კონსეკვენციალიზმის მთავარი იდეა არის ის, რომ შედეგი განსაზღვრავს ქმედების მართებულობა/არამართებულობას. ადამიანი ყოველი გადაწყვეტილების მიღების წინ უნდა დაფიქრდეს, თუ რა შედეგს გამოიღებს თავისი საქციელი და უნდა ეცადოს, არჩევანი შეაჩეროს ისეთ რამეზე, რაც მაქსიმალურ სიკეთეს მოუტანს მთლიან საზოგადოებას. ყოველი ინდივიდი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია, მაგრამ არა სხვაზე მეტად. შესაბამისად, ყველას სიცოცხლეს ერთი „ფასი“ აქვს და როდესაც არჩევანი დგება იმაზე, ერთი ადამიანი გადაარჩინო თუ ხუთი, აუცილებლად ხუთი უნდა აირჩიო, რადგან ხუთი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება საზოგადოებისთვის უფრო სასარგებლო, უკეთესი შედეგის მომტანია. ამას ამბობს კონსეკვენციალიზმი. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი რაციონალურად აზროვნებდეს და სრულ ინფორმაციას ფლობდეს.
მორალური პრინციპებიდან გამომდინარე მოქმედება შედარებით მარტივია, როდესაც ჩვენს გადაწყვეტილებას არავინ და არაფერი ზღუდავს, ვიქცევით ისე, როგორც დამოუკიდებელი ინდივიდები და არანაირი სტატუსი ან პროფესია არ გვაქცევს ჩარჩოებში. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც დიდი დილემის წინაშე მდგარი ადამიანი ექიმია? ან სასულიერო პირი, რომელიც ვალდებულია თავისი მდგომარეობის შესაბამისად მოიქცეს და სხვისთვისაც მისაბაძი მაგალითი იყოს.
ცნობილი ამერიკული სატელევიზიო შოუს, „ექიმი ჰაუსის“, მეექვსე სეზონის მესამე ეპიზოდში (The Tyrant) კარგადაა წარმოჩენილი მორალური დილემის წინაშე მდგარი ექიმის მდგომარეობა. საავადმყოფოში აწვენენ დაუნდობელ აფრიკელ დიქტატორს, პრეზიდენტ დიბალას, რომლის მდგომარეობაც უარესდება და საჭიროა სწრაფად დაუსვან დიაგნოზი. მას შემდეგ, რაც ექიმები გაიგებენ, რომ მათი პაციენტის მიერ გაცემულ ბრძანებებს უკვე ათასობით ადამიანის წამება და ხოცვა-ჟლეტა მოჰყვა შედეგად, ისინი მერყეობას იწყებენ, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტენ, რომ პროფესიული მოვალეობა შეასრულონ და ყველაფერი გააკეთონ პაციენტის გადასარჩენად.
ამ აზრს იზიარებს ექიმი ჩეისიც, მაგრამ განვითარებული მოვლენები მას აიძულებს, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს. ერთ-ერთი აფრიკელი ბიჭი მასთან მივა და უხსნის, რომ პრეზიდენტი დიბალას სისასტიკის გამო ათასობით ქალი გააუპატიურეს, რომ ის ერთ-ერთი ტომის გენოციდს გეგმავს და ეს ყველაფერი კვლავ გაგრძელდება, თუკი დიბალა საავადმყოფოდან ჯანმრთელი წავა. ამის შემდეგ თავად ექიმი ჩეისი უსვამს დიბალას კითხვებს და იგებს, რომ მისი რწმენით ჩადენილი სისასტიკე ერს გადაარჩენს და ამიტომ, არ აპირებს შეიცვალოს.
ამგვარად, აშკარა ხდება, რომ პრეზიდენტი დიბალა უამრავი ადამიანისთვის წარმოადგენს საფრთხეს და ამ ადამიანებისთვის აშკარად უკეთესი იქნება თუ ის მოკვდება. სისასტიკის შეჩერება ცალსახად გამართლებული შედეგია, თუმცა რა შეიძლება გაკეთდეს ამ შედეგის მისაღწევად?
