ENG GEO

Search form

არის თუ არა ბუნებითი კანონები ყველასთვის ერთნაირი?

ბუნებითი სამართალი არის თეორია ფილოსოფიაში, რომლის მიხედვითაც, სწორი და არასწორი ქმედების აღქმა პიროვნებაში არის თანდაყოლილი და ამას არ განსაზღვრავს საზოგადოებაში თანაცხოვრება. უნივერსალურ პრინციპებს, რომელზეც ბუნებითი სამართალი საუბრობს, ადამიანი აღმოაჩენს თანდათან, ცხოვრების განმავლობაში, როდესაც არჩევანს აკეთებს მისთვის მისაღებ და მიუღებელ ქმედებას შორის. ბუნებითი სამართლის ამ გაგების თანახმად, მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ არის ის, შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ბუნებითი კანონები და ზოგადი პრინციპები, რაზეც ეს თეორია საუბრობს, ყველა ადამიანისთვის ერთია.
ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა არსებობდეს ორი განსხვავებული ვერსია. შევეცდები , თითოეული განვიხილო. ერთი მხრივ, საკმაოდ საკამათოა, თუ ზოგადი წესები და პრინციპები ადამიანისთვის თანდაყოლილია, რამდენად შეიძლება ნიშნავდეს ეს ფაქტი იმას, რომ ყველასთვის ეს წესები ერთნაირია. შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ადამიანის აღქმა სწორსა და არასწორს შორის ყველასთვის ერთნაირია? ვფიქრობ, რომ ვინაიდან ბუნებითი სამართლის თეორიის მიხედვით ზოგადი წესები არ ყალიბდება საზოგადოებასთან ურთიერთობის გზით და არის თანდაყოლილი, შეიძლება ერთი შეხედვით ბევრმა ადამიანმა სწორედ ასე იფიქროს. ამ მოსაზრებას ეთანხმებოდა ისიდორეც, რომელიც სწორედ იმას ამბობდა, რომ ბუნებითი კანონები ყველა ერისთვის ერთნაირია. იმისათვის, რომ ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ნათლად წარმოჩნდეს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საწინააღმდეგო მხარის ზოგადი არგუმენტების განხილვაც.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ბუნებითი სამართალი მოიცავს ყველაფერს, რისკენაც ადამიანი მიდრეკილებას განიცდის. ერთ-ერთი ზოგადი პრინციპი ამ უკანასკნელისა კი არის ის, რომ პიროვნება მოქმედებს მიზეზის შესაბამისად. მის ნებისმიერ ქმედებას ინდივიდუალური გამართლება შეიძლება მოეძებნოს. თუმცა თუ ვიტყვით, რომ ბუნებითი კანონები მოიცავს ადამიანის მიდრეკილებებს, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ასევე სტატიის ავტორის მოსაზრებაც , რომელიც ფიქრობს, რომ სხვადასხვა ადამიანს შეიძლება სხვადასხვა მიდრეკილება ჰქონდეს, როგორიც არის მაგალითად სიამოვნება, პატივისცემა და ასე შემდეგ. . გარკვეულწილად ვფიქრობ, რომ ეს მოსაზრება მეტად დასაბუთებულია, ვინაიდან თუ ვიტყვით, რომ ბუნებითი სამართლის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ადამიანმა გონივრულად და მიზეზის შესაბამისად უნდა იმოქმედოს, მიზეზი შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა ადამიანისთვის და შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ზოგადი პრინციპები შესაძლოა ერგებოდეს საზოგადოების წევრების უმეტესობას, თუმცა რაც უფრო მეტად დავუკვირდებით, უფრო მეტ ხარვეზს და გამონაკლისს აღმოვაჩენთ. მიმაჩნია, რომ ყოველთვის იარსებებს გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც შევძლებთ ვთქვათ, რომ ყველასთვის ეს კანონები არ არის ერთნაირი ,მიუხედავად იმისა, რომ ისინი თანდაყოლილია.
ჩემი მოსაზრების გასამყარებლად ვფიქრობ ასევე საინტერესო იქნება აღინიშნოს მაგალითიც, რომელიც იულიუს კეისარს აქვს განხილული. ეს ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქურდობა ბუნებითი კანონების საწინააღმდეგოა, გერმანელები ამ უკანასკნელს მაინც დასაშვებად მიიჩნევდნენ. თუ იმას ვიტყვით, რომ ქურდობის დაუშვებლობა არის ბუნებითი კანონი, გამომდინარეობს, რომ ქურდობა დაუშვებელი უნდა იყოს მთელი საზოგადოების თითოეული წევრისათვის,ვინაიდან ბუნებითი კანონი ყველა ადამიანისთვის ერთნაირია, რადგან თანდაყოლილია. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ამ მაგალითის საფუძველზეც შეიძლება ითქვას, რომ ის დაშვება, რომ ბუნებითი კანონები ყველასთვის ერთნაირია, არის ძალიან ზოგადი,შესაბამისად, ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე, ვფიქრობ, რომ საუკუნეების განმავლობაში უამრავი ისეთი მაგალითის გახსენება შეიძლება, რომელიც საწინააღმდეგოს დაამტკიცებს და იპოვის გამონაკლისს ზოგადი წესიდან.
შესაბამისად, განხილული არგუმენტების საფუძველზე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი აზრით, არასწორი იქნება იმის დაშვება, რომ ზოგადი პრინციპები, რომლებზეც ბუნებით სამართალში არის საუბარი, ყველასთვის ერთნაირია. ამ დაშვებით, ვფიქრობ, აზრი დაეკარგება იმაზე საუბარს, რომ ადამიანი საკუთარი მიზნის და მიზეზის შესაბამისად მოქმედებს, ვინაიდან ეს უკანასკნელი შეიძლება სხვადასხვა პირისთვის სხვადასხვა იყოს.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.