განსხვავებით სხვა ეთიკური თეორიებისა, როგორებიცაა, მაგალითად, დეონტოლოგია და კონსეკვენციალიზმი, რომლებიც მნიშვნელობას ქმედებასა და შედეგს ანიჭებს, სიქველის ეთიკა მთავარ აქცენტს ინდივიდის შინაგან ასპექტსა და ხასიათზე აკეთებს, კერძოდ, მორალურ ღირებულებებსა და სიქველეზე. იმ შემთხვევაში, თუ დეონტოლოგია ქმედებას მორალური წესების მიხედვით აფასებს, ხოლო კონსეკვენციალიზმის შემადგენელი უტილიტარიზმი შედეგის სიკეთისმომტანობაზე, სიქველის ეთიკის მიმდევარი კარგ ქმედებად სხვა ადამიანის დახმარებას, სიკეთის, გულწრფელობისა და სიქველის გამოჩენას მოიაზრებს.
სიქველის ეთიკა შედგება ორი კონცეფციისგან, კერძოდ, სიქველისა და პრაქტიკული სიბრძნისგან.
თვითონ სიქველე არის ის, რაც ადამიანს კარგი თვისებების მქონედ წარმოაჩენს. ასეთი ადამიანი მორალთან ჰარმონიაშია. სიქველის ეთიკის ღირებულებებად შეგვიძლია სხვადასხვა რამ დავასახელოთ, მაგალითად: ემპათია, სითამამე, გულუხვობა, გულწრფელობა და ა. შ.
თუმცა შესაძლებელია, რომ სწორედ აღნიშნული ღირებულებების გამალებულმა დაცვამ გამოიწვიოს არასწორი მორალური გადაწყვეტილების მიღება სიქველის ეთიკასთან მიმართებით და ადამიანმა სიქველის მაქსიმალურ პოტენციალს ვერ მიაღწიოს იმ შემთხვევაში, თუ არ ექნება მორალური, პრაქტიკული სიბრძნე, რომელსაც მეორენაირად მოიხსენიებენ, როგორც “phronesis”. ეს ნათლად გამოიხატება ტყუილის მაგალითზე. როგორც უკვე ვახსენეთ, დეონტოლოგია სიქველის ეთიკისგან განსხვავდება, იგი ორიენტირებულია მხოლოდ ქმედებაზე, შესაბამისად, თვითონ ტყუილს, როგორც ქმედებას, განურჩევლად მიზნისა და კონტექსტისა აღიქვამს გაუმართლებლად, ხოლო სიქველის ეთიკა, მართალია, ადამიანს, ერთი მხრივ, მოუწოდებს, რომ იყოს გულწრფელი, თუმცა ამის დაცვამ შესაძლოა ხელყოს სხვა სიქველიდან გამომდინარე ღირებულება, კერძოდ, ისეთი ტყუილის თქმისას, როდესაც მიზანი წარმოადგენს უსიამოვნო სიმართლის დამალვით სხვისი ტკივილის მიყენებისგან დაცვას. ამ შემთხვევაში სიქველის ეთიკა მიზანშეწონილად მიიჩნევს ტყუილის თქმას კეთილმოსურნეობის გათვალისწინებით, რათა აცილებული იყოს სხვა ადამიანის ემოციური გრძნობების ხელყოფა. ამის გარდა, სიქველის ეთიკის ერთ-ერთი გავრცელებული ღირებულება - სითამამე ასევე შესაძლებელია გახდეს მორალურად გაუმართლებელი შედეგის გამომწვევი მიზეზი, თუ აღნიშნული გადამეტებით იარსებებს, მაგალითად, კრიმინალური ბუნების ადამიანში, რომლისთვისაც სამომავლო დანაშაულებისთვის ხელშემწყობი თვისება გახდება იგი. სწორედ ამიტომ სიქველის ეთიკაში არსებობს პრაქტიკული სიბრძნის კონცეფცია, რომლის თანახმადაც ადამიანს ცხოვრებაში, დროის მსვლელობასთან ერთად და გამოცდილებებისა და ცოდნის დაგროვების პარალელურად უჩნდება უნარი, რომ უფრო ეფექტურად, სწორად შეაფასოს სიტუაციები და მორალურად გამართლებული გადაწყვეტილება მიიღოს. აქედან გამომდინარე, ბავშვი, რა თქმა უნდა, გამოცდილების ნაკლებობის გამო მოსალოდნელია, რომ უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს, ვიდრე ზრდასრული ადამიანი, რომელიც პრაქტიკული სიბრძნის საშუალებით შეძლებს, ყურადღება გაამახვილოს სიტუაციის შედარებით რელევანტურ და მნიშვნელოვან დეტალებზე, გადაახარისხოს ღირებულებები და შეუსაბამოს ისინი სპეციფიკურ და ინდივიდუალურ შემთხვევებს იმდაგვარად, რომ საბოლოოდ მიიღოს მორალურად და სიქველის ეთიკურად სწორი არჩევანი.
აქედან გამომდინარე, სიქველის ეთიკა არის მთლიანად სიქველეზე დაფუძნებული ეთიკა, რომელიც ხასიათდება მაღალი მორალური სტანდარტებით. მის მიერ მოცული ისეთი ღირებულებები, რომლებიც, ერთი შეხედვით, უვნებელი და მორალურად კარგი ხასიათის მატარებლად შეიძლება მოგვეჩვენოს, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება რეალურად წარმოადგენდეს არასწორი გადაწყვეტილებისა თუ ცუდი, მოცემული ეთიკისთვის შეუსაბამო, შედეგის გამომწვევი მიზეზები, რომლის მაგალითებიც ზემოთ უკვე მოვიყვანე.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.