“Theories of the goods”- ამ თეორიის თანახმად მოქმედებას ბედნიერება მაშინ მოაქვს თუ ადამიანი თავის სურვილს აღწევს. მთავარია შედეგი და განცდა კმაყოფილებისა. “Good” - არის ყველაფერი ის, რაც გამოიწვევს უძლიერეს სურვილს იმისა, რამაც მე, როგორც სუბიექტს ბედნიერება უნდა მომიტანოს. თუ ამ თეორიას შინაგანი სურვილების ასრულებასთან დავაკავშირებთ, მაშინ ორ შეუსაბამობას წავაწყდებით. განვიხილოთ თითოეული მათგანი.
მაგალითად ჩემს წინ არის არაქისის კარაქი. მე ერთხელ გავსინჯე ეს კარაქი, რომელიც უგემრიელესი იყო და ახლაც, მაქვს სურვილი იგივე გავაკეთო და ეს ჩემი ბედნიერების ინდექსს საგრძნობლად გაზრდის. აქ უკვე ჩნდება „მაგრამ“ და ეს ის „მაგრამ“ არის, რომლის გამო წინა ჯერზე ალერგიულმა ფონმა ლამის ფატალური შედეგი გამოიღო და ახლა, ზუსტად ვიცი რომ კარაქის გასინჯვით თითქოს მე, თავადვე ხელს ვაწერ თვითმკვლელობას. მაშინ რა გამოდის? თუ მე მივიღე სასურველი, მაშინ ეს ჩემს განადგურებას გამოიწვევს, როგორც სუბიექტისა, ანუ დადგება ორი შედეგი. პირველი შედეგის მიხედვით მე დავიკმაყოფილებ სურვილს და ვიქნები ბედნიერი მიღებული სარგებლით, თუმცა რამდენიმე წუთში, შეუქცევადი პროცესის გამო, მე უკვე დავკარგავ მიღებულ სარგებელს, რადგან მისით ტკბობასაც კი ვერ მოვასწრებ, რომ ალეგრიული ფონი ჩემს სიკვდილს გამოიწვევს. არის თუ არა მსგავსი სარგებელი, ის ჭეშმარიტი სარგებელი რომელიც „ Theories of the good” -ის რიგებში მოხვდება.
თუ არაქისის კარაქი არის ის საკითხი, რომლის ორი შედეგიდან მხოლოდ ერთია ჩემი გადაწყვეტილება, ანუ მინდა მივირთვა კარაქი, მაგრამ არ მინდა სიკვდილი, მეორე შემთხვევაში ( მეორე შეუსაბამობის შემთხვევა) სიკვდილი, სუიციდი და თვითგანადგურება ჩემი მთავარი სურვილია. თუ პიროვნებას, მიზნად აქვს დასახული სიცოცხლე დაასრულოს სუიციდით და ამ ნაბიჯმა მას უნდა მიანიჭოს გარკვეული შვება, რომელიც ბედნიერება უნდა ყოფილიყო, მაშინ ვის მიენიჭება ის სარგებელი თუ თვითგანადგურებული სუბიექტი აღარ იარსებებს და შედეგის ასახვა ვეღარ მოხდება. სურვილის შესრულებით მიღებული კმაყოფილება ჩნდება მაშინ, როცა გააკეთე ის ქმედება რომელიც გინდოდა, მიაღწიე საწადელს და ამის შემდეგ უკვე გრძნობ ბედნიერებას. თვითგანადგურების, სუიციდის საწადელი კი გაყოვნებს იმ ეტაპზე რასაც „შედეგით ტკბობა“ ჰქვია. „Theories of the goods” - ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელიც ხომ ის არის, რომ მივიღოთ შედეგი, მთავარია რეზულტატი, რომელმაც უნდა გამოიწვიოს შესაბამისი ემოცია, განცდა - ამ შემთხვევაში კი ბედნიერება. თვითგანადგურება ის შედეგია, რომელიც გართმევს შესაძლებლობას დაინახო რეზულტატი, რადგან თვითგანადგურებული ადამიანი როგორ მიიღებს ბედნიერებას? "სარგებელი" დარჩება მიუღებელი, რადგან თავად ამ სარგებლის მიმღები აღარ იქნება...
მეტი რადიკალურობისთვის შეგვიძლია ასევე წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანებისთვის მთავარი სურვილი ბედნიერების მისაღებად გახდა თავის სოციუმში, მინიმუმ 1 ადამიანის მოკვლა. ამ გზას თუ გავყვებით, ბოლოს არც ერთი ადამიანი დარჩება ცოცხალი და შესაბამისად არც ისეთი არსება აღარ იქნება დედამიწაზე, რომელიც „Theories of the goods”- ის გამოყენებას შეძლებს. თუ ამ საკითხს ჩავუღრმავდებით სრულ ნონსენსამდე მივალთ, ამიტომ უმჯობესია მოკლე შეჯამებით დავასრულო ზემოთ აღნიშნული ე.წ. „სიკეთეების“ თეორიის მიმოხილვა. ვფიქრობ, რომ რიგ შემთხვევებში არსებული თეორია გამართლებულია, რადგან ბედნიერების მისაღებად მართლაც გვჭირდება ადამიანებს გარკვეული სურვილის შესრულება. ამბობენ, ბედნიერება დეტალებშიაო და ის დეტალიც ხომ რაღაც ქმედება, კონკრეტული ნივთი ან აბსტრაქტული მცნებაა, უბრალოდ შეუძლებელია ადამიანმა უნივერსალური თეორია შექმნას სამყაროს ყოველი სხვა პიროვნებისთვის, რადგან თვით უნივერსალურობის შეგრძნებაც კი შესაძლოა მეტად სუბიექტური იყოს.
მარიამი კურტანიძე
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.