ENG GEO

Search form

კონსეკვენციალისტური ჰედონიზმი

 

Კონსეკვენციალიზმი არის ეთიკური თეორია, რომელიც გვთავაზობს სწორისა და არასწორის შემდეგნაირ განმარტებას: სწორია ყველაფერი, რასაც სასიკეთო შედეგი მოაქვს, არასწორია ყველაფერი, რასაც არ მოსდევს ამგვარი შედეგი. Თითქოს საქვეყნოდ აღიარებულია, რომ ტყუილი ცუდია, მატყუარა ადამიანი - ცუდი ადამიანი, მაგრამ კონსეკვენციალისტების აზრით, თუ ტყუილი აუცილებელია, ვთქვათ, სიცოცხლის გადასარჩენად, მაშინ გამართლებულია ის. Და პირიქით - როცა ტყუილს ვამბობთ, რადგან ვინმესთვის გულის ტკენა არ გვინდა, ეს თითქოს გამართლებული საქციელია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში სიმართლის თქმა უფრო სასიკეთო იქნებოდა. 

Მოკლედ, კონსეკვენციალიზმი თითქოს არაფერ განსაკუთრებულს არ ამტკიცებს და საერთოდაც ძალიან მარტივი თეორიაა, მაგრამ მას ცალკეული განშტოებები აქვს, რომლებიც ამ მოძღვრების უბრალო განმარტებას, როგორიც ზევით დავწერე, უფრო კომპლექსურს ხდის. Კონსეკვენციალიზმის ერთ-ერთი სახე არის ჰედონიზმი. Სწორედ კონსეკვენციალისტურ ჰედონიზმზე, მისი მოწინააღმდეგეების შეხედულებებზე ვაპირებ ვისაუბრო და მათ დავუპირისპირო ზოგიერთი თეორეტიკოსის და პირადად ჩემი არგუმენტები, რითაც დავიცავ ჰედონიზმს, როგორც ფილოსოფიას, რომელსაც ადამიანისთვის ბედნიერების მეტი არაფერი ემეტება. 

Ნებისმიერი ლექსიკონი ჰედონიზმს განმარტავს, როგორც იდეალისტურ მიმდინარეობას, რომლის მიხედვითაც ადამიანის ცხოვრების მიზანს მაქსიმალური სიამოვნების მიღება წარმოადგენს. Ვინც მხოლოდ ამ განმარტებით დაკმაყოფილდება, აუცილებლად შეექმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ჰედონიზმი ძალიან ზედაპირულ, მორალურობისგან დაცლილ, მარტივ გზას გვთავაზობს ცხოვრების წარმართვის. Დაახლოებით ასეთსავე აზრზე იყო თავის დროზე ჰედონიზმის რამდენიმე კრიტიკოსიც. Ისინი მიიჩნევდნენ, რომ ჰედონიზმი ზედმეტად მარტივი ფილოსოფია იყო და არ შეიძლებოდა ასეთი მოძღვრების მიხედვით გაელია ადამიანს თავისი სიცოცხლის შეგნებული წლები. Სინამდვილეში, ჰედონიზმი სულაც არაა ასეთი მარტივი, მიუხედავად იმისა, როგორ უბრალოდაც არ უნდა ჟღერდეს თეზისი - ადამიანმა სიამოვნებისთვის უნდა იცხოვროს. Უპირველესად იმიტომ, რომ ჰედონიზმი მხედველობაში იღებს როგორც სიამოვნებას, ისე ტკივილსაც. Ერთი მეორის არარსებობა კი არაა, როგორც, მაგალითად, დეკარტი განმარტავს სიცივეს სითბოს არარსებობად, არამედ ეს ორი ცნება თუ მოვლენა დამოუკიდებელია ერთმანეთისგან. Ასეა იმიტომ, რომ ადამიანის გრძნობები საკმაოდ გადახლართულია ერთმანეთში - ერთდროულად ის შეიძლება გრძნობდეს სიამოვნებასაც და ტკივილსაც. 

