ადამიანური მოთხოვნილებები ყოველთვის მზარდია, რამდენადაც ყოველთვის არის შესაძლებელი კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე ფიქრი უფრო მეტი ან უკეთესი საქონლისა თუ მომსახურების საშუალებით. ამ უკანასკნელთა წარმოებისთვის კი სხვადასხვა რესურსია საჭირო, რომელიც საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე იშვიათია.
შეზღუდულობის დაშვება არის ის a priori დებულება, რომლიდანაც ამოდის ეკონომიკა ადამიანთა კონკრეტული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებათა მიღებისას. გარდა ეკონომიკის სფეროსა, შეზღუდულობის დაშვება ზოგადად, ადამიანის, როგორც ნებელობითი არსების, მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესთანაა დაკავშირებული. ამის მიზეზი ადამიანის საზღვრული არსებობაა. ყველაზე მარტივად, ამჯერად სხვა რიგი შემზღუდავი ფაქტორების იგნორირებით, შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ადამიანი დრო–სივრცით ჩარჩოებშია მოქცეული, რაც თავის მხრივ, აისახება მისთვის არსებულ შესაძლებლობების შეზღუდულობაზე.
ჯონ სტიუარტ მილის აზრით, ბედნიერების თანაბარი რაოდენობა თანაბრად სასურველია, არ აქვს მნიშვნელობა მსგავსი თუ განსხვავებული ადამიანები განიცდიან მას. მილის გაგებით, უტილიტარიზმის ამოსავალი პრინციპიც ესაა, რომელიც ერთგვარად უარყოფს მოგვიანებით ჩამოყალიბებულ კლებადი ზღვრული სარგებლიანობის კანონს, რადგან ამ დოქტრინის თანახმად, ცვლადის ყოველი ერთეულით ზრდა ერთნაირად ზრდის სარგებელს, ნებისმიერ შემთხვევაში.
პრიორიტეტული შეხედულება კი უტილიტარულისგან თვისობრივად განსხვავებულია: რაც უფრო ნაკლები კეთილდღეობის მქონეა ადამიანი, მით უფრო მეტად აქვს მნიშვნელობა მისთვის სარგებლის მინიჭებას. ამ ორი თეორიის პერსპექტივათა განსხვავებული ტიპოლოგია სხვადასხვაგვარად მიემართება რესურსების განაწილების პრობლემას, სხვადასხვაგვარად სახავს პრობლემის გადაჭრის გზას და შესაბამისად, ძირითად შემთხვევაში, თითოეული საპირისპირო შედეგამდე მიდის.
პანდემიის გამოცდილება კიდევ უფრო ხელშესახებს ხდის რესურსების განაწილების პრობლემას ადამიანების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ფორს–მაჟორულ სიტუაციაში. დგება საჭიროება, ინტუიციისა თუ თეორიული პრინციპების დონეზე არსებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიცადოს. იმ ადამიანთა ჯგუფს, სადაც ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებული რისკები მეტადაა კონცენტრირებული, უფრო სწრაფად ესაჭიროება დახმარების გაწევა, ვიდრე უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს.
პრიორიტეტულობის აქსიოლოგიური პრინციპიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავეხმაროთ სწორედ ასეთ ადამიანებს, რადგან ტკივილი და სიამოვნება, უბედურება და ბედნიერება – სიმეტრიული ცნებები არაა, შეუძლებელია ერთის კომპენსირება მეორეთი, თითოეულის ტოლი აბსოლუტური მნიშვნელობების პირობებში. ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას თან ახლავს არაცალსახა პასუხის მქონე კითხვები, რომლებიც აბრკოლებენ პრიორიტეტული მიდგომის გამოყენების მიზანშეწონილობას.
