საზოგადოების თითოეული წევრი ყოველთვის ხელმძღვანელობდა და ხელმძღვანელობს წესებით. მოცემული წესები არ არის აუცილებელი, რომ იყოს კოდიფიცირებული და ვინმეს მიერ დაწერილი. არც ის არის აუცილებელი, რომ ეს წესი უნივერსალური იყოს, რადგან ინდვიდები განვსხვავდებით ერთმანეთისაგან და გვაქვს სხვადასხვა შინაარსის ღირებულება. სწორედ აქედან გამომდინარე საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილი და თავდაპირველად აბსოლუტური უმრავლესობა, როდესაც ვერ ხსნიდა კონკრეტულ მოვლენებს, მას მიაწერდა გარკვეულ ზებუნებრივ ძალებს. ვფიქრობ, აქედან გამომდინარე შეიქმნა ღმერთის იდეა და მისი ყოვლის შემძლეობის. მოცემული იდეა კავშირშია ბუნებით სამართალთან, რადგან ბუნებითი სამართლის ფუძემდებლური პრინციპი არის ის, რომ ღმერთმა თანდაყოლილად მისცა ადამიანს უნარი გაარჩიოს კარგი და ცუდი.
მოცემული იდეა ერთი შეხედვით ძალიან კარგია და უპრობლემოა, მაგრამ რა ხდება მაშინ როდესაც საქმე საკითხის მიმართ კრიტიკულ აღქმას ეხება. ფილოსოფიის ძირითადი აზრი არის ის, რომ გაჩნდეს რაც შეიძლება ბევრი კითხვისნიშანი და ამ კითხვებზე გაეცეს ლოგიკური და თანმიმდევრული პასუხები. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს არ სჯერა ღმერთის. რატომ უნდა დაიჯეროს მან ის, რომ ღმერთმა განსაზღვრა თუ რა არის კარგი და მან სწორედ იმას უწოდა კარგი, რაც რეალურადაც ასეა. ადამიანისთვის, რომელსაც მსგავსი სახის რწმენა აქვს, ადვილია მისდიოს ბუნებითი სამართლის წესებს, მაგრამ რთულია, როდესაც საქმე ეხება ღმერთის არსებობაში დაეჭვებულ ადამიანს. მოცემული საკითხი არის ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რომელზეც კონკრეტული პასუხები არ არსებობს არც ბუნებითი სამართლის ფარგლებში. ვფიქრობ, რომ უფრო კონკრეტული და არაბუნდოვანი ცნებების ფარგლებში უკეთესად შეიძლება აიხსნას ის, რასაც ბუნებითი სამართალი მიაწერს ზებუნებრივ ძალას. თუ ზებუნებრივმა ძალამ შექმნა ის, რაც ობიექტურად ჭეშმარიტია, თავად ამ ძალას საიდან გააჩნია ის უნარი, რომ შექმნას მსგავსი ობიექტური ჭეშმარიტებები.
მოცემული იდეოლოგიის ფარგლებში არსებობს რამდენიმე ძირითადი პრინციპი, რასაც იგი უშუალოდ ეფუძნება. ეს პრინციპებია: 1. სიცოცხლე 2. გამრავლება 3. განათლება 4. ღმერთის ძიება 5. საზოგადოებაში ცხოვრება. მოცემული პრინციპები ერთი შეხედვით ის პრინციპებია, რომლებსაც ყველა ვთვლით, რომ უნდა იყოს ცხოვრებაში დაფუძნებული. მაგალითად, სიცოცხლის იდეიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სიცოცხლე მნიშვნელოვანია, ჩვენ ადამიანები ვგავართ ერთმანეთს და შესაბამისად სხვა ადამიანების სიცოცხლეც მნიშვნელოვანია. სწორედ ამ ლოგიკური ჯაჭვიდან გამომდინარე მივდივართ იქამდე, რომ სხვა ადამიანის მოკვლა აკრძალულია. Მსგავსადაა შესაძლებელი ნებისმიერი პრინციპიდან გამოვიდეთ და დავადგინოთ წესები, რომლებიც ბუნებითი სამართლის წესებადაა აღქმული. აქ ერთი პრობლემა არის ის, რომ თუ ადამიანს ღმერთის არსებობის არ წამს, შესაბამისად იგი არც ამ პრინციპებს არ იზიარებს. სწორედ მსგავს კრიტიკას ემსახურება დევიდ ჰიუმის მოსაზრება, რომ სიცოცხლისაკენ მისწრაფება შეიძლება იყოს ასევე ცუდი შედეგების გამომწვევი. მაგალითად მოკლა სხვა ადამიანი იმისათვის რომ გადაირჩინო თავი. ან თუნდაც რეპროდუქციისაკენ მისწრაფება შეიძლება ცუდ შედეგებსაც გვაძლევდეს, რადგან ადამიანები ამას იყენებენ ცუდად და ახორციელებენ სხვადასხვა ამორალურ ქმედებას, როგორიცაა სექსუალური ძალადობა.
მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს ბუნებითი სამართლის დადებითი მხარეც, რომელიც თავისი შინაარსით ნებისმიერი სახის უმართლობას ეწინააღმდეგება. მაგალითად პრინციპი, რომ მნიშვნელოვანია განათლება უკავშირდება პროგრესს და მისი ინტერპრეტირება ვერ მოხერხდება უარყოფით კონტექსტში. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, სიცოცხლის დაცვის პრინციპიდან გამომდინარე მივდივართ იმ წესამდე, რომ აკრძალულია ადამიანის მოკლვა. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ბუნებითი სამართალი თავისი შინაარსით გარკვეულ ობიექტურ ჭეშმარიტებებს აღწერს, მაგრამ პრობლემებს აქაც ვაწყდებით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.