მას შემდეგ, რაც დიბალას მდგომარეობა უარესდება, ექიმი ჩეისის ცოლი, ექიმი კამერონი პრეზიდენტის მოადგილეს არწმუნებს, რომ სამედიცინო მდგომარეობიდან გამომდინარე, დიბალა რაციონალურად ვერ აზროვნებს და მისი არცერთი ბრძანება არ უნდა შესრულდეს. ექიმი კამერონი იტყუება. ის პროფესიული ეთიკის დარღვევის გზით ცდილობს დროებით მაინც შეაჩეროს ხალხის ხოცვა.
მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ერთჯერადი ტყუილი სასიკეთო შედეგის მისაღებად საკმარისი არ არის? ექიმი ჩეისი ხვდება, რომ პრეზიდენტი დიბალას საავადმყოფოდან გასვლა აუცილებლად გამოიწვევს უამრავი ადამიანის გაუბედურებას. ამიტომ, იგი საკუთარ თავზე იღებს „ხალხის გადარჩენის მისიას“. ის ანალიზების პასუხებს შეცვლის, ისე, რომ დიბალას არასწორი მედიკამენტებით მკურნალობენ, რაც საბოლოოდ მის სიკვდილს გამოიწვევს.
ექიმი ჩეისის აზრით, შედეგი მიღწეულია. ერთი ადამიანის სიკვდილი იხსნის სხვა მრავალის სიცოცხლეს. თუმცა, სადავოა, რამდენად სწორად მოიქცა ექიმი, რომელმაც პაციენტმა თავისი სიცოცხლე ანდო, მან კი პროფესიული უფლებამოსილება არაკეთილსინდისიერად გამოიყენა.
ექიმი ჩეისის გადაწყვეტილების კონსეკვენციალიზმის ჭრილში განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ადამიანმა ყოველთვის არ იცის, რა შედეგს გამოიწვევს კონკრეტული ქმედება. მომავლის წინასწარმეტყველება არავის შეუძლია. ექიმს ვერ ექნებოდა სრული ინფორმაცია იმაზე, თუ რა შედეგი ექნებოდა თავის გადაწყვეტილებას. შეიძლება მას სხვა სიტუაციაში ორი პაციენტი ჰყოლოდა, მხოლოდ ერთ-ერთის გადარჩენის საშუალება ჰქონოდა, ისე, რომ არ სცოდნოდა ვინ იყვნენ მისი პაციენტები, საბოლოოდ კი კრიმინალი გადაერჩინა და კეთილი ადამიანი მომკვდარიყო. ეს შემთხვევა კონსეკვეციალიზმის იდეას ვერ მოერგება, რადგან გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი სრულად ინფორმირებული არ იყო. სინამდვილეში ეს შემთხვევა ექიმი ჩეისისა და დიქტატორი პაციენტის საქმეს ძალიან ჰგავს, რადგან ექიმს ვერ ექნება სრული ცოდნა მომავლის შესახებ და შესაბამისად, მისი ქმედება კონსეკვენციალიზმის მთავარ იდეასთან ვერ იქნება თანხვედრაში.
მეორე მხრივ, არც ის არის ცხადი, რომ ექიმი რაციონალურად აზროვნებდა. დასაწყისში ის თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებას აპირებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მასთან მივლენ და აუხსნიან, თუ როგორი სასტიკი ადამიანია მისი პაციენტი, იგი საღ აზრს კარგავს. შესაბამისად, თუ იგი გადაწყვეტილების მიღების მომენტში რაციონალურად არ აზროვნებდა, კონსეკვენციალიზმის ძირითადი იდეაც არ შესრულდებოდა.
ამგვარად, თუკი ადამიანი თავისი ქმედების შედეგზე სრულ ინფორმაციას არ ფლობს და/ან გადაწყვეტილების მიღების მომენტში რაციონალურად ვერ აზროვნებს, მაშინ ასეთ შემთხვევებს კონსეკვენციალიზმს ვერ მივუსადაგებთ, რადგან ისინი ამ ფილოსოფიის ძირითად იდეებთან თანხვედრაში არ იქნება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.