ENG GEO

Search form

Is eudaimonia achieved through living virtuously?

რა არის ადამიანის მიზანი და როგორ შეიძლება მივაღწიოთ მას? ეს ის კითხვებია რომელსაც არისტოტელე თავის ნაშრომში „ნიკომაქეს ეთიკა“ განიხილავს.

არისტოტელეს მიაჩნდა, რომ ყველაფერს თავისი ფუნქცია და საბოლოო მიზანი აქვს, რისი მიღწევის შედეგადაც თვითონ ეს საგანი საკუთარ სიკარგეს აღწევს. მაგ. სკამი კარგია თუ ის თავის ფუნქციას - ჩამოჯდომისას კარგი საყრდენი იყოს ადამიანისთვის, კარგად ასრულებს. ასევეა ადამიანიც, მასაც გააჩნია თავისი მიზანი. შესაბამისად, ადამიანის სიკარგეც მსგავსად მიიღწევა როდესაც ადამიანი თავისი ფუნქციის, ბუნების შესაბამისად მოქმედებს. არისტოტელეს მიაჩნდა რომ ადამიანის საბოლოო მიზანს წარმოადგენდა ბედნიერების მიღწევა, მდგომარეობა როცა ადამიანი სრულად აღწევს სრულყოფილ ცხოვრებას (Eudaimonia).  სწორედ მისი მიღწევისთვის უნდა იყოს ადამიანის ცხოვრება მიმართული.

მაგრამ რა არის ადამიანის ფუნქცია რის შესაბამისად მოქმედებისასაც მიიღწევა ბედნიერება?

არისტოტელეს ფილოსოფია ბედნიერებას თვით ადამიანის მოქმედებას მის აზროვნებას უკავშირებს და არ მიაჩნია ბედის თუ ღმერთის ბოძებულად.  შესაბამისად, ბედნიერება ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა, ის მდგომარეობს ღირსეულად, სათნოების შესაბამის მოქმედებაში. ეს მოითხოვს ადამიანის რაციონალური და კოგნიტური ასპექტების  რეგულარულად განხორციელებას.

იმისათვის, რომ ადამიანმა ღირსეულად იცხოვროს მან ოქროს შუალედი უნდა იპოვოს ორ უკიდურესობას შორის.  ანუ სიტუაციაზე ღირსეულად საპასუხოდ ადამიანს უნდა ჰქონდეს სწორი რეაქცია  არც გადაჭარბებული არც დეფიციტური. მაგ. სიმამაცე რომელიც ოქროს შუალედს წარმოადგენს ზღვარგადასულ გამბედაობას და სიმხდალეს შორის.

შესაბამისად, არისტოტელეს აზრით, ღირსეულად მოქმედება- განსხვავებულ სიტუაციებში ორ რადიკალურს შორის ოქროს შუალედის პოვნა, წარმოადგენს ბედნიერების მიღწევის საშუალებას.

შეიძლება პრაქტიკაში წინააღმდეგობას წავაწყდეთ- ზოგიერთი ქმედება შეიძლება ღირსეული იყოს, მაგრამ ის ხელს არ უწყობდეს ადამიანს მიაღწიოს კარგ ცხოვრებას. ადამიანის მიერ ღირსეულად მოქმედება მოითხოვს დიდ ენერგიას. მაგ. ადამიანი რომელიც თავისი დროის დიდი ნაწილს სხვების დახმარებას უთმობს პრობლემების გადაჭრაში დასახმარებლად. ამგვარ ადამიანს რომელიც სხვების დასახმარებლად შრომობს ეზღუდება თუ არა შესაძლებლობა მიაღწიოს ცხოვრების საბოლოო მიზანს- ბედნიერებას და კარგ ცხოვრებას?

მაგრამ ზნეობრივ ადამიანს ისეთი ღირსეული თვისებები აქვს, როგორიც არის სულგრძელობა, სიბრძნე, კეთილშობილება, თავდაჭერილობა, სიმამაცე- სწორედ ამ თვისებებს იძენს ის, როდესაც  ოქროს შუალედში მოქმედებს სხვადასხვა სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღებისას. ასეთი ადამიანები კი სიამოვნებას იღებენ თუ საკუთარი კეთილდღეობის ფასად სხვას სიკეთეს უკეთებენ. ბედნიერებას იღებენ საქველმოქმედო საქმიანობიდან და სხვა კეთილშობილური და ღირსეული საქმეების კეთებისგან. შესაბამისად, სათნო ქმედება ამავდროულად არის ბედნიერება.

ან თუნდაც, ამგვარი წინააღმდეგობის გადასაჭრელად შეიძლება ითქვას რომ თუ ადამიანი არაგონივრულ დროს ხარჯავს სხვების დასახმარებლად, ამგვარი ადამიანი არ არის სულგრძელი, გულუხვი და საერთოდაც არ მოქმედებს ოქროს შუალედში.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.