ENG GEO

Search form

ორი შედეგის მქონე ერთი ქმედება

კონსეკვენციალიზმი ქმედებას შედეგის მიხედვით აფასებს. ანუ, ის, თუ რამდენად სწორი და მორალურად მისაღებია გარკვეული ქმედება, კონსეკვენციალიზმის მიხედვით, დამოკიდებულია არა მოტივზე, ან მიზანზე, არამედ დამდგარ შედეგზე. აღნიშნულ მიდგომაში, ერთი შეხედვით, პრობლემა არ არსებობს. ძალიან პრაგმატულად თუ მივუდგებით, მნიშვნელობა არ აქვს, ვის რამდენად კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა, თუ შედეგი ცალსახად და ობიექტურად ცუდია, ესეიგი, ქმედებაც ცალსახად და ობიექტურად არასწორი იყო.

ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, რეალურ ცხოვრებაში ეს ლოგიკური ჯაჭვი ყოველთვის არ მოქმედებს. არსებობს იდენტური ქმედებები, რომლებმაც სრულიად სხვადასხვანაირი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს და არსებობს შემთხვევები, როცა ეს შედეგი, ქმედებასთან ერთად, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბევრ ფაქტორზე. მაგალითად, მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სოციალურ, პოლიტიკურ კონტექსტს, ადამიანის ფსიქიკურ მდგრადობას, წარსულ გამოცდილებას და მრავალ ასეთ, ძალიან კონკრეტულ და ინდივიდუალურ გარემოებას.

რატომ იყო საბჭოთა განათლების სისტემა პრობლემური? მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვების შესაძლებლობების მიუხედავად, ყველა მათგანს ერთი და იგივეს ასწავლიდნენ? ვფიქრობ, რომ არა. პრობლემა არა მხოლოდ ერთი და იგივე რამის სწავლებაში, არამედ ერთი და იგივე მიდგომაშიც იყო. ეს მაგალითი იმით ეხმიანება განხილვის საგანს, რომ მასწავლებლის მხრიდან ერთი კონკრეტული მიდგომა, დავუშვათ, ზღვარგადასული სიმკაცრე, ზუსტად იმდენივე შედეგის გამომწვევი შეიძლება იყოს, რამდენი მოსწავლის მიმართაც ის ამ ქმედებას ახორციელებს. ერთ შემთხვევაში, შეიძლება ასეთმა მიდგომამ მოსწავლის მოტივაცია გაზარდოს, ან აიძულოს, რომ მუდმივად დისციპლინირებული იყოს, მაგრამ მეორე შემთხვევაში, შეიძლება მასწავლებლის ამ ქმედებამ, სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს. კერძოდ, სწორედ ასეთი მიდგომის გამო, მოსწავლეს შეიძლება სამუდამოდ გაუქრეს საგნის სწავლის სურვილი. რა ხდება მაშინ, როცა არსებობს ერთი ქმედება და მისგან გამოწვეული ორი რადიკალურად განსხვავებული შედეგი? როგორ ვაფასებთ ამ დროს, რამდენად სწორი იყო ესა თუ ის ქმედება?

კონსეკვენციალიზმის ეს მთავარი პრინციპი – ქმედების შედეგიდან გამომდინარე განსაზღვრა რომ ნაკლებად ცხადი მიდგომაა და ყოველთვის არ მუშაობს, უკეთ იხსნება პატიმრობის მაგალითით. დამნაშავის დაპატიმრების მთავარი მიზეზი ის არის, რომ ის საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და საჭიროა მისი სოციუმიდან განცალკევება, თუმცა მაშინ, როცა იგივე დამნაშავეებს სასჯელის მოხდის შემდეგ გარეთ ვუშვებთ, არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ისინი იგივე საფრთხის შემცველები აღარ არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ციხიდან გამოშვება ალოგიკური და დაპატიმრების გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობაში მყოფი იქნებოდა. ამ ლეგიტიმურ მოლოდინს, ძირითადად, ორი რამ იწვევს: 1) ადამიანს ეშინია ისეთი ქმედების ჩადენა, რომლისთვისაც ერთხელ უკვე დაისაჯა, ან 2) პატიმრობაში გატარებულ წლებში მან ნამდვილად გადააფასა ღირებულებები და ციხიდან უკეთესი ადამიანი გამოვიდა.

მეორე დაშვება ზოგჯერ რეალურია, მაგრამ იგივენაირად რეალურია მისი საპირსპირო შედეგიც, ანუ შემთხვევები, როცა ადამიანები გაცილებით უფრო გაბოროტებულები გამოდიან ციხიდან.

ამ შემთხვევაშიც, ისევე, როგორც წინა მაგალითში, მოცემულია ერთი ქმედება – დამნაშავისთვის პატიმრობის მისჯა, მაგრამ რა გრძელვადიან შედეგს გამოიწვევს ეს ქმედება (გარდა იმ შედეგისა, რომ დამნაშავე საზოგადოებისგან განცალკევდა) დამოკიდებულია იმ მრავალ ფაქტორზე, რომლებიც ზემოთ ვახსენე.

შეიძლება იმის თქმაც, რომ აღნიშნული ქმედების პირდაპირი შედეგი საზოგადოებისთვის საფრთხის მომტანი პიროვნების მოცილება იყო და რომ ეს შედეგი, თავისთავად, კარგია. შესაბამისად, კარგი და სწორია ქმედებაც, თუმცა ამ ქმედების შედეგი იქნება ისიც, თუ ვინმეს ციხე და იქ გატარებული წლები ორმაგად გააბოროტებს და იქიდან გამოსული გაცილებით დიდი საფრთხის შემცველი იქნება. მერე რა, რომ მისი დაპატიმრებისას მოტივი არ იყო მისი უფრო მეტად გაბოროტება, თუ ქმედებას შედეგიდან გამომდინარე ვაფასებთ, მაშინ ეს უკანასკნელიც თავის მხრივ შედეგია, რომელიც ცალსახად ცუდია. ანუ, ერთი და იგივე ქმედებამ შეიძლება ერთი ადამიანი უკეთესობისკენ შეცვალოს, ხოლო მეორე პირიქით.

აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა, რამდენად ზოგადი და საყოველთაოა მიდგომა – განვსაზღვროთ ქმედების ავ–კარგიანობა დამდგარი შედეგიდან გამომდინარე? განხილული ისეთი შემთხვევებიდან, როცა ერთი და იგივე ქმედებამ სხვადასხვა, საპირისპირო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს, ვფიქრობ, რომ ქმედების შედეგზე დაყრდნობით განსაზღვრა ყოველთვის სწორი და ზუსტი ვერ იქნება, რადგან შედეგი, თავის მხრივ, შეიძლება განსაზღვროს არა მხოლოდ ქმედებამ, არამედ მრავალმა კონტექსტმა.

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.