ადამიანები ვემორჩილებით გარკვეულ შინაგან წესებს, რომლების მიხედვითაც განვსაზღვრავთ ჩვენს ქმედებებს, თუ როგორ მოვიქცეთ გარკვეულ სიტუაციებში- რა არის სწორი და რა არასწორი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ობიექტური შეჭმარიტების ცნება დიდი ხნის წინ ჩაბარდა წარსულს- აღარ არსებობს კონკრეტული წესები, რომლებსაც ვალდებულნი ვართ მივყვეთ. შედეგად, ჩვენ, მოაზროვნე რაციონალურ არსებებს, მთელი ცხოვრება პირისპირ გვიწევს ყოფნა გადაწყვეტილებების მიღებისა და შედეგის პასუხისმგებლობასთან. და მაინც, რა კრიტერიუმებზე დაფუძნებით უნდა ვიღებდეთ გადაწყვეტილებებს, როგორ უნდა განვაზღვროთ სწორი და არასწორი.
კანტიანური მორალი, როგორც მოგეხსენებათ, დაფუძნებულია კონკრეტულ წესებსა და კანონებზე. არ არსებობს არანაირი მიზეზი, გამონაკლისი, რომლებიც ამ წესების დარღვევის უფლებას მოგვცემდა. მაგალითად, განვიხილავ ბეტმენისა და ჯოკერის სიტუაციას. ამ შემთხვევაში ბეტმენი შეგვიძლია ჩავთვალოთ წმინდა კანტიანელად. მიუხედავად იმისა, რომ ჯოკერი საზოგადოებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა, ბეტმენი არ ღალატობს მორალურ პრინციპებს და მართალია არაერთხელ მიეცემა შანსი მოკლას ჯოკერი და გადაარჩინოს მრავალი ადამიანის სიცოცხლე, მაინც არ იღებს ამ გადაწყვეტილებას, რადგან არსებობს საზღვრები, რომლებსაც მას მორალი უწესებს და რომლის გადაკვეთის უფლებასაც, კანტის მიხედვით, არანაირი გამონაკლისი არ იძლევა. ბეტმენმა იცოდა, როგორ მოიქცეოდა ჯოკერი მომავალში- შეიწირავდა უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს, მაგრამ მაინც არ იღებს ამ გადაწყვეტილებას. მთავარი კითხვაც სწორედ აქ ისმის. ეკისრება თუ არა ბეტმენს ამ ადამიანების სიკვდილში მორალური პასუხისმგებლობა, მას ხომ, ფაქტობრივად, არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა მათი სიცოცხლის გადარჩენის ჯოკერის შეჩერებით.
იმის მაგივრად, რომ ვფოკუსირდეთ გადაწყვეტილების მოტივზე, იქნებ ჯობს მეტი ყურადღება დავუთმოთ მის შედეგებს? მორალური თეორია, რომელიც სწორედ შედეგზე ფოკუსირდება, გახლავთ უტილიტარიანიზმი. მარტივად რომ ვთქვათ, უტილიატიანიზმის მიხევით კარგი შედეგი=კარგ გადაწყვეტილებას. და მაინც, რა არის დადებითი შედეგი?
თანამედროვე უტილიტარიანიზმის ორ ძირითად წარმომადგენლად ითვლებიან ბრიტანელი ფილოსოფოსები ჯერემი ბენტამი და ჯონ სტუარტ მილი, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ ეპიკურე, რომელიც მათი იდეების წინაპრად შეგვიძლია ჩავთვალოთ. წინათქმული მოაზროვნეები თვლიდნენ, რომ მოქმედება უნდა განისაზღვრებოდეს იმ სიამოვნებისა თუ ბედნიერების მიხედვით, რომელსაც მისი შედეგი გამოიღებს, რადგან, მათი აზრით, ყველა ადამიანის მიზანი, საბოლოო ჯამში, სწორედ ბედნიერების მიღწევაა. აქვე აუცილებელია გავმიჯნოთ უტილიტარიანიზმი ეგოიზმისგან. ეგოიზმის მიხედვით ადამიანი ფოკუსირებულია მხოლოდ საკუთარი სარგებლის მიღებაზე, ხოლო უტილიტარიანიზმი სახალხო კეთილდღეობაზე. ჩვენ გადაწყვეტილებებს უნდა მოჰქონდეთ მაქსიმალური სიკეთე, მაქსიმალური ადამიანისთვის- სწორედ ეს გახლავთ უტილიტარიანიზმის უმთავრესი პრინციპი. ეს კი შეიძლება გარკვეული პიროვნებებისთვის გულისხმობდეს არასასურველი გადაწყვეტილების მიღებასა და საკუთარი სიამოვნების მსხვერპლად შეწირვასაც კი. ხშირ შემთხვევაში არჩევანისგან თავისფლები არ ვართ.
რეალურად, ჩვენ ყოველთვის ვიღებთ გადაწყვეტილებას, როდესაც არ ვმოქმედებთ. მაგალითად, როგორც ამ შემთხვევაში ბეტმენი იქცევა და არ კლავს ჯოკერს. ჩვენ ვირჩევთ, რომ არ მოვკლათ ტერორისტი, ესეიგი ვირჩევთ არ ვიმოქმედოთ, ვიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას. არ გვაქვს შესაძლებლობა, დავრჩეთ ნეიტრალურები- გადაწყვეტილების არ მიღებაც გადაწყვეტილებაა. შესაბამისად, შეიძლება ჩაითვალოს, რომ კანტიანური მორალი არ ამართლებს რიგ შემთხვევებში. საზოგადო სიკეთისთვის, უტილიტარიანიზმის თანახმად, ადამიანს ეკისრება გარვეული ვალდებულება ‘გაისვაროს ხელები’ და იმოქმედოს საზოგადოების სარგებელის მაქსიმალიზაციისთვის, ამ მაგალითის შემთხვევაში კი ერთი დამნაშავის სიკვდილი მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს.
იმის მაგივრად, რომ ვიფიქროთ როგორ მოვიქცეთ, შესაძლოა უნდა ვფიქრობდეთ რა რჩევას მივცემდი უცხო ადამიანებს, რომლებიც ემოციურად შორს დგანან ჩვენგან, ხოლო მიზნად მათი უმრავლესობის კეთილდღეობა მივიჩნიოთ. შესაძლოა ეს ერთადერთი გამოსავალი იყოს ნათელი განსჯისთვის, რადგან ემოციები ხშირად ხელს გვიშლიან მივიღოთ ‘სწორი’ გადაწყვეტილებები. საკუთარ ცხოვრებაში დამკვირვებლის როლის მორგება, ჩემი სუბიექტური აზრით, ერთადერთი გზაა ადეკვატურ გადაწყვეტილებებამამდე.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.