყრელ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს ფილოსოფია გულისხმობს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მისი აღიარებული სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. ყურადღებამისაქცევია, რომ ეს არჩევანი შესაძლოა კანონსაც კი ეწინააღმდეგებოდეს. კონსეკვენციალიზმი ამბობს, რომ რაიმე კონკრეტული ვითარებისას შესაძლოა, ადამიანმა ისეთი ქმედება ჩაიდინოს, რომელიც კანონს, დადებულ პირობას ან საზოგადოების სხვა ტიპის შეთანხმებას ეწინააღმდეგება, თუ ეს საზოგადოების სასიკეთოდაა მიმართული. შესაბამისად, საზოგადოებისთვის კანონი აღარაა უზენაესი და ის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე უნდა იყოს დამოკიდებული. სწორედ ეს გამოიწვევს იმ არასანდო გარემოს.
საქმე ისაა, რომ სოციუმს უნდა გააჩნდეს რაიმე შეთანხმება, რომელიც რაღაც ტიპის ღირებულებებზეა დაფუძნებული. მართალია, კანონი ვერ გაითვალისწინებს ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციას, თუმცა ვერც კონსეკვენციალიზმის მოწოდება ვერ დააკმაყოფილებს მთელ საზოგადოებას, ვინაიდან ყველას ზოგადი კეთილდღეობის თავისი ხედვა გააჩნია.
იმისათვის, რომ კონსეკვენციალიზმის იდეამ იმუშავოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ის აგრეთვე საზოგადოების შეთანხმებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ეს შეთანხმება უნდა იგებოდეს იმ ღირებულებებისა და გადაწყვეტილებების საფუძველზე, რაც ხალხს გააჩნია ზოგად კეთილდღეობასთან დაკავშირებით. ამის მაგალითად, შეგვიძლია ავიღოთ ის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების (თვითმართვადი მანქანების, დრონების) შემუშავებისას, მათ უნდა გააჩნდეთ მორალური კოდი, რომლის მეშვეობითაც ავარიულ სიტუაციებში იმოქმედებენ. მასაჩუსეთსის უნივერსიტეტმა შეიმუშავა ტესტი, რომელშიც ადამიანი სხვადასხვა ავარიულ სიტუაციას ეცნობოდა და ირჩევდა იმას, თუ როგორ უნდა ემოქმედა მანქანას ამ თუ იმ ვითარებაში. ტესტმა საკმაოდ საინტერესო შედეგი აჩვენა. სხვადასხვა ქვეყანა განსხვავებულ ფაქტორებს ანიჭებდა უპირატესობას. ეს ნიშნავს, რომ მორალური კოდი შეიძლება განსხვავებული იყოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, სოციალური ფენის ან რაიმე სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სინამდვილეში კი, ნებისმიერი ეროვნებისა თუ სოციალური ფენის ადამიანს ერთნაირი უფლებები და თავისუფლებები უნდა ჰქონდეს, რასაც მხოლოდ კანონი უზრუნველყოფს.
შესაბამისად, ადამიანების კეთილდღეობის მაქსიმალური დაცვა შესაძლებელია მათი ხედვისა და კანონის მაქსიმალური დაახლოების გზით.
მარიამ კალანდია
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.