Ალბათ იმის გამოც, რომ სიმარტივეს მიაწერდნენ, ჰედონიზმზე შეიქმნა შეხედულებაც, თითქოს მას ადამიანი ცხოველის დონეზე ჩამოჰყავდა. Ასე ფიქრობდა, მაგალითად, ინგლისელი ფილოსოფოსი ჯერემი ბენთჰემი და ამბობდა, რომ ჰედონისტებს რომ დავუჯეროთ, გამოვა, ნებისმიერი გასართობი თამაში (არა ინტელექტუალური) იმდენადვე ღირებულია, როგორც კარგი პოეზია. Ამაზე ჰედონისტების პასუხია, რომ უმეტეს შემთხვევაში, პოეზია უფრო ფასეულია, რადგან კარგი ლექსის წაკითხვის თანმდევი სიამოვნება უფრო ცხადია, უფრო წმინდა და სხვა სიამოვნებებსაც უხსნის გზას. Ჩემი აზრით, არაა სწორი გადაჭრით იმის თქმა, რომ პოეზია უფრო მაღალღირებულია, ვიდრე ნებისმიერი დროის გასაყვანი თამაში ზუსტად იმიტომ, რომ მთავარი ადამიანის ინდივიდუალური სიამოვნებებია, არ შეგვიძლია ცალკეული ადამიანების სასიამოვნო გამოცდილებები ავიღოთ, შევკრიბოთ და ჯამი გამოვაცხადოთ ჭეშმარიტებად. Ან რაიმე ნიშნით ავარჩიოთ, ვისი სიამოვნებები უფრო ღირებულია და ის ვაღიაროთ საყოველთაო სიამოვნებად. Როგორც ნიცშე ამბობდა, არაა სწორი ჩემი ჭეშმარიტება სხვას მოვახვიო თავს, ამგვარად თვითონ იმასაც დავუკარგავ ღირებულებას, რაც ჩემთვის ჭეშმარიტებაა. Მაგალითად, სიკეთე ჩემთვის არაა აუცილებელი იყოს სიკეთე საზოგადად. Იგივე ვრცელდება სიამოვნებაზეც. 

Ჰედონიზმს ეწინააღმდეგებიან მთელ რიგ საკითხებში, რისი ერთგვარი შეჯამებაც არის ნოზიკის ე.წ experience machine. Ამ მოწყობილობის მთელი აზრი ისაა, რომ ადამიანებს საშუალებას აძლებს, გამოსცადონ ისეთი სიკეთეები, რაც სინამდვილეში არასდროს შეუგრძვნიათ, ეს შეიძლება იყოს საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება, ოლიმპიური მედლის, ნობელის პრემიის მოპოვება, საყვარელ ადამიანთან სექსუალური ლტოლვების დაკმაყოფილება. Მოკლედ, ყველაფერი, რაშიც ტკივილისა და სიამოვნების მათთვის მისაღები თანაფარდობაა. Ამ არგუმენტით ამბობენ, რომ თუკი მართლაც სიამოვნებაა მთავარი ცხოვრებაში, რატომ არ გადავსახლდეთ ამ მანქანაში? Ის ხომ იმავე გრძნობებს გვაძლებს, რასაც სინამდვილეში განვიცდიდით, რომ შეგვძლებოდა? Ჰედონისტები მიიჩნევენ, რომ ეს არგუმენტი თავად ჰედონისტური ფილოსოფიის არასწორმა ინტერპრეტაციამ დაბადა. Მართლაც, მოწყობილობას შეუძლია დადებითი ემოციების აღძვრა ადამიანში რეალური გამოცდილების არსებობის გარეშე, მაგრამ არსებობს სხვა ტიპის სიამოვნება, რომელსაც პროპოზიციონალურ სიამოვნებას უწოდებენ. Ასეთი სიამოვნებაა, მაგალითად, Როცა დედა ბედნიერია შვილის კარგი ქულებით. Ამ შემთხვევაში ხომ თავად დედას არ მიუძღვის როლი საკუთარ ბედნიერებაში, არამედ - შვილს. Ასეთი დადებითი ემოციები კი, ცხადია, მხოლოდ მაშინ გაჩნდება, როცა რაღაც გარკვეული გარემოება მართლაც იარსებებს (შვილი მიიღებს კარგ ქულას). Შესაბამისად, ის ჰედონისტები, რომელთათვისაც უფრო ღირებული პროპოზიციონალური სიამოვნებაა, უარყოფენ, რომ ნოზიკის მანქანა ქმნის ადამიანური სიამოვნებების შექმნისთვის საჭირო უფრო მეტ რესურსს.

Საბოლოოდ, ჰედონიზმი, როგორც თეორია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ შეიძლება ღირებული იყოს, რომ ის გვთავაზობს გზას ინდივიდუალური ბედნიერების მაქსიმიზაციისთვის და, შესაბამისად, განსაზღვრავს ადამიანის ყოველდღიურ ქცევას, მოტივებს და ა.შ. Ვფიქრობ, მთავარი სიტყვა აქ “ინდივიდუალურია” - ჰედონიზმი ფოკუსირდება კონკრეტულ “პროექტზე” ანუ ადამიანზე და აღიარებს მომავალი კეთილდღეობის მაქსიმიზაციის ყოველი ადამიანისთვის უნიკალურ მეთოდს.

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.