ENG GEO

Search form

საყოველთაო კეთილდღეობა, როგორც ეგოიზმის შედეგი

კონსეკვენციალიზმზე, როგორც ზოგად თეორიაზე, მსჯელობისას, შესაძლოა გაჩნდეს კითხვა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა იგულისხმება შედეგების საყოველთაო სიკარგეში. ამის ახსნა კი, ვფიქრობ, შეუძლებელია სუბიექტის, როგორც გარკვეული კეთილდღეობის განმცდელის, გათვალისწინების გარეშე. კიდევ თუ დავკონკრეტდებით, ჩნდება კითხვა, თუ ვინ შეიძლება იყოს სუბიექტი - ადამიანი, საზოგადოება თუ სხვა რამ. ამაზე საკმაოდ კონკრეტული პასუხი ეთიკური ეგოიზმის თეორიას აქვს, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ქმედება სწორი და გამართლებულია, თუკი ეს ადამიანის პირადი ინტერესების განხორციელებას ემსახურება და, შესაბამისად, მასში საბოლოოდ სიამოვნების შეგრძნებას იწვევს. იმის ფონზე, რომ ადამიანები თავად სიტყვა „ეგოიზმსაც“ კი ძალიან ხშირად ნეგატიურად აღიქვამენ, გასაკვირი არც იქნება, რომ აღნიშნული თეორია საკმაოდ თამამი განაცხადი და უმრავლესობისთვის რადიკალურად მიუღებელიც იყოს. განსაკუთრებით კი საზოგადოებაში, რომელიც იმპლიციტურად მოიცავს გარკვეულ დოგმებს, კულტურულ ნორმებს, შეზღუდვებს, რომლებიც შესაძლოა ადამიანის პირად ინტერესებთან სულ არ მოდიოდეს თანხვედრაში, წარმოსადგენადაც რთულია, მიიჩნიო ყველაფერი სწორ ქმედებად, რაც კი ნებისმიერ პიროვნებას სათითაოდ ესიამოვნება. ეთიკური ეგოიზმი, ერთი შეხედვით, ადამიანებს საშუალებას აძლევს აკეთონ მათთვის საუკეთესო რამ, რაც, თავის მხრივ, გაბატონებული წარმოდგენის მიხედვით, ქაოსსა და გაუცხოებას იწვევს. თუმცა ამის საპირისპიროდ, ეთიკური ეგოიზმი გამორიცხავს ამგვარ შედეგს და პირიქით, სწორედ ადამიანთა ეგოცენტრულობაში პოულობს საზოგადოების საბოლოო კეთილდღეობის საფუძველს და შესაბამის არგუმენტებსაც გვთავაზობს. თუმცა ის, თუ რამდენად სარწმუნო შეიძლება იყოს ამ თეორიის დასაბუთება, ვფიქრობ, განსახილველად არანაკლებ მნიშვნელოვანია.

უპირველეს ყოვლისა, ეთიკური ეგოიზმის თეორია აზუსტებს იმ საკითხს, რომ ადამიანის ეგოისტური ქცევა მაინცდამაინც აუცილებლობით არ გულისხმობს ისეთი ქმედების განხორციელებას, რომელიც საკუთარი ინტერესების ხარჯზე, სხვა ადამიანებს, მათი პოტენციური ბედნიერების შესაძლებლობას დააზიანებს. უმეტესწილად, ადამიანის საუკეთესო გამოსავალი, რათა სასურველ შედეგს მიაღწიოს, სწორედ რომ თანამშრომლობაა. თანამშრომლობის მნშვნელობა სხვადასხვა სფეროში ვარირებს, დაწყებული ანთროპოლოგიიდან, დამთავრებული ეკონომიკით და აისახება ისეთ საკითხებში, როგორიცაა რეციპროკული ალტრუიზმი, „პატიმრის დილემა“ და ა.შ. გამოდის, რომ ეთიკური ეგოიზმი არ გამორიცხავს ადამიანთა შორის თანამშრომლობასა და სხვისი ინტერესების პატივისცემას, ანუ იმ ფუნდამენტს, რის შედეგადაც საზოგადოება, როგორც მთლიანობა, შედეგად სარგებელს ნახულობს. გარდა ამისა, ეთიკური ეგოიზმი ეყრდნობა ფსიქოლოგიური ეგოიზმის თეორიას, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანის ნებისმიერი ქმედება (მათ შორის ალტრუისტულიც) დაიყვანება მის პირად სურვილებსა და მოთხოვნილებებზე. შესაბამისად, ყოველივე, რაც ემსახურება და იწვევს საყოველთაო კეთილდღეობას, რეალურად, მის საფუძველში კონკრეტული ინდივიდის კონკრეტულ სურვილს, პირად ინტერესსა და სიამოვნების მიღებას მოიცავს. ასევე, ადამიანის მუდმივი მცდელობა, მოიქცეს ისე, რომ მიიღოს მაქსიმალური სარგებელი, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად წარმოშობს ისეთ კეთილდღეობას, რომელიც არა მარტო მისთვის კონკრეტულად, არამედ საზოგადოებისთვისაცაა სასარგებლო. ცხადია, კონსეკვენციალიზმი ამ დროს ინდიფერენტულია ადამიანის ეგოისტური განზრახვის მიმართ და მთავარ აქცენტს მხოლოდ მის დადებით შედეგზე აკეთებს, რადგანაც ამ გადმოსახედით, სწორედ ესაა არსებითი.

