უტილიტარიანიზმს, როგორც ფილოსოფიას, საკმაოდ მარტივად გასაგები იდეები აქვს აღებული საფუძვლად: ის მოქმედებს ერთგვარი ბედნიერების პრინციპის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ქმედება მიჩნეულია მორალურად სწორად და გამართლებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქმედების მიერ მოტანილი სარგებელი და ბედნიერება აღემატება ზიანსა და ტკივილს. ეს ხომ რაღაც უნივერსალური იდეაა, რომ ბედნიერება ჯობია უბედურებას და ადამიანმა არჩევნის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს ამ უმარტივესი პრინციპით. მაგრამ, რაღა თქმა უნდა, თუ ფილოსოფიის მთავარ იდეას ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი ასე მარტივად არ კლასიფიცირდება. რეალობა არ არის ამგვარად მკაცრად განსაზღვრული, რომ უკლებლივ ყველა ქმედება უტილიტარიანიზმის მიერ დაწესებულ შავ-თეთრ ჩარჩოს მოერგოს. შესაძლოა, ზოგიერთ ქმედებას ვერ დავარქვათ, ვერ ვუწოდოთ „კარგი“ ან „ცუდი“. გარდა ამისა, არსებობს თუ არა რაიმე უნივერსალური საზომი, რისი საშუალებითაც გავზომავთ და შევაფასებთ ქმედების მიერ მოტანილ სარგებელს, რათა უტილიტარიანიზმის მთავარი კონცეფციების მიხედვით განვსაზღვროთ ქმედების სისწორე?
საინტერესოდ მიმაჩნია, უტილიტარიანიზმის ჭრილში განვიხილო აბორტის საკითხი და ამ ქმედების სისწორე თუ არასწორობა. აბორტი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე საკამათო თემაა, იქნება ეს რელიგიური, სამართლებრივი თუ მორალური ფაქტორების გამო. თვითონ აბორტის აქტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს არაერთ პირზე, მაგალითად მშობლების ოჯახებზე, მეგობრებზე, თუმცა ამ შემთხვევაში აბორტში გასათვალისწინებელ ორ უმთავრეს მხარედ ავიღოთ უშუალო მონაწილენი, ანუ დედა და შვილი. დედის შემთხვევაში მაგალითად ვიღებთ იმ ადამიანს, რომელსაც არ უნდა შვილის გაჩენა. ასეთი ადამიანისთვის აბორტი არაერთი კუთხით იქნება ტკივილისა და უსიამოვნების შემამსუბუქებელი: არ მოუწევს მშობიარობისას თანმხლები ტკივილის განცდა, მოეხსნება ის სტრესი, ემოციური დისბალანსი, რომელიც ასევე, ხშირ შემთხვევაში მშობიარობის თანხლებ ფაქტორებს წარმოადგენს ხოლმე. იმ მშობლისთვის კი, ვისაც ბავშვის ყოლა თუ აღზრდა არ უნდა, შვილი ბევრად მეტი ზიანისა და უსიამოვნების მომტანი იქნება, ვიდრე ბედნიერების. ასე რომ განვიხილოთ, მხოლოდ ერთი მხარის გათვალისწინებით და ამასთან ერთად უტილიტარიანიზმის პრინციპების გათვალისწინებით, დედისთვის მორალურად სწორი გადაწყვეტილება იქნება აბორტის გაკეთება, რადგან ამ ქმედების განხორციელების შედეგად მას ობიექტურად მეტი სარგებელი და ბედნიერება ექნება, ვიდრე წინააღმდეგ შემთხვევაში. ამ კონკრეტულ მაგალითში მე ჰიპოთეტურად და თეორიულად განვსაზღვრე ქმედების შედეგად ერთი ადამიანის პოტენციური ინდივიდუალური ბედნიერება, რომლის ზუსტი და მათემატიკური დადგენა არასდროს შეგვეძლება, რადგან, როგორც აღვნიშნე, არ არსებობს სასწორი, რომელსაც ბედნიერებისა და სარგებლის გაზომვა შეუძლია.
აბორტზე საუბრისას გასათვალისწინებელია მეორე მხარეც, რადგან სწორედ შვილის სიცოცხლე-სიკვდილის საკითხია საკამათო თემა. ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო აქ ისაა, რომ თუ მშობელი გადაწყვეტს აბორტის გაკეთებას, შვილს ავტომატურად წაერთმევა ყველანაირი პოტენციური ბედნიერებისა და სარგებლის შეძენის შესაძლებლობა. ისეთი აბსტრაქტული რამ, როგორიც ბედნიერება და სარგებელია, ისედაც განუზომელი რამაა, მაგრამ აბორტის შემთხვევაში გვერთმევა შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ბავშვის თეორიულ ბედნიერებასა და სარგებელზეც კი, რადგან გადაწყვეტილება მიღებულია იმის გაუთვალისწინებლად, თუ რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ბავშვის დაბადება. გაუთვალისწინებელი კი იმიტომაა, რომ შეუძლებელია ამ ყველაფრის გათვალისწინება და წინასწარწარმეტყველება. მაშინ როგორ უნდა ვიმოქმედოთ უტილიტარიანიზმის პრინციპის მიხედვით, თუ აბორტის შვილის მხრიდან განხილვისას, არც კი ვიცით მისი დაბადება რაგვარი სარგებლისა და ბედნიერების მომტანი იქნება.
უტილიტარიანიზმის პრინციპებზე დაყრდნობით, ჩემი აზრით, აბორტი ვერ იქნება კლასიფიცირებული როგორც მორალურად გამართლებული ან გაუმართლებელი. აუცილებელია ქმედებაში მონაწილე ორივე მხარის ინტერესები იყოს გათვალისწინებული, რის შედეგადაც შეუძლებელია იმის თქმა, რომ ერთ-ერთი მხარის ინდივიდუალური ბედნიერება და სარგებელი გადაწონის მეორისას. რომც შეგვეძლოს ამ ფაქტორების აწონვა ან მათემატიკურად გამოთვლა, არავის შეუძლია იმის მტკიცება, რომ დედის ბედნიერება უფრო ღირებული და მნიშვნელოვანია, ვიდრე შვილისა, რომელსაც ყველანაირი უფლება და შესაძლებლობა ერთმევა აბორტის შედეგად. ამ ორი ცალკეული ქმედების შედეგის შედარება შეუძლებელია, რადგან ერთი მხრივ ვხედავთ გარკვეულ დასასრულს, როდესაც დედის ბედნიერება შედარებით მაინც ნათელი და აღქმადია, თუმცა შვილის შემთხვევაში კი ვერ ვიგებთ ბავშვის დაბადება მისთვის რამხელა ინდივიდუალური ბედნიერებისა და სარგებლის მომტანი იქნებოდა. ამ მაგალითის საფუძველზე მაინც შეგვიძლია იმის თქმა, რომ შეუძლებელია უტილიტარიანიზმის პრინციპების მიხედვით თითოეული ქმედების განსაზღვრა ისეთი აბსტრაქტული ფენომენების შედარების საფუძველზე, როგორიც ბედნიერება ან სარგებელია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.