მაგალითად, რა არის ის ზღვარი, სადამდეც უნდა მივცეთ თავს უფლება, გამოვიყენოთ შეზღუდული რესურსები ნაკლები კეთილდღეობის მქონე ადამიანებზე? რა სიგრძისაა/როგორ იზომება დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც ადამიანი უარეს მდგომარეობაში უნდა იყოს, რათა პრიორიტეტიით ისარგებლოს? რა ოდენობის და რა სახის უნდა იყოს ის სარგებელი, რომელიც აკლდება ალტერნატიულ გამოყენებას და იხარჯება კონკრეტულ ადამიანზე?
ამ კითხვების პასუხის გაცემის გარეშე რთულია პრიორიტეტულობის გამოყენების გონივრულობაზე საუბარი, რადგან არსებობს ალტერნატივა, რომლის გამოყენებას შესაძლოა უფრო მეტი საერთო სარგებელი მოეტანა და სწორედ მასთან შედარების საფუძველზე უნდა დადგინდეს ეს მიზანშეწონილობა.
როგოც უკვე აღვნიშნე, არსებობს მეორე ვარიანტი, რომელიც ამ შემთხვევაში უტილიტარიზმია. ამ თეორიის თანახმად, ქმედება არასწორია თუ აგენტს შესაძლებლობა აქვს ალტერნატიული ქმდების განხორციელებით უფრო მეტი საერთო ბედნიერება მიიღოს. საერთო ბედნიერება კი არის მომავალში მიღებულ ბედნიერებას გამოკლებული ასევე მომავალში მიღებული უბედურება.
კონკრეტულ სამედიცინო შეთხვევაში შესაძლებელი იყო რესურსების იმ ადამიანებზე გამოყენება, რომელთა ნაკლებად უარესი ჯანმრთელობის გაუმჯობესება საკმაოდ მაღალი ალბათობით იქნებოდა შესაძლებელი. ეს კი საბოლოოდ უფრო დიდ საერთო სარგებლამდე მიგვიყვანდა.
თუმცა უტილიტარიზმის შემთხვევაშიც არსებობს მისი ეფექტურობის შემაფერხებელი ფაქტორები. მაგალითად, თანაბარი წონების მინიჭება ბედნირებისა და უბედურებისთვის, ხშირად უბიძგებს ადამიანებს, ისაუბრონ უტილიტარიზმის მიერ ზარალის მნიშვნელობის იგნორირებაზე. მისი აქსიოლოგიის გათვალისწინებით, ზღვრულ მდგომარეობაში შესაძლებელია ინდიფერენტულობა გამომჟღავნდეს ერთი მხრივ, სიცოცხლის დაკარგვის საშიშროებასა, ხოლო მეორე მხრივ – ნაკლებად რისკიან მდგომარებას შორის. იმის გათვალისწინებით, რომ უტილიტარიზმის მთავარი პრინციპია ყველა ადამიანის მოთხოვნილებას თანაბარი მნიშვნელობის კოეფიციენტი მიანიჭოს, მან შესაძლოა სამედიცინო რესურსების განაწილების უკიდურეს შედეგამდე – სიცოცხლის დაკარგვამდე მიგვიყვანოს.
საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ პრიორიტეტულობა და უტილიტარიზმი სხვადასხვა კრიტერიუმს აწესებს მაქსიმალური საერთო ბედნიერების მიღწევის გზაზე. თითოეული მოძღვრების შემთხვევაში არსებობს ესენციალიზაციის საფრთხე, რისი გამომწვევი მიზეზი ხშირად კეთილდღეობის ინდექსის ობიექტური ცოდნის შეუძლებლობა, ე.წ ეპისტემური დაბრკოლებაა. ეს მიზეზი საკმარისია იმისთვის, რომ შედეგი მიზანთან დიამეტრულ წინააღმდეგობაში მოვიდეს. ამის გათვალისწინებით, არ არის მიზაშეწონილი რომელიმე მოძღვრების უნივერსალურ სახელმძღვანელო პრინციპად გამოყენებაზე საუბარი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.