ENG GEO

Search form

აკვინელის ორმაგი ეფექტის დოქტრინა და ევთანაზია

როგორც არისტოტელეს, თომა აკვინელსაც, იტალიელ თეოლოგსა და ფილოსოფოსს, სჯეროდა, რომ სამყაროში ყველაფერს აქვს თავისი ფუნქცია, რომლის მოქმედების შესაბამისადაც კარგ ადამიანებად ვყალიბდებით. ამის მიუხედავად, ადამიანებს გვჭირდება რაღაც გზამკვლევი, რომელიც ამ ფუნქციის შესრულებისკენ გაგვიძღვება. აკვინელის მიხედვით, სწორედ ამ მისიას კისრულობს ბუნებითი სამართალი. ადამიანები ვფლობთ შინაგან ღირებულებებს, რომლებიც არეგულირებენ ჩვენს აზროვნებასა და ქცევას. ბუნებითი სამართალი ამბობს, რომ სწორედ ამის შესაბამისად ყალიბდება ზოგადი პრინციპები, რომლებიც თანდაყოლილი და აბსოლუტურია. ასეთი პრიცნიპი, პირველ რიგში, არის ადამიანის სიცოცხლის პატივისცემა და დაცვა. მას მოჰყვება რეპროდუქცია და სხვა ძირითადი პრინციპები, რომელთა შესაბამისად მოქმედება გაგვისაზღვრავს ქმედების მორალურობას.

ამის მიუხედავად, თომა აკვინელი მიიჩნევს, რომ ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია მორალურად გამართლებული იყოს ძირითადი წესების დარღვევა. ეს ხდება მაშინ, როდესაც ქმედების ხასიათი ეხმიანება იმ ოთხ პრინციპს, რომლებსაც არეგულირებს ე.წ. ორმაგი ეფექტის დოქტრინა. მისი პრინციპების მიხედვით, პირველ რიგში ქმედება თავისი ბუნებით არ უნდა იყოს მორალურად არასწორი. ქმედების კარგი შედეგი არ უნდა წარმოადგენდეს მისი ცუდი შედეგის პირდაპირ ნაყოფს. მესამე პრინციპი ხაზს უსვამს იმას, რომ პირი კეთილი განზრავხით უნდა მოქმედებს. ამასთან ერთად, აუცილებელია, რომ მის მოქმედებას სერიოზული და თანაზომიერი მიზეზი (კარგსა და ცუდ ეფექტს შორის) განაპირობებდეს.

ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც ორმაგი ეფექტის დოქტრინის ფარგლებში აქტიურად განიხილება, არის ევთანაზია, ანუ უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტის სიკვდილის დაჩქარება, რათა მისი ტანჯვა და ტკივილი დასრულდეს. როგორც უკვე აღინიშნა, პირველი ძირითადი პრინციპი, რომელიც ბუნებითი სამართლიდან გამომდინარეობს, არის ადამიანის სიცოცხლის დაცვა. ევთანაზიის შემთხვევაში ადამიანისთვის სიცოცხლის შეწყვეტა წარმოადგენს მკურნალობის მეთოდს, რაც ნათელია, რომ ავტომატურად ეწინააღმდეგება ბუნებითი სამართლის პირველ პრინციპს. ეს ამ ქმედებას მორალურად გაუმართლებლად აქცევდა, მაგრამ როგორია მისი შესაბამისობა ორმაგი ეფექტის დოქტრინის პრინციპებთან?

ნათელია, რომ ორმაგი ეფექტის დოქტრინა ამართლებს კეთილი ხასიათის ქმედებას, რომელსაც გააჩნია ე.წ. ცუდი გვერდითი მოვლენა, თუ ეს უკანასკნელი განზრახული არ იყო. ევთანაზიის შემთხვევაში კარგ შედეგად უნდა მივიჩნიოთ პაციენტის ტკივილის შეჩერება, გვერდით მოვლენად კი მისი სიკვდილი. პირველი პრინციპის უნდა დავაკვირდეთ ქმედების განზრახულ შედეგს, რასაც ამ შემთხვევაში წარმოადგენს ტკივილის შეჩერება. ამაზე ყველა შევთანხმდებით, რომ კარგია, შესაბამისად, ქმედება, რომელიც მიმართულია ტკივილის შეჩერებისკენ თავისი ბუნებით სწორად უნდა ჩაითვალოს.

ამის მიუხედავად, პრობლემა წარმოიქმნება მეორე და მესამე პრინციპებთან შესაბამისობაში. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის, რომ ევთანაზიის შემთხვევაში, ადამიანის სიკვდილი იწვევს მისი ტკივილის შეჩერებას, ეს კი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ქმედების ცუდი შედეგი პირდაპირ იწვევს კარგი შედეგის დადგომას, რაც ორმაგი ეფექტის დოქტრინის პრინციპებს არ ექვემდებარება. ევთანაზიის მთელი არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პაციენტს სურს სიკვდილი, რადგან იცის, რომ სხვა გზით ტანჯვასა და ტკივილს ვერ დააღწევს თავს. შესაბამისად, ევთანაზიის არსი დოქტრინის ამ პრიცნიპს ვერ ეხმიანება.

რაც შეეხება განზრახვას, ეს გარკვეულ დილემას წარმოშობს. ერთი მხრივ, ექიმის განზრახვა არის პაციენტისთვის ტკივილის შემსუბუქება, რაც თავისი არსით კეთილი განზრახვაა. ამის მიუხედავად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პაციენტის სიკვდილი აბსოლუტურად მოსალოდნელია ექიმისთვის. ეს არაა ისეთი შემთხვევა, როგორიცაა პალიატიური მკურნალობა, როდესაც ექიმის განზრახვა დანამდვილებით ტკივილის შეჩერებაა. ამ გადმოსახედიდან ევთანაზია გამიზნული მკვლელობაა, რომელიც შესრულებულია იმ ადამიანის მიერ, ვინც პაციენტის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

მეოთხე პრინციპის ფარგლებში უნდა ვიკითხოთ: არის თუ არა ტკივილის შეჩერება სიცოცხლის მოსპობის თანაზომიერი? ამ დროს სიცოცხლის ხანგრძლივობას უპირისპირდება სიცოცხლის ხარისხი. შეიძლება არსებობდეს შემთხვევები, როდესაც სიცოცხლის ხარისხი იმდენად ცუდია, რომ სიკვდილი სარგებლის მომტანადაც კი მივიჩნიოთ. თუ ცხოვრების გაგრძელება პაციენტს, ტკივილისა და ტანჯვის გარდა, არაფერს სთავაზობს, მან შეიძლება გადაწონოს სიკვდილი.

ამის მიუხედავად, ნათელია, რომ ევთანაზია ორმაგი ეფექტის დოქტრინის ყველა პრინციპს არ ეხმიანება, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ ის მორალურად გაუმართლებლად უნდა მივიჩნიოთ. ამის მიუხედავად, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს გაუმართლებლობა, უპირველეს ყოვლისა, მოდის იმ იდეიდან, რომ სიკვდილი ყოველთვის ცუდია. ეს სადავოა, როდესაც სიკვდილი ადამიანის გადაწყვეტილებაა და თუკი არის იმის საშუალება, რომ მან თავი დააღწიოს ისეთ ცხოვრება, რომელიც არ სურს, გაუგებარია ამ ქმედების არასწორად მიჩნევა. 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.