ENG GEO

Search form

Homo novus –Divine mind

“The chief and ultimate law is the mind of god compelling or forbidding all things by reason”.

მარკუს ტულიოს ციცერონის სახელი მჭერმეტყველებასა და ნოვაციასთან ასოცირდება. ძველი რომაელი საზოგადოებისთვის უცხო იყო ის იდეოლოგია, რომელსაც ციცერონი თავის ნაშრომებში გადმოსცემდა. მისი მტკიცებით, სამართალი ბუნების მიერ დადგენილ უცვლელ ზნეობასა და კანონს ემყარება. მოაზროვნის ბუნებით- სამართლებრივი მოძღვრება განიცდიდა პლატონის, არისტოტელესა და ზოგიერთი სტოელის გავლენას. ეს გავლენა განსაკუთრებით იგრძნობა სამართლიანობის არსის დადგენისას, როდესაც ციცერონი აღნიშნავს, რომ „სამართლიანობა თითოეულს აძლევს იმას, რაც მას ეკუთვნის და ინარჩუნებს თანასწორობას ადამიანებს შორის“.
ციცერონს ეკუთვნის ნაშრომი „კანონების შესახებ“, რომელშიც იგი დიალოგის საშუალებით გვაზიარებს თავის შეხედულებას ჭეშმარიტ, ბუნებით კანონებზე. ნაშრომის მეორე წიგნში ავტორს შემოაქვს ბუნებითი სამართლის ცნება: „ჭეშმარიტი კანონი ბუნების შესაბამისი, გონიერი, მუდმივი და მყარი დებულებაა, რომელიც ვრცელდება ყველა ადამიანზე.ასეთი კანონის სრული ან ნაწილობრივი აკრძალვა ცოდვაა. ღმერთია ამ კანონის შემოქმედი, მისი აღმსრულებელი და მოსამართლე“. დიალოგის დასაწყისში მარკუსი ძმას მიმართავს და აფრთხილებს, რომ სანამ ისინი ინდივიდუალურ კანონებს მიუახლოვდებიან, მათ უნდა იმსჯელონ ბუნებით კანონზე, რომლის შესაბამისადაც უნდა არსებობდეს ყველა სხვა ნორმა. როგორც ჩანს, ციცერონისთვის უპირობოდ ჭეშმარიტია კანონი, რომელიც ბუნებასთან ჰარმონიაშია. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა დიალოგის ის ნაწილი, სადაც ავტორი ერთმანეთისგან განასხვავებს ლეგალიზმსა (ფაქტობრივ, ადამიანის მიერ დაწერილ კანონს) და ბუნებით კანონს, რომელსაც იგი მარადიულ სიბრძნეს უწოდებს. ციცერონი ამტკიცებს, რომ ბუნებით კანონს კოდიფიცირება არ სჭირდება და რომ იგი, თავისი არსით, ყველა სხვა წერილობით დოკუმენტზე მაღლა დგას. იგი ცდილობს გვიჩვენოს, რომ „კანონი ადამიანიდან არ იწყება“. სიტყვების ეს ფორმულირება უცნაურია, თუმცა ვფიქრობ, მას კონკრეტული ახსნა ნამდვილად მოეძებნება. დიალოგის ზემოთხსენებულ ნაწილში, მარკუსი ძმასთან საუბრისას გამოკვეთს, რომ უმაღლესი კანონი- ღვთიური გონებაა, რომელიც შემდგომ განსხეულდება ბრძენ ადამიანში. ადამიანი შექმნა მასზე უფრო მაღალმა ძალამ და მასში დატოვა „ნაპერწკალი“, რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს და ამ კავშირის წყალობით, ადამიანის გონება ღვთიურს უნდა ემსგავსოს. გამოდის, რომ მისთვის ადამიანები უმაღლესი სიბრძნის „იარაღებს“ წარმოადგენენ, რომლებიც განაგებენ დედამიწას და ვალდებულნი არიან შესაბამისი კანონებით გაავრცელონ სიკეთე და აკრძალონ ბოროტება. მარკუსის უმცროსი ძმა, კვინტუსი, მოაზროვნის ამ იდეას პასუხობს: „ გეთანხმები, ძმაო. რაც ჭეშმარიტი და მარადიულია, ის წერილობით დოკუმენტებში არ იქმნება". "It did not begin to be a law precisely when it was written, but when it arose.“
ციცერონისთვის კანონი არაა წესდებებისა და რეგულაციების წერილობითი ნუსხა, არამედ იგი ღვთაებრივი გონისგან ბოძებული წესია, რომელიც ადამიანის გამოცდილების განუყოფელ ნაწილად იქცევა.
გამოვარჩევ დიალოგის კიდევ ერთ ნაწილს, სადაც ციცერონი წამოჭრის აზრს, რომ ქალაქი, რომელსაც კანონი არ გააჩნია, ფაქტობრივად საერთოდ არ არსებობს. ამის საფუძველზე იგი მიდის დასკვნამდე, რომ კანონი სხვა ყველაფერზე მაღლა დგას- „it is necessary that law be recognized to be among the best things“. მარკუსის ამ სიტყვების საფუძველზე ნათლად ჩანს, რომ მისთვის კანონი სხვა ყველაფრის არსებობის საფუძველია, ქალაქის არსებობის განმაპირობებელია. მარკუსის ამ შეხედულებას, როგორც მთელი დიალოგის განმავლობაში, კვინტუსი სრულებით იზიარებს.
Საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ციცერონი სამართლის არსს ჭვრეტდა გონებაში. იგი კატეგორიულად აცხადებდა, რომ თუ სახელმწიფოში მოქმედი კანონები ეწინააღმდეგებიან სამართლიანობას, მაშინ ისინი არ წარმოადგენენ კანონებს. Ვფიქრობ, მოცემული დიალოგის ანალიზის საფუძველზე ცალსახაა ის ფაქტი, რომ ციცერონი თავისი იდეებით დროს უსწრებდა. Მის ნაშრომებში გადმოცემულმა სამართლებრივმა და პოლიტიკურმა იდეოლოგიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია შემდგომ, თანამედროვე სამართლებრივი პრინციპების ჩამოყალიბებაში. გასაკვირი არაა, რომ მას სწორედ homo novus-ს, “ახალ ადამიანს” უწოდებდნენ.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.