ადამიანთა ქცევებსა და პოზიციებს ამა თუ იმ საკითხების შესახებ, როგორც წესი, საფუძვლად უდევს სწორისა და არასწორის ერთმანეთისგან გამიჯვნა. მას შემდეგ, რაც ინდივიდი გადაარჩევს და გადაახარისხებს ამ ცნებათა განსაზღვრებებს საკუთარ თავში, ყოველი მისი ქმედება, თუ შეხედულება უკვე ამ მოცემულობას ეყრდნობა. არჩევანის გაკეთებაში ადამიანებს ეხმარება მორალი - ერთგვარი გზამკვლევი, შეფასების კრიტერიუმი და ნორმა. თუ დაკისრებულ მორალურ პასუხისმგებლობას პირნათლად აღვასრულებთ, ეს სწორად ჩაითვლება, მაგრამ მორალურად აკრძალული საქციელი საზოგადოებისთვის უკვე მცდარი და მიუღებელია. პრობლემა, რაც ამ დისკუსიისას იჩენს თავს ისაა, რომ მორალური თეორიები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, როგორც ჩარჩოს, რამდენიმე სახის არსებობს, მაგალითად: მორალური სუბიექტივიზმი, ეთიკური ეგოიზმი, და ა.შ. თითოეული სხვადასხვა პასუხს გვათავაზობს შეკითხვაზე, მაგრამ ამჯერად განვიხილოთ ეს საკითხი კონსეკვენციალიზმის პერსპექტივიდან, რაც გულისხმობს სწორისა და არასწორის გამიჯვნას იქიდან გამომდინარე, თუ როგორია ქმედების შედეგი. მაგალითისთვის, თუ მოვიტყუებით, მაგრამ ეს ტყუილი ჩვენთვის სასარგებლო შედეგს გამოიღებს, ტყუილს არასწორ ქმედებას ვერ ვუწოდებთ. შედეგებით დეტერმინირებული ღირებულებების შესახებ ჯონ სტიუარტ მილმა ჩამოაყალიბა კონცეფცია, რომ ყოველი არსება მიილტვის ტკივილის შემცირებისა და სიამოვნების მაქსიმიზირებისკენ. იოზებ ბატლერის სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ‘’ბედნიერებისა და უბედურების შესახებ იდეები ჩვენთვის ყველაზე ახლობელი და მნიშვნელოვანია’’და მაშასადამე, ‘’ინტერესი, ერთი ინდივიდის ბედნიერება, აშკარა ვალდებულებაა’’, ანუ, ადამიანის უმთავრესი საზრუნავი ამ ქვეყნად ბედნიერების უზრუნველყოფაა, რასაც მივყავართ კონსეკვენციალიზმის ერთ-ერთ ძირითად ფორმამდე: ‘’უდიდესი ბედნიერების პრინციპამდე’’. ამ პრინციპის უპირატესობა ისაა, რომ ისინიც კი, ვისაც არ სწამთ კანტისეული ‘’კატეგორიული იმპერატივის’’ და წინასწარ განსაზღვრული მორალური კომპასის, ვერ უარყოფენ, რომ თითოეული ჩვენგანის საბოლოო მიზანი მაინც ბედნიერებაა და ყველა დასკვნის სათავე ‘’უდიდესი ბედნიერების პრინციპამდე’’ დაიყვანება.
ამგვარი მოსაზრების სათავეები შეგვიძლია ჯერ კიდევ ელინიზმის პერიოდში ვეძებოთ, როდესაც ფილოსოფიის მთავარი ამოცანა იყო სწავლება იმისა, რა უნდა გააკეთოს კონკრეტულმა ადამიანმა, რომ აირიდოს უბედურება და გახდეს ბედნიერი. იმდროინდელი ფილოსოფიური სკოლებიდან ჰედონიზმსა და ბედნიერებისკენ მიმავალი გზა-საშუალებების შესახებ მოძღვრებით განსაკუთრებით გამოირჩეოდა ეპიკურეიზმი. ის, უპირველესად, გვასწავლიდა ტკივილისა და ტანჯვის მინიმუმამდე დაყვანას და ყოველი ქმედება, მაგალითად, შიშებისგან გათავისუფლება, მიმართული უნდა ყოფილიყო ტკბობისა და ბედნიერების გაზრდისკენ. ეს ხაზი გააგრძელა ჯერემი ბენტამმაც, რომელმაც წინა პლანზე წამოწია და საზომ სტანდარტად აქცია უდიდესი ბედნიერების საკითხი, თავის აქსიომაში მან ეს ასე ჩამოაყალიბა: ‘’რაც შეიძლება მეტი ბედნიერება, მეტი ადამიანისთვის’’.
ამგვარი ფილოსოფიური მიდგომა ეფექტურია ზოგიერთი საკამათო დილემის გადასაჭრელად, მაგალითად ავიღოთ ევთანაზიის თემა. ევთანაზია სიცოცხლის შეწყვეტის პრაქტიკაა, რომელსაც სამედიცინო სფეროში მიმართავენ მაშინ, როდესაც პაციენტი უკურნებელი სენითაა დაავადებული და ტკივილისგან გასათავისუფლებლად ერთადერთი გზა სიკვდილია. ევთანაზიას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მათი ნაწილი რელიგიურ არგუმენტს უპირისპირებს, ზოგი მას მკვლელობად და ამორალურ, გაუმართლებელ ქმედებად მიიჩნევს, მაგრამ კონსეკვენციალიზმის თვალსაზრისით, სანამ დასკვნას გამოვიტანდეთ, დავაკვირდეთ ევთანაზიის შედეგს. წარმოიდგინეთ პაციენტები, რომელთა დიაგნოზი შეუქცევადია, დარჩენილი სიცოცხლე მათ უნდა გაატარონ საწოლს მიჯაჭვულებმა და ელოდონ ნელ და მტანჯველ სიკვდილს. დამეთანხმებით, რომ ამ დროს ადამიანი უდიდეს ტკივილს განიცდის, ილახება ასევე მისი ღირსებაც, იგი შეიძლება მიიჩნევდეს, რომ ტვირთად აწვება გარშემომყოფებს. ასეთ შემთხვევაში, თუ პაციენტს ორივე ალტერნატივა კარგად აქვს გააზრებული და ფიქრობს, რომ ნებაყოფლობით სიცოცხლის შეწყვეტა მას უფრო მეტ ბედნიერებასა და სიმშვიდეს მოუტანს, ვიდრე ასეთ პირობებში არსებობის გაგრძელება, ‘’უდიდესი ბედნიერების პრინციპის’’ თანახმად, ევთანაზია სწორი გადაწყვეტილებაა. თუ ასევე გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ბედნიერებაში იგულისხმება მთლიანი ბედნიერება და არა მხოლოდ ერთი ადამიანისა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ პაციენტის ახლობლებისთვისაც ევთანაზია შესაძლოა უკეთესი იყოს, ვიდრე საყვარელი ადამიანის ხანგრძლივი ტანჯვის ყურება.
მაშასადამე, ჩვენ ვისაუბრეთ კონსეკვენციალიზმის არსსა და მის ერთ-ერთ ძირითად ფორმაზე, განვიხილეთ ‘’უდიდესი ბედნიერების პრინციპის’’ პრაქტიკული გამოყენება ევთანაზიის მაგალითით, რომელიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამ მიდგომის შინაარსობრივ მხარეს, რომ თუკი ქმედება ამცირებს ტკივილს საერთო ჯამში და ზრდის ბედნიერებას/სიამოვნებას, ის გამართლებულად უნდა ჩაითვალოს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.