ENG GEO

Search form

კონსეკვენციალიზმი

ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციის საკითხები. მსგავს პირობებში, როდესაც ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ირგვლივ აქტიური დებატები მიმდინარეობს, საინტერესოა რა ზეგავლანას მოახდენს ამ თემასთან დაკავშირებული სხვადასხვა კანონის, რეგულაციის მიღება ან პირიქით - გაუქმება. მაგალითად, გამართლებულია თუ არა, რომ სახელმწიფომ სრულად მოხსნას კონტროლი ნარკოტიკებზე? აღნიშნული საკითხი განვიხილოთ ერთ-ერთი ეთიკური თეორიის, კონსეკვენციალიზმისა და მისი ერთ-ერთი ფორმის, უტილიტარიზმის, მიხედვით. კონსეკვენციალიზმი ეყრდნობა მოსაზრებას, რომ ჩვენი ქმედების სისწორისა და მორალურობის მთავარი განმსაზღვრელია შედეგი. ხოლო უტილიტარიზმი არის ეთიკური მოძღვრება, რომელიც ცდილობს მოახდინოს სიამოვნების მაქსიმიზება. ამ ეთიკური მოძღვრების მიხედვით, გამართლებული და სასურველია განხორციელება ქმედებისა, რომელსაც ყველაზე დიდი საზოგადო სარგებლის შექმნა შეუძლია. სარგებლის მხრივ, განსაზღვრისას, უნდა გავითვალისწინოთ კონკრეტული ქმედების განხორციელებით მიღებული სიამოვნებისა და ტკივილის თანაფარდობა: რამდენად იქნება სიკეთისა და ბედნიერების მომტანი და რამდენად აგვაცილებს თავიდან ტკივილს. ნარკოტიკული ნივთიერებები ხსნიან ან ამცირებენ ტკივილს, ამაღლებენ გუნება-განწყობილებას. შესაბამისად ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ ამით გარკვეულ სიამოვნებას იღებენ. როგორც ავღნიშნე, კონსეკვენციალიზმის / უტილიტარიზმის მიხედვით, მნიშვნელოვანია შედეგი და რა სიამოვნების მომტანი იქნება ქმედება. შესაბამისად, ერთი მხრივ ნარკოტიკებზე ყოველგვარი შეზღუდვის მოხსნა სასარგებლო და გამართლებულია, რადგან საზოგადოების ნაწილი მათი გამოყენებით სიამოვნების მაქსიმიზებას ახდენს. მაგრამ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ნარკოტიკული ნივთიერებების მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე და მისი თვისება, რომ ჩამოუყალიბოს ინდივიდს მისი მიღების უკონტროლო, დაუძლეველი სურვილი. ნარკოტიკის მიღებისას ადამიანი თმობს საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ერთგვარი დილემა იქმნება და ართულებს, რომ კონსეკვენციალიზმის/ უტილიტარიზმის მიხედვით ობიექტურად შევაფასოთ სახელმწიფოს მიერ ნარკოტიკებზე ყოველგვარი კონტროლის მოხსნის შედეგი. ამ საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია ჩავუღრმავდეთ სიამოვნების მაქსიმიზაციის საკითხს. ნარკოტიკებს აქვთ უნარი მყისიერი სიამოვნების მინიჭებისა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს რაოდენობა ნაკლებია დამოკიდებულების გარეშე მთელი ცხოვრების განმავლობაში განცდილ სიამოვნებაზე. უტილიტარიზმის მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, რომ ეს ეთიკური მოძღვრება ბევრ სიტუაციაში ათავისუფლებს ინდივიდს მორალური პასუხისმგებლობისაგან და მას მხოლოდ შედეგზე ორიენტირებულად აქცევს. ამ შეხედულებას შეგვიძლია დავუპირისპიროთ უტილიტარიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელის, ჯონ სტიუარტ მილის აღწერილი ფაქტორები: მილი წერს, რომ უტილიტარიზმს შეუძლია დააწესოს ყველა ის სანქცია, რომელიც სხვა მორალურ სისტემას შეუძლია. აღნიშნავს, რომ არსებობს გარეგანი და შინაგანი სანქციები: გარე სანქციებისას ადამიანზე ზემოქმედებას ახდენენ სხვა ადამიანები ან გარეგანი ფაქტორები. ასეთია მაგალითად, ნარკოდამოკიდებულების შიში, რომ საზოგადოება მათ უარყოფს, გარიყავს ან მოხდება მათი სტიგმატიზაცია. შინაგანი სანქციები, გამომდინარეობს სინდისიდან. ამ ტიპის სანქციებს განეკუთვნება გრძნობები, რომლებიც აღიძვრებიან და პირს უქმნიან დისკომფორტს, როდესაც ადამიანი არღვევს მოვალეობებს, დამკვიდრებულ ნორმებსა და წესებს. ასეთია მაგალითად დანაშაულისა და სინანულის შეგრძნებები. ნარკოდამოკიდებულებში სტიგმატიზაციის რისკი, კომუნიკაციის ნაკლებობა, დამოკიდებულებით გამოწვეული ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლებში ამწვავებს დანაშაულისა და სინანულის გრძნობებს, რაც ტკივილისმომტანია ინდივიდისათვის. მილის აზრით, მსგავსმა გრძნობებმა, შინაგანმა სანქციებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ინდივიდის მოქმედებებზე, თუკი ადამიანის ზნეობრივი ბუნება საკმარისად არის განვითარებული. მართლაც, შიდა სანქციები უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი გარე სანქცია. განხილული საკითხის სხვადასხვა კუთხით გაანალიზებისას ცხადი ხდება, რომ ირღვევა სიამოვნებასა და ტკივილს შორის თანაფარდობა: ამ ქმედებას ბევრად მეტი ტკივილი მოაქვს ინდივიდისათვის ვიდრე სიამოვნება. აღნიშნულის გათვალისწინებით თუ უტილიტარიზმის მხრიდან შევხედავთ ამ კანონს კეთილდღეობის მომტანი არ იქნება ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი პირებისათვის, საზოგადოებისათვის.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.