იტყოდით ტყუილს ვინმეს შესაძლო ზიანისგან დასაცავად? ან მოიპარავდით საჭმელს ოჯახის გამოსაკვებად? მსგავს ეთიკურ დილემებზე ზოგიერთ ფილოსოფიას ცალსახა პასუხი აქვს. ერთ-ერთი ასეთია კონსეკვენციალიზმი, რომელიც გადაწყვეტილებათა ავკარგიანობას მისი შედეგების მიხედვით აფასებს. მაგალითად, თუ გაქვთ არჩევანი ორ შესაძლო ქმედებას შორის კონსეკვენციალიზმი გეტყვით, რომ სწორი ისაა, რომელიც უკეთეს შედეგს მოიტანს. თუმცა, რას ნიშნავს „უკეთესი“ და საერთოდ, როგორ შეგვიძლია ერთმანეთისგან განვასხვავოთ ისეთი ბუნდოვანი ცნებები როგორიცაა „უფრო კარგი“, „ნაკლებად კარგი“ და ა.შ.
„უკეთესისა“ და „უარესის“ განსაზღვრება შეიძლება ბევრი მიმართულებით განვითარდეს. ერთ-ერთი ასეთი განვითარების შედეგად მივიღეთ უტილიტარიზმი, რომელიც გვეუბნება, რომ უკეთესია ის, რასაც უფრო მეტი სარგებელი მოაქვს უმრავლესობისთვის. სწორედ ამას ამბობს ბენთემის „უდიდესი ბედნიერების პრინციპი“, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ რამდენადმე უპირისპირდება ჯონ სტუარტ მილის იდეები, მთავარი საკითხი ორივეგან პრობლემად რჩება. კერძოდ, რატომ უნდა განვსაზღვროთ ქმედების სისწორე, მისი მორალურობა და ეთიკურობა, მისი ავკარგიანობა, ამ ქმედების შედეგის მიხედვით და არა მოტივით, ან საკუთრივ ქმედებით?
დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ შედეგების უპირატესად მიჩნევით, უტილიტარიზმი, გარკვეულწილად, საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. მაგალითად, ჯონ სტუარტ მილისთვის უტილიტარიზმის ამოსავალი წერტილი ბედნიერების მაქსიმიზაციაა. ბედნიერებას კი ის განსაზღვრავს, როგორც სიამოვნებას და ტკივილის არარსებობას. თუმცა, აქ უნდა განვასხვავოთ ორი რამ: ტკივილი, რომელიც რაიმე ქმედების შედეგია და ასეთ შემთხვევაში, მილი გვეტყვის, რომ ეს ქმედება ცუდია, რადგან ტკივილი ცუდია. მაგრამ, ჩემი აზრით, ტკივილი თავისთავად, ასე ცალსახად ცუდი, ზიანის მომტანი რამ არ არის. პირიქით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ტკივილს დადებითი შედეგებიც ახლავს. ხშირად, მხოლოდ ტკივილს შეუძლია თვალები აგვიხილოს, რაღაცების სწორად გააზრებაში დაგვეხმაროს და მეტიც, გაგვაძლიეროს. უტილიტარიზმის მიხედვითაც კი, თუ რაღაცის შედეგად უფრო ძლიერები გავხდებით, ე.ი. ეს რაღაც კარგი ყოფილა. გამოდის, რომ ამ შემთხვევაში, ტკივილი კარგი ყოფილა, რასაც მილი ასე უარყოფდა.
