სამართლიანობის სასწორი, რომელიც ინდივიდისა და საზოგადოების საჭიროებებს შორის წონასწორობის სიმბოლოა, სამართლებრივი სახელმწიფოს ფარგლებში, ყოველთვის გაწონასწორებული უნდა იყოს. ეს ბევრისთვის სასურველი წონასწორობა საკმაოდ სენსიტიურია ნებისმიერი ცვლილების, განსაკუთრებით, კი მორალურ ღირებულებებზე გამავალი გადაწყვეტილებების მიმართ. საინტერესოა, რამდენად შეიძლება გახდეს სახელმწიფოს ან სხვა ნებისმიერი საზოგადოებრივი ორგანიზაციის მართვისას კონსეკვენციალური თეორიული მიდგომა სამართლიანობის სასწორის წონასწორობის დარღვევის მთავარი მიზეზი.
კონსეკვენციალიზმი არის ეთიკური თეორია, რომელიც აფასებს ქმედების მორალურობას ამ ქმედების შედეგად მიღებული სარგებლის მიხედვით. კონსეკვენციალიზმი ამბობს, რომ ქმედება მორალურია, შესაბამისად, მისაღებია, თუ მას შედეგად მოაქვს სარგებელი, ხოლო ამორალურია ანუ მცდარია, თუ არ მოაქვს. ამასთანავე, ის ქმედებაა მორალური, რომელსაც უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია. მარტივი მაგალითით რომ ავხსნათ, კონსეკვენციალისტური მიდგომის მიხედვით, მოსახლეობის მცირე ნაწილის მონად ქცევა გამართლებული იქნება, თუ ამით მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება და შედეგად, მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი იხეირებს. უფრო მარტივად, ბეტმენი რომ კონსეკვენციალისტი ყოფილიყო, ჯოკერის მოკვლა მისთვის მორალურად გამართლებული იქნებოდა, რადგან შედეგად მეტი ადამიანის სიკვდილს აიცილებდა თავიდან. ახლა, ამგვარი მიდგომა სახელმწიფო მასშტაბით განვიხილოთ.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზების ფორმაში, რომელშიც ყოველდღიურად დგას მორალურ გადაწყვეტილებათა მიღების საჭიროება, კონსეკვენციალური, უფრო კონკრეტულად, კლასიკური უტილიტარული (თეორიული მიდგომა, რომელიც საერთო სარგებლის მაქსიმიზაციას გულისხმობს) მიდგომა მრავალ წინააღმდეგობას აჩენს. უტილიტარიზმი ქმედების შედეგად მიღებული საერთო სარგებლის მაქსიმიზაციის მოტივით ცალკეული ინდივიდის უფლებების დარღვევას დასაშვებად მიიჩნევს, ანუ მაგალითად, სამშენებლო კომპანია, რომელიც მილიარდობით ადამიანისათვის სარგებლის მომტანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრისათვის ცათამბჯენის აშენებას გეგმავს, აქვს უფლება კუთვნილი მიწები ჩამოართვას ადამიანთა მცირე ჯგუფს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ-შეულახოს მათ საკუთრების უფლება. აქ ვხვდებით პირველ წინააღმდეგობას. თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზების ფორმად სამართლებრივ სახელმწიფოს ავიღებთ, მაშინ, მისი უმთავრესი პრინციპია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, რაც უტილიტარიზმისთვის საერთო სარგებელზე ქვემდგომი ღირებულებაა. აქვე, თუ სახელმწიფოში ყველა მორალური სუბიექტი საკუთარი მორალური სასწორით იმოქმედებს, რომელიც ქმედების სარგებელზე იქნება დამოკიდებული, სამართალი და კანონი, ფაქტობრივად, უფუნქციო აქტები იქნება. მეტიც, ინდივიდუალური მორალი ზედმეტად ზოგადი ცნებაა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ მორალს. ამ პრობლემამ შესაძლოა მიგვიყვანოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს უტილიტარული მიდგომის სხვა უარყოფით მხარესთან. ვთქვათ, ხელისუფლების მხრიდან უტილიტარული თეორიის გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილებები, მოკლევადიან პერიოდში, შეიძლება გამართლებული იყოს (როგორც კრიზისული მდგომარეობიდან გამოსავალი), თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩნდება მმართველი ხელისუფლების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბების საშიშროება საყოველთაო სიკეთის არგუმენტზე დაყრდნობით, რასაც, თავის მხრივ, მივყავართ სიკეთის რაობის პრობლემამდე. შესაძლოა, ხელისუფლება ერთ ქმედებას მიიჩნევდეს სიკეთის მომტანად, მორალურად (ზოგადად სახელმწიფოსათვის), ხოლო ხალხი სხვა ქმედებას მიიჩნევდეს უფრო მეტი სიკეთის მომტანად გრძელვადიან პერიოდში (თუნდაც, მომავალში საკუთარი (ინდივიდის) უფლებების პრევენციას). აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტის დროს ვიცე პრეზიდენტმა, დიკ ჩეინიმ ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავის ლიკვიდაციის ნება დართო პენტაგონს, თავიდან აიცილა დიდი მსხვერპლი და მატერიალური ზიანი. ეს ქმედება შესაძლოა განვიხილოთ, როგორც კრიზისული სიტუაციის განმუხტვის მაგალითი, მოკლევადიანი პრობლემის გადაჭრა, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა სახელმწიფოს უნარი მომავალში ადამიანის უფლებების კონცეფციით გათვალისწინებული ინდივიდის სიცოცხლის უფლება დაიცვას/არ შელახოს.
რადგან მთავრობას მეტი ბერკეტი გააჩნია, მას, უტილიტარული თეორიის ფარგლებში, აქვს შესაძლებლობა სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლის სასწორი წონასწორობიდან გამოიყვანოს და შექმნას ავტოკრატიული პოლიტიკური რეჟიმის დამყარების საშიშროება. საბოლოოდ, კლასიკური უტილიტარიზმი, როგორც პოლიტიკური ფილოსოფია, ერთგვარად განსაზღვრავს ადამიანთა ინდივიდუალურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ხელისუფლების ავტორიტეტს ამ უკანასკნელთა სარგებლიანობის მაქსიმიზების პრინციპით, რაც უარყოფს სოციალური კონტრაქტის არსს და შესაბამისად ეჭვქვეშ აყენებს სახელმწიფო ხელისუფლების ლეგიტიმურობას ინდივიდთან მიმართებაში.
საერთო ჯამში, კლასიკური უტილიტარიზმი ადამიანს უყურებს არა როგორც თვითმიზანს, არამედ, როგორც საშუალებას იმისათვის, რომ სხვა ადამიანებმა მიაღწიონ საკუთარ მიზნებს. ამ შემთხვევაში, იკარგება ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების კონცეფცია, რაც პირდაპირ გულისხმობს სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი პრინციპების რღვევას.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.