ჰედონიზმის მიხედვით ცხოვრების უმთავრესი მიზანი სიამოვნების ძიება და ტკივილის არიდებაა. შესაბამისად, გამართლებულია ის ქმედებები, რომლებსაც ასეთ შედეგამდე მივყავართ. მიზანი ამართლებს საშუალებას, თუ ეს მიზანი სუბიექტს სიამოვნებას მიჰგვრის.
ადამიანური გრძნობები, თუ ძალიან დავწვრილმანდებით, შეგვიძლია ორ ტიპად - სასიამოვნოდ და უსიამოვნოდ დავყოთ. თავის მხრივ, ეს აღნიშვნები ყველასთვის ნათელია, მაგრამ ბუნდოვანია თუ რას მოიცავენ ისინი საკუთარ თავში. არსებობს რაიმე, რაც საყოველთაოდ სასიამოვნო ან უსიამოვნოა? ალბათ დამეთანხმებით, თუ ვიტყვი, რომ ამ ცნებების იმდენნაირი გაგება და ინტერპრეტაცია შეიძლება არსებობდეს, რამდენი ადამიანიც არის. აქედან გამომდინარე, მათი ობიექტური კლასიფიკაცია შეუძლებელია. რა არის სიამოვნება ზოგადად და რატომ განვიცდით მას? ეს არის ერთგვარი უკუკავშირი კონკრეტულ ფაქტორებთან, რა დროსაც გამოიყოფა დოპამინი, რომელიც ორგანოებს ნეირომედიატორების საშუალებით გადაეცემა და ჩვენ სხეულსა თუ გონებას სიამოვნება ეუფლება. ორგანიზმი მსგავსად მოქმედებს უსიამოვნების შემთხვავაშით, თუმცა შედეგი განსხვავებულია. თავის მხრივ ეს ერთგვარი “თრიგერები”, რომლებიც იწვევენ სიამოვნებასა თუ უსიამოვნებას დამოკიდებულია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა წარსულის გამოცდილება, კოგნიტური და სენსორული აღქმა, მორალური შეხედულებები და სხვა.
სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებენ იმას, რომ შესაძლებელია ის, რაც ერთი ადამიანისათვის ძალიან სასიამოვნოა, სხვისთვის უსიამოვნო იყოს. მაგალითად ავიღოთ ორი ზრდასრული ადამიანი, რომელიც სხვადასხვა, რადიკალურად განსხვავებულ ოჯახებში გაიზარდნენ. ერთ-ერთ მათგანს მამა ხშირად ეთამაშებოდა ბეისბოლს ეზოში, მეორეს კი - ხშირად სცემდა ბიტით. ამან გამოიწვია ის, რომ ისეთი ჩვეულებრივი რამ, როგორიცაა ბეისბოლის ბიტა, შესაძლოა დანახვისთანავე კონტრადიქტორულ ემოციებს აღძრავდეს ინდივიდებში.
რაც შეეხება კოგნიტურ და სენსომოტორულ აღქმებს, ცხადია ადამიანები ამაშიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. შესაძლოა ვიღაცისთვის სხეულის განზრახ დასახიჩრება ენითაღუწერელ სიამოვნებას იწვევდეს მაშინ, როცა აბსოლიტურად იგივე ქმედება ჩემთვის არაფერია უსიამოვნებისა და ტკივილის გარდა. ძალიან უცნაურია სიამოვნების ის ტიპები, რომლებიც არ არის კავშირში ფიზიკურ შეგრძნებებთან. ალბათ მრავალი ადამიანი თავგამოდებით დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ გონებრივი, ინტელექტუალური სიამოვნება გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე ფიზიკური. არც მეორე მხარეს ეყოლება მაინცდამაინც ცოტა დამცველი. ამ მომენტისთვის წესით ბლოგის სათაური ასე თუ ისე ნათელი უნდა იყოს. შეიძლება ინდივიდისათვის sex drugs and rock’n’roll (“ღვინო, დუდუკი, ქალების “ უფრო გავრცელებული ვერსია) სტილით ცხოვრება უდიდესი მიზანი იყოს და თუ ის ჰედონიზმის ეთიკურ მოძღვრებას იზიარებს, ყველაფერზე წავა იმისათვის, რომ ამას მიაღწიოს. ის მზად არის, დარჩენილი დღეები ხორციელ სიამოვნებაში გალიოს, მაგრამ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ამ უკანასკნელის მსგავსად იზიარებს ჰედონიზმის ხედვას და თავს არ დაზოგავს იმისთვის, რომ სისხამ დილით, ჩიტების ჭიკჭიკით დატკბეს მისი საყვარელი მწვანე ჩაის არომატით. მაგრამ ყველა ადამიანს როდი აქვს ასე გათვიცნობიერებული, თუ რა ანიჭებს სიამოვნებას და რა - არა. ჩვენ მიდრეკილები ვართ კომფორტის პოვნისკენ. რიგ შემთხვევებში კი კომფორტი ილუზიებშია. როდესაც რაიმე სურვილისამებრ არ მიდის, ადამიანები ხშირად, ცნობიერად თუ არაცნობიერად, ახდენენ მოვლენების ერთგვარ პერიფრაზირებას. რეალურად მისთვის უსიამოვნო ფაქტებს გარდაქმნიან სასიამოვნოდ, თავს იტყუებენ. შეიძლება ეს ერთი შეხედვით უაზრო ქმედებად მოგვეჩვენოს, თუმცა ჰედონიზმის მიხედვით ის გამართლებულია, რადგან თავის მოტყუებას შედეგად სიამოვნება მოჰყვება.
ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ზემოთ განხილულ სახითხებზე დაყრდნობით შეიძლება იმის თქმა, რომ არ არსებობს საყოველთაო “სასიამოვნო” და “უსიამოვნო”. ილუზიებში ცხოვრებას, Sex, Drugs and Rock’n’Roll-ს და არომატული მწვანე ჩაისაც თანაბრად შესწევს ძალა, რომ გახადოს ადამიანი ბედნიერი. არსებობს შემთხვევები, როდესაც ერთი ადამიანის ბედნიერება სხვისას აბრკოლებს, თუმცა თუ მოვლენებს ჰედონისტური ტელესკოპიდან ვაკვირდებით, მორალური სამართლის უკუგდება მოგვიწევს, ასე რომ, ყველაფერი, რაც სასიამოვნოდ სრულდება - მოსულა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.