ENG GEO

Search form

უტილიტარული შეხედულებები ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებით

 ,,კონსეკვენციალიზმი” და ,,უტილიტარიზმი” ერთმანეთთან გაიგივებული ცნებებია, თუმცა ეს ორი ტერმინი ნაწილობრივ განსხვავდება.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ,,უტილიტარიზმი” რამდენიმე შეხედულებით ემიჯნება ,,კონსეკვენციონალიზმს”, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი ე.წ ,,საყოველთაო კეთილდღეობაა” (რაშიც მოიაზრება როგორც ადამიანთა, ისე ცხოველთა კეთილდღეობა).
    უტილიტარიზმი, როგორც ეთიკური თეორია, კარგსა და ცუდს განასხვავებს იმის მიხედვით, თუ რამდენად სიკეთისა და ბოროტების მომტანია პიროვნების ესა თუ ის ქმედება. მაშასადამე, ეს კონცეფცია შედეგზე ორიენტირებულია და ადამიანის მორალს სარგებლობის პრინციპით განსაზღვრავს. ერთი შეხედვით, ფილოსოფიურ-ეთიკური მოძღვრება, მართლაც რომ იდეალისტურია, თუმცა მსგავსად ბევრი თეორიისა, მასაც გააჩნია სუსტი მხარეები. ზოგადი მოცემულობებით რომ ვისაუბროთ, შეუძლებელია იმის მტკიცებას მივყვეთ, რომ ყველა ჩვენი ქმედების შედეგი პროგნოზირებადია, ანდაც ვისაუბროთ ინდივიდიალური უფლებების შელახვაზე და სხვ., მაგრამ ჩემი თემა არ შეეხება ამ საკითხებს, არამედ ამ მოძღვრების ერთგვარ წინააღმდეგობას საკუთარ პრინციპებთან, უფრო კონკრეტულად, ცხოველთა კეთილდღეობის საკითხს.
  ერთი შეხედვით, უტილიტარული მოძღვრება ამბობს,  რომ ცხოველთა კეთილდღეობა იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც ადამიანთა საყოველთაო კეთილდღეობა, მაგრამ, ვფიქრობ, არ ითვალისწინებს ადამიანთა ,,ზემდგომ” სტატუსს, რომელიც ბევრ სიტუაციაში უყურადღებოდ ტოვებს ამ მოჩვენებით თანასწორობას. უტილიტარიზმის მიმდევარი გააკრიტიკებს ხორცის ჭამას ერთ შემთხვევაში და გაამართლებს - მეორეში, რაც, ცხადია, შედეგების მიხედვით გადაფასდება. რასაკვირველია, შედეგების შეფასება ადამიანის მხრიდან მოხდება, რაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად აბსურდია იმის მტკიცება, რომ ადამიანთა და ცხოველთა კეთილდღეობა თანაბრად გათვალისწინებულია.
  ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პიტერ სინგერის მოსაზრება, რომელსაც ნეგატიური უტილიტარული შეხედულებები გააჩნია. ის ამბობს, რომ აუცილებელია, სამყაროში ტანჯვის საერთო რაოდენობა დასული იყოს მინიმუმამდე, ეს შეხედულება ეხმიანება ბუდას მოსაზრებას სამყაროში არსებული ბედნიერების შესახებ, რაც მხოლოდ და მხოლოდ ტანჯვის მინიმალიზებით იქნება შესაძლებელი. წეღან აღვნიშნე, რომ უტილიტარული შეხედულების მიხედვით, ხორცის ჭამა ზოგიერთ შემთხვევაში გამართლებულია, რასაც პიტერ სინგერი რადიკალურად ეწინააღმდეგება. ერთადერთი რამ, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს, ამ თემაზე საუბრისას, არის ცხოველის ტანჯვა და არა გარემო, ადამიანის ჯანმრთელობა და სხვ.
  უტილიტარიზმის კრიტიკა, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ინდივიდუალური ფასეულობის არ არსებობით შეიძლება დაიწყოს, ეს კონკრეტული ვრცელდება ცხოველებზეც. მაშასადამე, მე არ უნდა შევჭამო ცხოველი არა იმიტომ, რომ ამ ცხოველს ჰქონდა სიცოცხლის უფლება, არამედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში შეამცირებს სამყაროში არსებულ ტანჯვას. ცხადია, ეს შეხედულება იმით შეიძლება იქნას გაბათილებული, რომ ყველა არსებას, მემკვიდრეობითი, თანდაყოფილილი უფლება აქვს არსებობის და მისი სიცოცხლე არ უნდა იყოს რელატიური, არამედ ცალკე აღებულსაც უნდა გააჩნდეს ღირებულება.
  უტილიტარიზმის მიხედვით, ყველა სახის სიამოვნება თანაბრად მნიშვნელოვანია. მაგალითად ავიღოთ ხარების ბრძოლა, რომლის დროსაც ადამიანთა დიდი ნაწილი სიამოვნებას განიცდის, მაგრამ აქვე უნდა შევაფასოთ ხარების ტანჯვა, რომელიც შესაძლებელია, ვერ გადაწონიდეს ასი ადამიანის სიამოვნებას. მე თუ იმაზე მეტ სიამოვნებას ვიღებ ხარების ბრძოლის ყურებისას, ვიდრე, მაგალითად, ფეხბურთის, მაშინ მე მორალურად ვალდებულიც კი ვარ, რომ ხარების ბრძოლას ვუყურო, თუკი ვერანაირად ვერ შევამცირებ ხარების ტანჯვას - ამ იდეას ისევ იქამდე მივყავართ, რომ საბოლოოდ ყველაფერი დაიყვანება სამყაროში საერთო სიტუაცია  ,,გაუმჯობესებისაკენ” და არ ეხმიანება კეთილდღეობას, რომელსაც ასე ,,გამეტებით” იცავს უტილიტარიზმი. ამ კონკრეტულ სიტუაციაშიც, როგორც ჩანს, ადამიანთა სიამოვნებამ  გადაწონა ცხოველების ტანჯვით მიყენებულ ზიანი, რაც პირდაპირ უპირისპირდება მათი თანასწორობის იდეას.
    ხარვეზები არსებობს ყველა არსებულ თეორიაში, თუმცა ეს კონკრეტული კიდევ უფრო მეტად ართულებს სიტუაციას, რადგან დამოკიდებულია შედეგზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვარაუდის დონემდე დაიყვანება და, შესაბამისად, იწვევს მრავალ გაუგებრობას.

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.