საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემებია ეთიკური, მორალური ან, თუნდაც, ამის სრულიად საპირისპირო ქცევა. ამ თემაზე არაერთი ფილოსოფია არსებობს, რომლებიც შეიძლება სრულიადაც ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს. ერთ-ერთი ასეთი თეორიაა კონსეკვენციალიზმი, რომელიც არის შეხედულება შეფასების შესახებ და განიხილება მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად კარგად უწყობს ხელს ღირებულებას. ვფიქრობ, კონსეკვენციალიზმის განხილვისას ძალიან საინტერესოა გავეცნოთ მის მიერ შეფასებულ მორალურობას - მოქმედება მართებულია, თუ ის სარგებლის მომტანია და მცდარია იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი არ მოაქვს. მისთვის ორი რაიმე ალტერნატიული ქმედებიდან მორალურად უფრო გამართლებულია ის, რომელსაც მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია. მსგავსი შეხედულება შესაძლოა ეწინააღმედგებოდეს საზოგადოებაში ღრმად ჩაბეჭდილ მორალს, კანონებსა და ეთიკას.
სარგებელი ზედმეტად ინდივიდუალი ცნებაა, სწორედ ამიტომ რთულია რაიმე საქციელი სრულიად დადებითად ან სრულიად უარყოფითად შეაფასოს ადამიანმა. ამის დასადასტურებლად არსებობს ცნობილი მორალური დილემები, რომლებიც ადამიანისთვის გადაწყვეტილების მიღებას ართულებს. მაგალითად, ძალიან საინტერესოა მატარებლის დილემა და მისი ვარიაციები. მოცემულობა შემდეგნაირია: მატარებელი რელსებზე მთელი სიჩქარით მოდის, თქვენ შეგიძლიათ მისი მიმართულების შეცვლა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მსხვერპლი გარდაუვალია. პირველი მიმართულებით მატარებლის წასვლის შედეგად ერთი, თქვენთვის უცხო ადამიანი დაიღუპება, ხოლო მეორე მიმართულებით - ხუთი, ასევე თქვენთვის უცნობი ადამიანი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რთულია გადაწყვეტილების მიღება, რადგან სხვა ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ჩვეულებრივ პირობებში, ალბათ, ხუთი ადამიანის გადარჩენას გადაწყვეტდით, თუმცა მოცემულობის ოდნავი ცვლილება სრულიად ცვლის გადაწყვეტილებას. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის ერთი, მარტო მდგომი ადამიანი არა უცხო, არამედ ნაცნობი, მეგობარი ან, თუნდაც, ოჯახის წევრი იქნებოდა? ვფიქრობ, სიტუაცია სრულიად შეიცვლებოდა და იმაზე უფრო მეტად რთული გახდებოდა, ვიდრე მანამდე იყო. იმ ერთი ადამიანის გადარჩენა თქვენთვის სარგებლის მომტანი იქნება, რადგან სიკვდილისგან იხსნით ახლობელს, რასაც იგივეს ვერ ვიტყვით დაღუპული ხუთი ადამიანის ოჯახებზე. სწორედ ამიტომ, ძალიან რთულია გადაჭრით ვთქვათ რაიმე ქმედებას სარგებელი მოაქვს თუ არა. შეიძლება ერთი და იგივე საქციელი კონკრეტული ადამიანისთვის სასარგებლო იყოს, ხოლო სხვისთვის - არა. ზემოთ ხსენებული დილემის განსხვავებული ვარიაციაც არსებობს. მაგალითად, თქვენ დგახართ მატარებლის ლიანდაგის ზემოთ, ხიდზე. ხედავთ, რომ ხუთი ადამიანს ეჯახება მატარებელი, ხიდიდან ერთ ადამიანს თუ გადააგდებთ, მატარებელი მას დაეჯახება და ის ხუთი ადამიანი გადარჩება. მათემატიკურად ეს ორი დილემა ერთმანეთის მსგავსია - ერთი ადამიანის სიცოცხლე ხუთის სანაცვლოდ, თუმცა მეორე ვარიანტზე დადებითი პასუხი ბევრად უფრო მცირე რაოდენობის ადამიანებმა გასცეს.
კონსეკვენციალიზმის თეორიის მიხედვით მიზანი ამართლებს საშუალებას, თუმცა ეს მიდგომა მორალურად და ეთიკურად შესაძლოა საზოგადოებისთვის სრულიად გაუმართლებელი იყოს. ეთიკა უნდა გავიგოთ, როგორც წმინდა ადამიანური მოვლენა, როგორც ადამიანების საჭიროებების, ინტერესებისა და დამსახურებების პროდუქტი. მსგავსი მიდგომა სწორედ თომას ჰობსმა ჩამოაყალიბა. მისი აზრით, ეთიკის გაგება შეიძლება წმინდა ადამიანური თვალსაზრისით. ჰობსი აყალიბებს საკუთარ თეორიას, რომელიც კონსეკვენციალიზმისგან განსხვავდება. ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ შეუძლებელია რომელიმე საქციელი იყოს სარგებლიანი ან უსარგებლო, შეუძლებელია ადამიანმა მოძებნოს ყველასთვის კარგი ან ყველასთვის ცუდი გადაწყვეტილება. ჰობსიც სწორედ ამგვარ მსჯელობას გაყვა და მისი აზრით, “კარგი” და “ცუდი” მხოლოდ სახელებია, რომლებსაც ჩვენ, ადამიანები ვუწოდებთ საგნებს, ჩვენი შეხედულებების მიხედვით. ჰობსის მოსაზრებით, ყველა ადამიანი ერთმანეთს ჰგავს იმ მხრივ, რომ რომ თითოეული ცდილობს ცხოვრება გახადოს მისთვის უკეთესი. რა თქმა უნდა, უკეთესია ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, რომელშიც ურთიერთთანამშრომლობაა. ეს კი სწორედ მაშინ ხდება, როდესაც ადამიანები თანხმდებიან ქცევის გარკვეულ წესებზე. სწორედ ესაა “სოციალური ხელშეკრულება”, რომელიც არის ზნეობის საფუძველი. ადამიანები თანხმდებიან გარკვეულ წესებზე მხოლოდ იმიტომ, რომ მისი დაცვით თავადვე მიიღონ სარგებელი. ვფიქრობ, ეს საქციელი ძალიან ჰგავს კონსეკვენციალიზმის მიერ მორალურობის შეფასებას.
საბოლოოდ, ადამიანები თუ მივყვებით გარკვეულ წესებს, შეთანხმებებსა და მოცემულ კანონებს, მათი შესრულება ჩვენთვის გარკვეული სარგებლის მომტანი იქნება. ვფიქრობ, აუცილებელია ეთიკაზე ზრუნვაც, რადგან შევძლოთ ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, საიდანაც მივიღებთ უფრო მეტ სარგებელს, ვიდრე მარტო ცხოვრების დროს შევძლებდით, რომ მიგვეღო.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.