ბუნებითი სამართალი კოსმიურ წესრიგს ეფუძნება. თომას აკვინელი სამართალს განმარტავდა, როგორც საზოგადო სიკეთეს, რომელიც იმ წესრიგზეა დაფუძნებული, რომელიც ძალაუფლების მქონეთაგან ბრძანებით იქმნება. სწორედ წესრიგი და წინდახედულებაა ბუნებითი სამართლის ცენტრალური კონცეფციები, რომელთაც საბოლოოდ ადამიანი და მისი ქცევა ქმნის. ადამიანი ცვალებადია, შესაბამისად, მისი ქცევაც სიტუაციურად იქცევა, შეიძლება მაღალი რაციონალურობით გამოირჩეოდეს, ან პირიქით, პირველყოფილურ ინსტიქტებს ეფუძნებოდეს. კოსმიური წესრიგის პირობებში ადამიანის ქცევა მხოლოდ რაციონალურია, ეფუძნება მორალს და მიზნად საკუთარი, კერძო და მეორე მხრივ, საზოგადო სიკეთის მიღწევას ისახავს.
ადამიანის ქცევა, დამოკიდებულება გარშემომყოფთა თუ თავისი შინაგანი სამყაროს მიმართ განსაზღვრულია ერთი მხრივ, მორალით, მეორე მხრივ კი მორალურობით. ადამიანის მორალურობა დამოკიდებულია და უკავშირდება მის გარშემო არსებულ ობიექტებს და სუბიექტებს, მხოლოდ თავისი თავით არ ამოიწურება. ბრძანებას დაქვემდებარებულ წესრიგის პირობებში ადამიანები თანასწორები უნდა იყვნენ, რათა შესაძლებლობები თანაბრად გამოავლინონ. თანასწორობა სწორედ მხოლოდ მაშინ იარსებებს სოციუმში, თუ ადამიანი საკუთარ თავში ეგოცენტრულ სულს მოკლავს და საზოგადო წესრიგის პირობებში სხვათა დაზიანების გარეშე იცხოვრებს. ეს ყოველივე ყველა მოუწესრიგებელი საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ორაზროვნებას და ქაოსს გამორიცხავს, წარმოაჩენს კოსმიურ წესრიგს, როგორც ბუნებითი სამართლის ფუძესა და მთავარ სიკეთეს.
საპირისპიროდ, რომ წარმოვიდგინოთ სამყარო, სადაც არ არსებობს წესრიგი, არ არსებობს ზემდგომი, რომელიც გასცემს ბრძანებებს და განსაზღვრავს, რა არის სასარგებლო, ადამიანი იქცევა სურვილისამებრ და ეგოცენტრული დაპირისპირება დღის წესრიგის ნაწილია, აქ აღარ არსებობს არც მორალი, არც წესრიგი და საბოლოო ჯამში არც უსაფრთხო გარემო, რომელშიც ადამიანს შეუძლია, იცხოვროს. ასეთ სისტემაში ადამიანს ყველაფერი შეუძლია, განუზომელია მისი ძალაუფლება, რაც, თავის მხრივ, სახიფათოც კი ხდება კერძო თუ საზოგადო სიკეთისთვის. მიუხედავად იმ მიდგომისა და შეხედულებისა, რომ ყველა ადამიანს ნებისმიერ პირობებში აქვს თავისი სუბიექტური მორალურობა, სწორედ ეს საკუთარი პრინციპები, იდეები და საბოლოო ჯამში მორალი შეიძლება აღმოჩნდეს საზიანო საზოგადო კეთილდღეობისთვის. აქედან გამომდინარეობს ზუსტად წესრიგის საჭიროება, რომელსაც განსაზღვრავს ერთიანი, ყველასთვის საერთო მოწესრიგება და იდეა, დაფუძნებული ძლევამოსილის ბრძანებაზე.
ბუნებითი სამართალი, როგორც კონცეფცია და დიდ იდეოლოგიათა საწყისი მომავალში, თავისი ცენტრალური ცნებებითა და ბუნებით კარგია თუ ცუდი? ან საიდან გაჩნდა ის წესრიგი, რომელსაც იგი უნდა ემყარებოდეს? ეს კითხვები არსებითია მის შესაფასებლად. წესრიგი სამყაროსთვის, ან როგორც ძველი ბერძნები მას ეძახდნენ, კოსმოსისთვის, აუცილებელია. წესრიგიც ქაოსისგან გაჩნდა, მას გამოეყო, როგორც მრავლისმომცველ მატერიას, რადგან იგი მეტად სასარგებლო და ძლიერი იყო და რადგან სწორედ მას შეეძლო სამყაროში მთავარი კვანძების გახსნა. სხვა მხრივ, შეიძლება ქაოსი საერთოდ არც არსებობდეს და არც არასდროს არსებობდა, ნამდვილი ქაოსის არსებობა შეუძლებელია.
ბუნებითი სამართალი ეძებს და პოულობს კავშირს მორალურსა და ამორალურს შორის, რომელსაც ბრძანებას დამორჩილებული წესრიგი განსაზღვრავს. რადგან, თავის მხრივ, ბუნებითი სამართალი ადამიანური ბუნების კვლევასა და საწყისი ინსტიქტების ჩახშობას მიემართება, მისი ეს დატვირთვა ბუნებრივიც ხდება. სწორედ წესრიგი, ხელისუფალის, მაღლა მდგომის ბრძანება მიუთითებს ადამიანს, რა სურვილი თუ მიდრეკილება დათრგუნოს, რა მიიჩნიოს მორალურად და რა პირიქით, ამორალურად. ეს განგრძობითი ძიება ჭეშმარიტების ძიებასაც მიემართება თავისი შინაარსით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.