უტილიტარიზმი, თავისი არსით, გულისხმობს სოციალური ცხოვრების განხილვასა და გააზრებას მორალური პრინციპების შესაბამისად. ადამიანები, ვინც ამ თეორიას აღიარებენ, თვლიან, რომ ყოველი ქმედება და გადაწყვეტილება ორიენტირებული უნდა იყოს საზოგადო სიკეთისა და კეთილდღეობის შექმნასა თუ შენარჩუნებაზე. რაღაც ქმედებამ და გადაწყვეტილებამ შედეგად უნდა მოიტანოს მაქსიმალური სარგებელი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დარჩეს კმაყოფილი და ნასიამოვნები, თუნდაც ამის მისაღწევად საზოგადოებაში უმცირესობის ან სუბიექტების პირადი ინტერესების გაწირვა გახდეს საჭირო. საქმე საქმეზე რომ მიდგება, რთულია, უცებ გადაწყვიტო და გაიაზრო, კონკრეტული დილემის წინაშე მდგარი როგორ მოიქცე - ისე, როგორც უტილიტარისტი მოიქცეოდა თუ სხვაგვარად. დიდი ალბათობით, უმრავლესობა სწორედ უტილიტარულ ქმედებას განახორციელებდა, რადგან ბევრის ბედნიერება ჯობს ცოტას უბედურების ხარჯზე და არა პირიქით, ცოტას გაბედნიერება ბევრის უბედურების ხარჯზე.
უტილიტარისტული გაგებით ქმედება მაშინ არის სწორი და გამართლებული, თუ მის მიერ გამოწვეული შედეგი მაქსიმალური სარგებელის მომტანი გახდა და პირიქით, ქმედება თუ გადაწყვეტილება არასწორად და გაუმართლებლად ჩაითვლება მაშინ, თუ სარგებელი, ანუ ბედნიერება არ არის მაქსიმილიზებული. აქვე იკვეთება პრობლემა - როგორ აღიქმება სიამოვნება უტილიტარიზმში? როგორ შეუძლია ამ მიდგომას ერთი საერთო სიკეთისა თუ სარგებლის ქვეშ გააერთიანოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი და გადაუწყვიტოს, რა იქნება მისთვის კარგი და სასარგებლოა მაშინ, როცა ეს საზოგადოება სუბიექტებისაგან შედგება, ეს სუბიექტები კი სრულიად სხვადასხვაგვარად აღიქვამენ და გაიაზრებენ ბედნიერებასა და სიამოვნებას. ამის ერთადერთი გამართლება ალბათ არის ის, რომ რაღაც კონკრეტულ საკითხებში საზოგადოების დიდი ნაწილი რაღაცნაირად თანხმდება და ერთ აზრზე დგება, ანდაც, უბრალოდ, სხვა გზა არ აქვთ გარდა ერთ საკითხზე შეთანხმებისა.
უტილიტარიზმი დემოკრატიულ პრინციპებზეა დაფუძნებული - ითვალისწინებს უმრავლესობის ინტერესებს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყენებს
ობიექტური მოდგომის პრინციპებს. სწორედ ობიექტურობაა განმაპირობებელი ფაქტორი უტილიტარიზმის დემოკრატიულ თარგზე მორგებისა. ყველას ბედნიერება ჩემს ბედნიერებაზე უპირატესია, უმრავლესობის სიამოვნება ჩემს პირად სიამოვნებაზე პრიორიტეტულია, ქვეყნის კეთილდღეობა ჩემს კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანია. მირჩევნია, ჩემი დანაზოგი ქველმოქმედებას გადავცე და ამით ათასობით უსახლკაროს დავეხმარო, ვიდრე, ვთქვათ, ჩემს მეზობელს ბანკის ვალების გადახდაში დავეხმარო. ფაქტია, ორი ალტერნატივა მაქვს, მაგრამ ვარჩევ და ვაკეთებ იმას, რაც, ჩემი აზრით, უფრო მეტს მოუტანს სარგებელს და უფრო ბევრს გაახარებს. მაგრამ, აქაც იკვეთება ერთი პრობლემა - მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ეს ქმედება ორიენტირებულია მაქსიმალურ სარგებელზე, შედეგები გარანტირებული არასდროს არაა და შესაძლოა, სარგებლის ნაცვლად, უფრო მეტი ზიანი მოგვიტანოს. მაგალითად, ამ ქმედების გამო ჩემი მეზობელი იმდენად განრისხდა და გამინაწყენდა, რომ ადგა და ჩემი სახლიდან დაწყებული, მთელს სამეზობლოს წყალი ჩაუჭრა. ეს სამეზობლო გაბრაზდა და ჩემზე მოიტანეს იერიში, შენ რომ მას დახმარებოდი, ჩვენ ასე არ დაგვემართებოდაო. იმ უსახლკაროებმა კი, ვის დასახმარებლადაც მთელი ჩემი დანაზოგი გავიღე, იმის ნაცვლად, რომ ბინები ექირავათ, თანხა კაზინოებში გაანიავეს და იმაზე უარეს მდგომარეობაში ჩაცვივდნენ, ვიდრე ჩემს დახმარებამდე იყვნენ. ცხადია, მე მათ ქმედებებზე პასუხისმგებელი არ ვარ, თუმცა ფაქტი ერთია- ამ ყოველივემ სარგებელზე მეტი ზიანი მომიტანა არა მხოლოდ მე, ჩემს გარშემომყოფებსაც. უტილიტარიზმის დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნების კიდევ ერთი უარყოფითი მხარე მაშინაც გამოიკვეთება, თუ უტილიტარისტულ ქცევებს სამართლებრივი გადმოსახედიდან შევხედავთ. მაგალითად, თუ ქვეყანაში კანონი კანონობს და მის წინაშე ყველა თანასწორია, ერთის გაწირვა ან მისი ინტერესების უგულვებელყოფა უმრავლესობის საკეთილდღეოდ კანონთან შეუსაბამობაში მოდის და გაუმართლებელია.
თითქოს, რახან უტილიტარისტული მიდგომა საყოველთაო კეთილდღეობაზეა ორიენტირებული, ყველასათვის მისაღები და მოსაწონი უნდა იყოს. ასეთი რამ რეალურად ვერ ხორციელდება, რადგან ყველა ადამიანი განსხვავებულია, აქვთ სრულიად განსხვავებული შეხედულებები სხვადასხვა საკითხებზე, სხვადასხვაგვარად აღიქვამენ სიამოვნებას, ბედნიერებას, სხვადასხვაგვარად იაზრებენ მორალის პრინციპებსა და ზნეობას. ის, რაც ერთისათვის მოსაწონია, შესაძლოა, მეორისათვის სრულიად მიუღებელი და დაგმობილ იქნეს. ისე ჩანს, თითქოს უტილიტარიზმი რაღაც აბსტრაქტულ ცნებებზეა დაფუძნებული- ბედნიერება, სიამოვნება, კეთილდღეობა, სარგებელი- თოთოეული მათგანი საკმაოდ ზოგადი და განუსაზღვრელი ცნებაა, ყველა თავისებურად აღიქვამს, ყველას თავისებურად აქვს გააზრებული მათი მნიშვნელობა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.