ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ გაუგია საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ადამიანის მკვლელობის შესახებ. ჩვენ ხშირად ვისმენთ ძალიან მძიმე ფაქტებზე, რომლებიც თითქოს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილიც კი გახდა.
ადამიანები, როდესაც ვიგებთ გარკვეულ ფაქტებზე, როგორც უკვე მომხდარ მოცემულობაზე, მას უსიტყვოდ ვიღებთ. შესაძლოა, ზოგჯერ ვწუხდებით მისი მოსმენით, თუმცა მოგვიანებით ესეც გვავიწყდება.
პირობითად, განვიხილოთ ასეთი შემთხვევა - ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ ხანდაზმულმა ადამიანმა ქუჩაში სიცოცხლე მოუსწრაფა ახალგაზრდა კაცს. რა იქნება ამ შემთხვევაში მსმენელის რეაქცია? - ბუნებრივია ის შეწუხდება, ალბათ გაბრაზდება კიდეც, რადგან შედეგად ახალგაზრდა ადამიანი მივიღეთ მსხვერპლად. ამ კუთხით საინტერესო იქნება განვიხილოთ, თომა აქვინელის ან სხვა ბუნებითი სამართლის მხარდამჭერი ფილოსოფოსის მოსაზრება.
ბუნებითი სამართალი, ყველაზე უნივერსალურად რომ განვმარტოთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ადამიანის ზნეობას, შინაგან მოძრაობაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, უზენაესად აყენებს. აღნიშნულ შემთხვევაშიც ბუნებითი სამართლის მიმდევარი უპირველესად დაინტერესდებოდა იმით, თუ რამ გადააწყვეტინა ხანდაზმულ ადამიანს ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობა. თუ ის იმ დასკვნამდე მივა, რომ ეს ადამიანის წინასწარგანზრახული ქმედება იყო, სავარაუდოდ, მის ამ გადაწყვეტილებას დაიწუნებს და მკვლელის ქმედებას გაკიცხავს.
მიუხედავად ამისა, საინტერესოა, რა მოხდებოდა მაშინ თუ აქვინელი შეიტყობდა, რომ ხანდაზმულმა ადამიანმა მკვლელობით მოძალადის მოგერიება შეძლო, ხანდაზმულს კი არ ჰქონდა სხვაგვარად მოქცევის საშუალება?! ამ შემთხვევაში, აქვინელი უფროსი ასაკის ადამიანის მოქმედებას გამართლებულად მიიჩნევდა. მისთვის მთავარი ხომ ისაა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანის შინაგანი ბუნების ნაყოფი იქნებოდა, მორალური და ზნეობრიობასთან ახლოსმდგომი ყოფილიყო. აქვე, გასათვალისწინებელია ისიც თუ სად ავლებს ბუნებითი სამართალი ადამიანის შინაგან ბუნებასა და მისი მხრიდან მოქმედების შედეგს შორის ზღვარს.
ამ ფილოსოფიური მიმდინარეობისთვის, განსხვავებით, მაგალითად, კონსეკვენციალიზმისგან, ადამიანის ქმედების შეფასების უმთავრესი კრიტერიუმი მხოლოდ მისი შედეგით ნამდვილად არ განისაზღვრება. ბუნებით სამართალში ჩვენ მეტად გვაინტერესებს ის თუ რა ხდება ადამიანის შიგნით, ვიდრე იმის შეფასება თუ როგორ გამოვლინდა ის ნებელობითი აქტის შედეგად. ამ მხრივ ბუნებითი სამართალი კონცენტრირდება ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე. ის მოქმედებასა და შედეგზე იქამდე არ იწყებს საუბარს, სანამ არ დარწმუნდება ეს ქმედება თუ რამდენად შეიძლება ზნეობრივად გამართლებული იყოს. ის ინდივიდის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უპირველესად მის შინაგან მდგომარეობას შეამოწმებს და მხოლოდ ამის შემდეგ იტყვის თუ რამდენად შეიძლება ამ მოქმედებას, მორალური გამართლება მოეძებნოს. აქვინელისთვის საკმარისი იქნებოდა იმისი ცოდნა, რომ ხადაზმული ადამიანის განზრახვა არ იყო ადამიანის მკვლელობა და ის მხოლოდ თავდაცვის მიზნით მოქმედებდა.
ბუნებითი სამართლის, უფრო ზუსტად თომა აქვინელის, ამ სახის მიდგომამ გამოაჩინა, რომ ის ფაქტების ზედაპირულ შეფასებას ერიდება. ის ჯერ იკვლევს ადამიანის მოქმედების მოტივაციას და შემდეგ აფასებს მისგან მომდინარე შედეგს. მისთვის ადამიანის ფსიქოლოგია კვლევის საგანია, რადგან შეუძლებელია კოგნიტური ეტაპის სრულყოფილად გაცნობის გარეშე მსჯელობა დავიწყოთ ინდივიდის მიერ გამოვლენილ ნებაზე. აღნიშნული ფილოსოფიური მიმდინარეობა ყოველთვის დასვამს კითხვას, რატომ? - მასზე პასუხის მიღების შედეგად კი გადაწყვეტს ესა თუ ის ქმედება რამდენად ზნეობრივია და მორალურ ღირებულებებს შეესაბამება.
აქვე, შესაძლებელია წამოიჭრას ერთი პრობლემური საკითხი. კერძოდ, თუ რამდენად შეიძლება კარგი მოტივით, თუმცა ცუდი ხერხით ჩადენილი ქმედება მორალურად გამართლდეს. მაგალითად, თუ ადამიანი არაპროპორციულ ძალას იყენებს მოძალადის მიმართ და მას იმაზე მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე ეს უმჯობესი იქნებოდა. ამ შემთხვევაშიც უმთავრესი იქნება ადამიანის მოტივაციას შევხედოთ, რომელიც საერთო „კეთილი“ განზრახვის არსებობის შემთხვევაშიც კი გადაწონის იმ არაპროპორციული საშუალების გამოყენების მორალურ ასპექტს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.