მიუხედავად არსებული მრავალი სახის დასაბუთებისა, მაინც ბუნდოვანია კონკრეტულ შემთხვევებში, როგორ შეიძლება ადამიანის ეგოისტური ქმედებები პირადი სიამოვნების მიზნით არ აზარალებდეს საზოგადოებრივ კეთილდღეობას. მტკიცება არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ ხშირად ადამიანის სიამოვნება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება სხვა ადამიანთა ინტერესებს და აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ ინტერესს. ეთიკური ეგოიზმი, ვფიქრობ, გვერდს ვერ უვლის კრიმინალური აქტივობების გამართლებას (პირადი სიამოვნების მიზნით ჩადენილი მკვლელობა, ქურდობა და ა.შ ცხადდება მორალურად სწორ საქციელად, თუკი ის კონკრეტულ სუბიექტს შედეგად სიამოვნებას ანჭებს), რომელზედაც ვთანხმდებით, რომ საყოველთაო, ანუ ადამიანთა კოლექტიურ კეთილდღეობას აზარალებს და საფუძველს ქმნის ახალი პოტენციური დანაშაულებისთვის. ასევე, პირადი ინტერესები ყოველთვის არ გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურ სიამოვნებას თანამშრომლობის ხარჯზე მოვიპოვებთ. ეს კი გვაძლევს საშუალებას, დავარღვიოთ არსებული შეთანხმებები და ამავდროულად ეს მორალურად გავამართლოთ, ამ შემთხვევაში კი ვერ გავცემთ პასუხს ამომწურავად და დამაჯერებლად თანამშრომლობის არსებობის აუცილებლობაზე, რომელიც ხშირად კიდევ უფრო მეტი სიამოვნებისგან გვზღუდავს. ბევრი კრიტიკული შეხედულება არსებობს ფსიქოლოგიური ეგოიზმის თეორიის მიმართაც, რადგანაც მის მიერ შემოთავაზებული ახსნა ნაკლებად ექვემდებარება შემოწმებასა და რაციონალურ დასაბუთებას, ამასთან ერთად, ვფიქრობ, შეუძლებელია უნივერსალურად განსაზღვრო ადამიანთა ქმედებების ერთადერთი საწყისი (ამ შემთხვევაში პირადი ეგოისტური სურვილები). საინტერესოა ისიც, რომ თავად ეთიკური ეგოიზმი, რომელიც არ გამორიცხავს საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიღწევას, კონკრეტულ ვითარებაში შეიძლება კონტრადიქციულიც აღმოჩნდეს. მაგალითად, თეოდორ შიკი შემდეგნაირი ვითარების წარმოდგენას გვთავაზობს: დავუშვათ, ეთიკური ეგოიზმის თეორეტიკოსთან მიდის ადამიანი რჩევისთვის მორალურ საკითხში. ეთიკური ეგოიზმის თეორეტიკოსი, უნდა გასცემდეს ისეთ რჩევას, რომელიც მისთვისაა სასარგებლო, თუმცა, შესაძლებელია ისიც, რომ მისი ინტერესი ამავდროულად, წინააღმდეგობაში მოდიოდეს იმ ადამიანის ინტერესთან. გამოდის, რომ ეთიკური ეგოიზმი, როგორც მორალური თეორია, ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესს ითვალისწინებს და არა სხვებისას, რაც ნათლად აბრკოლებს საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევას.

როგორც ჩანს, ეგოიზმი შეიძლება მოვიაზროთ როგორც ერთ-ერთი შესაძლებელი ფუნდამენტი საზოგადოებრივი კეთილდღეობისა, თუმცა ის ვერ ჭრის ისეთ მორალურ პრობლემებს, რომლებიც პირდაპირ და აშკარად აზიანებს საზოგადოებრივ ინტერესს.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.