საზოგადოების თანაცხოვრებისა და მოწყობის უტილიტარისტული მიდგომა გულისხმობს აქცენტს ქმედებების შედეგებზე, მათ ხეირიანობასა და წმინდა საერთო სარგებლიანობაზე. ამ ეთიკური თეორიის მიხედვით, მთავარია თუ რას ვიღებთ შედეგად, რამდენად ვიხეირებთ და ამ ტიპის ანალიზის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილებები საზოგადოებაში.
თუმცა, საინტერესო ცნებაა საზოგადოება, ერთი შეხედვით ცხადი, მაგრამ ამავდროულად ბუნდოვანიც. საზოგადოება არ არის მონოლითური და ფიქსირებული რამ. მის განსაზღვრებაში მარტივი ადამიანური აღმით ექცევა ადამიანების რაღაც ერთობა, სადაც არაა ფიქსირებული არც ამ ერთობის ფორმა, მასშტაბი, კავშირები თუ სხვა მახასიათებლები. ფაქტობრივად, საზოგადოებად შეიძლება ჩაითვალოს ადამიანების ერთობის წარმოუდგენლად მრავალფეროვანი ფორმები. საზოგადოების ცნების ამგვარი ბუნდოვნება შესაძლებელია რიგ საკითხებში იქცეოდეს პრობლემატურ რგოლად, განსაკუთრებით ეთიკური თეორიების განხილვისას, რომლებიც თავისთავად საზოგადოებებსა და მათი მოწყობის პრინციპებს ეხება.
როდესაც განვიხილავთ უტილიტარისტულ ფილოსოფიას ერთ-ერთ ძირითად მახასიათებლად ვიღებთ პრინციპს, რომ მთავარი ამოცანაა საზოგადოებისთვის შედეგების წმინდა სარგებლიანობის მაქსიმალიზება და მაქსიმალური ხეირი პოვნა. თამაშის ყველა წესი თუ ქმედება უნდა მიემართებოდეს აღნიშნული მიზნისკენ - შედეგების მაქსიმალურ სარგებლიანობამდე. თუმცა, ამ შემთხვევაში საინტერესოა თუ რას ვგულისხმობთ საზოგადოებაში მაშინ, როდესაც არ გვაქვს მისი ფიქსირებული ფორმა ან სტრუქტურა. საზოგადოება შესაძლოა იყოს ძალიან მცირე მასშტაბის, მაგალითად სამეზობლო, თუმცა ეს საზოგადოება ერთიანდებოდეს შედარებით უფრო დიდ საზოგადოებაში (მაგ: უბანში), თავის მხრივ ეს უკანასკნელი კიდევ უფრო დიდი საზოგადოების ნაწილი იყოს და ა.შ. როდესაც ვსაუბრობთ საზოგადოების უტილიტარისტულ ქცევაზე, ისმის კითხვა, არის თუ არა შესაძლებელი რომ აღნიშნული საზოგადოებებისა და ქვე-საზოგადოებების წმინდად უტილიტარისტული ქცევები ურთიერთ-წინააღმდეგობრივი აღმოჩნდეს, იმის მიუხედავად რომ ქვე-საზოგადოებები უმცირესიდან უდიდესისკენ ერთმანეთის ნაწილებს წარმოადგენენ.
მაგალითად განვიხილოთ ოჯახი, როგორც საზოგადოების ერთგვარი მინიმალისტური მოდელი. უტილიტარისტული ეთიკური თეორიიდან გამომდინარე, უნდა აირჩეს კონკრეტულ დღეს ოჯახის, ანუ საზოგადოების, ისეთი ქმედება/პოლიტიკა რომელიც მოახდეს სარგებლის მაქსიმალიზებას. დავუშვათ, რომ ასეთი ქმედება ოჯახისთვის აღმოჩნდა დასასვენებლად გამგზავრება ზაფხულის მიწურულს. უტილიტარიზმის ფილოსოფიის თანახმად, საჭიროა ამ აქტის განხორციელება სწორედ მისი სარგებლიანობიდან გამომდინარე, თუმცა ამავე დროს შესაძლოა ამ გეგმას შეეწიროს ოჯახის ერთ-ერთი წევრის გეგმები, რომელსაც დავუშვათ რომ აღნიშნულ პერიოდში მისთვის ინდივიდუალურად ყველაზე სარგებლიანი ქმედება - სწავლა ჰქონდა დაგეგმილი. როგორც ჩანს, ოჯახის ანუ თავის მხრივ საზოგადოების უტილიტარისტულ ინტერესს შეიძლება „შეეწიროს“ მისი ერთ-ერთი წევრის- ქვე-რგოლის ინტერესები. ამ მაგალითის მსგავსად, შეგვიძლია განვიხილოთ ანალოგიური მაგალითები სხვა მასშტაბებისა და ფორმების საზოგადოებებისთვის, სადაც ასევე შესაძლოა აღმოჩნდეს წინააღმდეგობა მრავალფეროვანი და თან ერთმანეთთან დაკავშირებული საზოგადოებების სარგებლიანობებს შორის, იმის მიუხედავად, რომ თითოეული მათგანი იქნება უტილიტარისტულ ფილოსოფიაზე დაფუძნებული და შესაბამისად მიზანი იქნება შედეგების მაქსიმალური მომგებიანობა.
საინტერესოა, რა ხდება ზემოთ განხილული „საზოგადოებების“ ინტერესთა კონფლიქტის დროს, კონკრეტულად რა ტიპის ან ფორმის „საზოგადოება“ შეიძლება იყოს უტილიტარიზმისთვის, როგორც ფილოსოფიისთვის პრიორიტეტული, ასეთის არსებობის შემთხვევაში. როგორ უნდა გავიგოთ უტილიტარისტულად სწორია თუ არა კონკრეტული ქმედება, საზოგადოების რომელი რგოლის, ფორმის ან ტიპის შედეგებს უნდა დავაკვირდეთ მისი სარგებლიანობის შეფასებისთვის და საბოლოოდ, შეიძლება რომ აღნიშნული საკითხი ამ ეთიკური თეორიის ერთ-ერთ სუსტ წერტილად ჩაითვალოს?
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.