ჰედონისტიკა თავის თავში მოიაზრებს იმ თეორიებს, რომლებიც ცხოვრების უზენაეს და ყველაზე მნიშვნელოვან მიზნად და ღირსებად მიიჩნევენ სიამოვნების მიღწევას. ნებისმიერი სახის დისკომფორტი და ტკივილი განხილულია, როგორც არასასურველი რამ. ჰედონისტიკაში გამოიყოფა ორი მნიშვნელოვანი ნაწილი: ფსიქოლოგიური და ეთიკური. ფსიქოლოგიური ჰედონისტიკის იდეა მდგომარეობს იმაში რომ სურვილის საბოლოო ობიექტი არის სიამოვნება. ეთიკური ნაწილი კი სიამოვნების ძიებას განიხილავს, როგორც ყველაზე შესაფერის საგანს ძიებისთვის, თითქოს ის ერთადერთი ფასეული რამაა ადამიანისთვის, თუმცა ჰედონისტიკაში არის გარკვეული პრობლემები, რომლებიც უპირისპირდება რეალობას, რომელშიც ადამიანს უწევს ცხოვრება
ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი არის დრო - რამდენ ხანს გრძელდება ბედნიერება? ჰედონისტიკის მიმდევრებისათვის ბედნიერება დროის მცირე პერიოდზეა განაწილებული. ისინი ამჯობინებენ დღევანდელ ბედნიერებას და არ ფიქრობენ იმაზე, რომ შესაძლოა ხვალინდელი დღე ბევრი უარყოფითი რამით იყოს სავსე. ისინი კონცენტრირებულნი არიან მოკლევადიანი პერიოდიდან მიღებულ სარგებელზე. პირადად ჩემთვის ეს მიდგომა საკმაოდ საზიანო და ამასთან აბსურდულია, რამდენად კარგადაც არ უნდა ჟღერდეს დღეს ჩემი ბედნიერება, რომელსაც მაგალითად დალევისგან ან ნარკოტიკების მიღებისგან ვიღებ, ხვალ ან შესაძლოა დღესვე ეს ყველაფერი ჩემთვის ცუდად შემოტრიალდეს. ნაბახუსევზე ადამიანები არც ისე კარგად გრძნობენ თავს, რაც ზუსტად იმის მაგალითია თუ როგორ ვერ მოქმედებს და ვერ მუშაობს ჰედონისტიკა რეალურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, მოკლეხნიანი ბედნიერება კარგია და ხშირად უფრო შესამჩნევიც კი, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ეს მცირე ბედნიერებები იმდენად ღირებული არ არის, როგორც მაგალითად ის რისი მიღწევისთვისაც დიდი ენერგია და დრო დავხარჯე. განვიხილოთ მეორე მაგალითიც, თუ ერთ დღეს გავიღვიძებ და მაჩუქებენ ნაყინის ქარხანას ეს მე დიდ ბედნიერებას მომანიჭებს. რამდენიმე დღის განმავლობაში მე ეს ბედნიერებს გრძნობა გამყვება და სიამოვნებას მომანიჭებს,მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ნაყინის ღირებულება ჩემთვის დაეცემა. ნაყინის ქარხნის მიღებისგან მიღებული ბედნიერება თავის ლიმიტს მიაღწევს და საბოლოოდ გაქრება.
კიდევ ერთი პრობლემატური საკითხი ჰედონისტიკისა არის პრობლემების და წინაღობების უგულებელყოფა იმ მიზნით, რომ მივაღწიოთ მცირეხნიან ბედნიერებას. პრობლემა ისევ პრობლემად რჩება და არ ქრება. ჰედონისტიკის მიმდევარი ადამიანების უმეტესობის უარყოფითი მხარე ისაა, რომ ისინი ცხოვრებას უყურებენ კომფორტული და მრავალფერად შეღებილი სფეროდან, რომელიც ადამიანს „იცავს“ ცხოვრებისეული წინაღობებისგან და მხოლოდ იმ სამყაროს აჩვენებს, რომელშიც ყველაფერი ისეთია რაც სიამოვნებას გვანიჭებს.
ბედნიერებასა და სიამოვნებაზე საუბრისას ჩნდება მეორე კითხვა, ის რაც ჩემთვის სიამოვნების მომტანია, არის თუ არა ამავე შედეგის მომტანი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემს გარშემო არიან. გარშემომყოფი ადამიანები შეიძლება დააზიანოს იმ ფაქტმა, რომ მე ყოველდღიურად მოვიხმარ მძიმე ფსიქოტროპულ თუ ნარკოტიკულ საშუალებებს. შესაძლოა ბევრმა ეს არ აღიაროს, მაგრამ ადამიანი, როგორც სოციალური არსება ბოლომდე ვერასოდეს უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ სხვათა დამოკიდებულება და აზრი მასზე გავლენას არ ახდენს და უმნიშვნელოა.
ჰედონისტიკის მიხედვით რაიმეს განცდა რეალურ ცხოვრებაში ისეთივე სიამოვნების მომნიჭებელია, როგორც მისი ვირტუალურად წარმოსახვა და ასეთი გზით განცდა. მაგალითად, ადამიანისთვის სულ ერთი უნდა იყოს ის იცხოვრებს თუ არა მდიდრულ სასახლეში, თუ უბრალოდ წარმოიდგენს საკუთარ თავს, როგორც მის მფლობელსა და მასში მცხოვრებს, თუმცა მატერიალური და ხელშესახები სიამოვნება უფრო კარგია, ვიდრე წარმოსახვითი და არარსებული. არავინ გაუშვებს ხელიდან იმ შესაძლებლობას, რომ გახდეს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და არ გაცვლის მას უბრალო წარმოსახვაში, რომელიც არ არსებობს. იქმნება წინააღმდეგობა, ვინაიდან, ჰედონისტიკის მიხედვით ილუზიებში ცხოვრება ტოლფასია წარმოდგენების რეალურ ცხოვრებაში განხორციელებისა, ამასთან ყველა ადამიანისთვის სასურველია აღნიშნულთაგან მეორე. წინააღმდეგობის მიღებით კი იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ჰედონისტიკა არ მუშაობს.
საბოლოოდ, ჰედონისტიკა შეიძლება განვიხილოთ, როგორც მოძღვრება მოკლეხნიანი პერიოდის სიამოვნების და ბედნიერების შესახებ. მაგრამ ისევე როგორც სხვა ფილოსოფიურ მოძღვრებებში მასშიცაა გარკვეული პრობლემები და შეუსაბამობები რეალურ ცხოვრებასთან, რომლებიც ხშირად გადაუჭრელი რჩება. სწორედ ამას მივიჩნევ ჰედონისტიკის მთავარ პრობლემად.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.