იმისათვის, რომ სწორად იქნას გააზრებული ის საკითხები, რაც ამ ბლოგში იქნება განხილული, აუცილებელია, განვმარტოთ ბუნებითი სამართლის ცნება. თომას აკვინელი გახლავთ ერთ-ერთი იმ ფილოსოფოსთაგანი, რომელიც საუბრობს ბუნებით სამართალზე და გვიზიარებს ამ თეორიის მისეულ გაგებას. უფრო კონკრეტულად, მისი აზრით, ბუნებითი სამართალი ეს არის თეორია, რომელიც თავის თავში მოიაზრებს, რომ ღმერთმა სამყარო შექმნა ბუნებითი კანონების მიხედვით. ეს კანონები არის წინასწარ პროგნოზირებადი და მიზანზე ორიენტირებული, რაც წარმოადგენს მთავარ საფუძველს, რომლის შედეგადაც სიცოცხლე არის მდგრადი და ფუნქციონირებს შეუფერხებლად. როგორც მისი სიტყვებიდან ირკვევა, მთავარი როლი ბუნებითი სამართლის არსებობაში ღმერთს უჭირავს და მან მის მიერ შექმნილ თითოეულ ქმნილებას ჩაუნერგა ინტუიციური სურვილი იმისა, რაც მათთვისვე არის საუკეთესო. ის ყველაფერი, რისი ძიებისთვისაც შეიქმნა ნებისმიერი ცოცხალი არსება ცნობილია სახელით - The basic goods.
The basic goods არის ის 7 რამ, რაც ყველა ცოცხალ ორგანიზმს სურს. პირველი არის სიცოცხლე და მასთან დაკავშირებული თვით გადარჩენის ინსტინქტი, რომელიც ადამიანებსა და ღმერთის სხვა ქმნილებებს თანდაყოლილი აქვთ, რაც გადარჩენისთვის მუდმივ ბრძოლაში გამოიხატება. სიცოცხლის მნიშვნელობას უფრო და უფრო ამტკიცებს ის ფაქტი, რომ შემდეგ ყველასთვის სასურველ/საჭირო პროცესს წარმოადგენს რეპროდუქცია, რაც ისევ და ისევ ახალი სიცოცხლის შექმნას გულისხმობს. ამისგან განსხვავებით, თომას აკვინელი გამოყოფს შთამომავლებისათვის განათლების მიცემას, მათ აღზრდას და მათთვის ცხოვრებისთვის აუცილებელი ინფორმაციის გაზიარებას. ეს ეხებათ როგორც ინდივიდებს, ისე ცხოველებსაც, რომლებმაც თავიანთ ნაშიერებს უნდა ასწავლონ თავდაცვა, ნადირობა და სხვა. ალბათ, ყველასგან გასაკვირად, ღმეთის ძიება ჩვენი ცხოვრების ყოველ ეტაპზე აკვინელის 7 Basic goods-ს შორის მეოთხე ადგილს იკავებს, მიუხედავად იმისა, რომ ის არის ყველაფრის საწყისი და მისი როლი ბუნებით სამართალში მთავარია. შემდეგი ეხმიანება ადამიანების, როგორც სოციალური ცხოველის იდეას და ამბობს, რომ ადამიანი ყოველთვის მიისწრაფვის საზოგადოებაში/სხვებთან ერთად ცხოვრებისაკენ. საბოლოოდ, აკვინელი ამ სიას ასრულებს ძალადობისა და იგნორირებისგან თავის არიდებაზე საუბრით.
თუმცა მთავარია ის, თუ როგორ ხდება ბუნებითი სამართლის ამ 7 Basic goods-ის წარმოჩენა საზოგადოებისათვის. ერთი შეხედვით ის საკმაოდ მარტივ “მითითებებს” იძლევა, თუმცა თუ სიღრმისეულად დავუფიქრდებით ამ მიდგომას, მივხვდებით, რომ ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური სტრატეგიაა, რომელიც დღესაც საკმაოდ კარგად მოქმედებს ადამიანებზე.
ამის უკეთ გასაგებად, განვიხილოთ სიცოცხლე. ბუნებით სამართალის “სლოგანი”, სიცოცხლეზე საუბრისას არ არის ისეთი ხისტი და მკაცრი, როგორიცაა ფრაზა “არ მოკლა !”. ამგვარი ამკრძალავი ხასიათის გამონათქვამები, ხშირად ადამიანებში პროტესტის გრძნობას იწვევს, რაც ხელს უშლის ამ მესიჯის დადებითი კონტექსტით გავრცელებას. ამიტომაც, ბუნებითი სამართალი, ცდილობს საზოგადოებამდე მსგავსი გზავნილი პოზიტიური აკრძალვის მეშვეობით მიიტანოს და მიუთითოს მას სიცოცხლის ხელშეწყობისკენ/წახალისებისკენ. ასეთივე მიდგომაა მაგალითად რეპროდუქციასთან დაკავშირებით: ბუნებითი სამართალი ამბობს, რომ ხელი უნდა შევუწყოთ ახლის წარმოშობას და არ მიგვითითებს მკაცრად იმისკენ, რომ არ უნდა შევუშალოთ ხელი/დავაბრკოლოთ რეპროდუქცია. ამდაგვარი მიდგომა საზოგადოებისგან უფრო მეტ მხარდამჭერს ითვალისწინებს, რადგან ადამიანებისათვის და ალბათ ახლა მკითხველისთვისაც, ზემოხსენებული მითითებები, უფრო მეტად მისაღებია, ვიდრე ამკრძალავი, მკაცრი ფრაზები, რომელებიც რეალურად იდენტურ შინაარს ატარებს.
შესაბამისად, Basic Goods არის ის საწყისი წერტილი, რომლისგანაც წარმოიშობა და აქტიურდება ბუნებითი სამართლის თეორია. ის ქმნის ისეთ მიდგომებს, რომელიც სოციუმში აჩენს სურვილს მუდმივად მიისწრაფვოდნენ ამ 7 მნიშვნელოვანი “პრინციპისაკენ”, რომლებიც როგორც ზემოთ ვახსენე ღმერთმა იმიტომ შექმნა, რომ ისინი მისი ქმნილებებისთვისვე არის საუკეთესო. თუმცა, მთავარი რაც თომას აკვინელის მიდგომიდან ნათლად ჩანს არის ის, რომ ნებისმიერ აკრძალვას შეგვიძლია მივცეთ იმგვარი ფორმულირება, რომელიც საზოგადოებაში არა პროტესტს და უარყოფას, არამედ მათ მხარდაჭერას და გაზიარებას გამოიწვევს და სწორედ ასე მუშაობს ბუნებითი სამართლის თეორიაც.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.