მაშ, თუ ასეთი რამ შესაძლებელია, რატომ არ შეგვიძლია პირიქითაც დავუშვათ, რომ რაიმე გადაწყვეტილება ან ქმედება, რომელსაც შეიძლება „სარგებლიანი“, კარგი შედეგი ახლდეს, თავად არასწორი იყოს? ამისთვის ჯერ საჭიროა ერთმანეთისგან განვასხვავოთ „კარგი“ და „სწორი“. უტილიტარისტების შეხედულების მიხედვით, ეთიკურად და მორალურად სწორი არის ის, რასაც დადებითი ეფექტი - მაქსიმალური ბედნიერება მოსდევს. ისინი გვეტყვიან, რომ ქურდობა, ზოგადად, ცუდია, იმიტომ, რომ ამის შედეგად, ადამიანები საკუთრებას კარგავენ, საკუთარ უსაფრთხოებაზე ნერვიულობენ, ეშინიათ. ერთ სიტყვით, სიამოვნების სრულიად საპირისპირო რამეს იღებენ. მაგრამ, ქურდობა, როგორც აქტი ან განზრახვა, თავისთავად ცუდი არ არის, რაც ჩემი აზრით, არასწორია, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რა შედეგი მოჰყვება მას, ქურდობა ყველა შემთხვევაში ბოროტებაა, რადგან იგი ეწინააღმდეგება სამართლიანობას (სწორედ ამიტომ არსებობს შესაბამისი სასჯელი, როგორც ქურდობისთვის ან მკვლელობისთვის, ასევე, თითოეულის მცდელობისთვის). გარდა ამისა, არ არსებობს ისე განხორციელებული ქურდობა ან ქურდობის მცდელობა, რომელიც ვინმეს მაინც არ მოუტანს ზიანს. ამასთან, ყველა ადამიანმა, რომ ჩაიდინოს იგი პირადი სიამოვნების სახელით, საბოლოო ჯამში, დაზარალებული მეტი აღმოჩნდება, ვიდრე მოგებული. შესამისად, ეს ქმედება „უდიდესი ბედნიერების პრინციპის“ საპირისპირო შედეგს მოიტანს, რაც უტილიტარიზმის მიხედვით, არასასურველია. ამიტომ, ჩემი აზრით, ქმედება, რომელსაც სასარგებლო შედეგი მოაქვს შენთვის, ან თუნდაც ნახევარი მსოფლიოსთვის, მაგრამ თავისთავად არასწორია, გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად დამაზიანებელი იქნება. შესაბამისად, ქმედების სისწორეს ვერ განვსაზღვრავთ იმით, რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში რა შედეგი მოჰყვება მას. ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია განზრახვა. ეს უკანასკნელი უტილიტარიზმისთვის ბედნიერების მაქსიმიზაციაა და ვფიქრობ, სწორედ ამ მოტივით ჩადენილი ქურდობაა არა მარტო არასწორი, არამედ ცუდიც.
შედეგების უპირატესად აღიარების მთავარი ნაკლი ის არის, რომ არ ითვალისწინებს უმნიშვნელოვანესს - ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. სხვადასხვა ადამიანის სიამოვნების წყაროებიც სხვადასხვაა. შესაბამისად, რაღაც ქმედება, რომელსაც მე ჩავიდენ იმ მოტივით, რომ მან ბედნიერება უნდა მომიტანოს, სხვისთვის შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს. სხვა სიტყვებით, მე განვახორციელე ქმედება, რომელმაც კარგი შედეგი მოიტანა (ანუ სიამოვნება მომანიჭა) და, ამავდროულად, ცუდი შედეგიც მოჰყვა - სხვა დააზარალა. გამოდის რომ, ერთი და იგივე ქმედება, ერთი და იმავე ადამიანის მიერ ჩადენილი, ერთსა და იმავე დროს კარგიც არის და ცუდიც. ეს კი არ შეიძლება სწორი იყოს.
გარდა ამისა, „კარგი“ შედეგების მიხედვით გადაწყვეტილებათა სისწორის შეფასება უგულებელყოფს გარემოებათა არსებობასაც. წინამდებარე არგუმენტი რომ მოვიშველიოთ, სხვა ჩემნაირი და ჩემგან განსხვავებული ადამიანების არსებობა სამყაროში, რომლებიც ისევე იღებენ გადაწყვეტილებებს, როგორც მე, ჩემთვის გარემოებებს, ჩემგან დამოუკიდებელ ფაქტორებს წარმოადგენენ. ამიტომაც, როდესაც რაიმე საქციელს ჩავდივარ, რომელმაც სიამოვნება უნდა მომიტანოს და ეს საქციელი სხვას აზარალებს, რომელსაც ასევე, საკუთარი ბედნიერების მაქსიმიზაცია სურს, დაპირისპირება და ერთ-ერთის მარცხი გარდაუვალია. ჩემი აზრით კი, არ შეიძლება სწორ საქციელად ჩაითვალოს ქმედება, რომელსაც თუ ყველა ახორციელებს, ცუდი შედეგები მოჰყვება და დამაზიანებელია.
მაშ ასე, ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორების, სამყაროში არსებული რელატიურობის, ადამიანთა მრავალფეროვნების და ინდივიდუალიზმის მნიშვნელოვანი გავლენების გამო, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნებისმიერი „კარგი“ ქმედება, რომლის სიკარგესაც მის მიერ შედეგად მოტანილი „ბედნიერება“ განსაზღვრავს, არ შეიძლება ჩაითვალოს „სწორ“ ქმედებად და, რა თქმა უნდა, პირიქით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.